Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღევანდელი დილის გადაცემაში ჩვენი რადიომსმენელი გაეცნო წინა კვირის რუსეთის პრესაში


გიორგი კაკაბაძე, თბილისი დღევანდელი დილის გადაცემაში ჩვენი რადიომსმენელი გაეცნო წინა კვირის რუსეთის პრესაში გამოქვეყნებულ ზოგიერთ წერილს, მათ შორის,

პანკისის პრობლემასთან დაკავშირებულ პუბლიკაციას. ამ თემაზე კიდევ ერთი წერილი დაიბეჭდა " ნეზავისიმაია გაზეტას" 13 თებერვლის ნომერში.

გაზეთის თქმით, "მიუხედავად საქართველოს დაზვერვის ხელმძღვანელის, გენერალ იოსელიანის მტკიცებისა, რომ ბოევიკთა რიცხვი პანკისში ძალიან უმნიშვნელოა, ამ შეხედულებას არ იზიარებს არა მხოლოდ რესპუბლიკის უშიშროების ხელმძღვანელი ვალერი ხაბურძანია, არამედ საქართველოში ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ფილიპ რემლერი, რაც გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია. ვაშინგტონელი დიპლომატის აზრით, დღეს პანკისში არიან არა მხოლოდ ჩეჩენი ბოევიკები, არამედ ავღანეთიდან გაქცეული რამდენიმე ათეული მოჯაჰედი. ბატონი რემლერის მონაცემებით, მოჯაჰედებმა უკვე დაამყარეს კონტაქტები ხატაბთან, რომელიც, თავის მხრივ, განაგრძობს ურთიერთობას ბინ ლადენთან."

"როგორც ჩანს, ესოდენ ავტორიტეტული წყაროს მიერ გაჟღერებულმა ვერსიამ მეტისმეტად დააფრთხო ოფიციალური თბილისი", - მიიჩნევს გაზეთი, რომლის თქმით, "როგორც ცნობილია, დღესდღეობით ძნელი არ არის, მოხვდე იმ სახელმწიფოთა რიცხვში, რომლებსაც ამერიკის შეერთებული შტატები "ბოროტების ღერძს" მიაკუთვნებს და, ამავე დროს, როგორც ჩანს, არავითარი, ასე ვთქვათ, ძველი დამსახურებები მხედველებოში არ მიიღება. მიუხედავად იმისა, რომ მთელი უკანასკნელი წლების განმავლობაში საქართველო ხაზგასმით გამოკვეთილ პროდასავლურ პოლიტიკას ატარებდა, ამას ვაშინგტონისათვის გული სულაც არ აუჩუყებია."

წერილის მიხედვით, ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი შეშფოთებულია პანკისში განვითარებული მოვლენებით, აგრეთვე, იმ გარემოებით, რომ "პანკისის ხეობა ქვეყნის ყველაზე კრიმინალურ კუთხედ გადაიქცა, რაც თვით საქართველოსაც უქმნის საფრთხეს."

შემდეგ გაზეთი წერს:

"გამჭვირვალე მინიშნება საკმაოდ სრაფად და სწორად იქნა აღქმული. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ თბილისი თანამშრომლობდა და ითანაშრომლებს ანტიტერორისტულ კოალიციასთან და, ამ მხრივ მზად არის, რომ, მეგობარ ქვეყნებთან ერთად, თავის ტერიტორიაზე ჩაატაროს საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ მიმართული ნებისმიერი ღონისძიება, თუ ამის აუცილებლობა წარმოიქმნება. არსებითად, ეს ნიშნავს თანხმობას პოლიციური ოპერაციის ინტერნაციონალიზაციაზე პანკისის ხეობაში, სადაც საქართველოს ძალოვანი სტრუქტურები არა მხოლოდ არიდებენ თავს უშუალო საბრძოლო კონტაქტებს ბოევიკებთან, არამედ მათგან საკმაოდ შორს დგომას ამჯობინებენ."

"ნეზავისიმაია გაზეტას" აზრით, "ასეთ ვითარებაში უპრიანი იქნებოდა იმის გახსენება, რომ ჩეჩნებისა და საერთაშორისო ბანდებთან დაპირისპირებაში საქართველოს შესაძლებლობების გათვალისწინებით, მოსკოვი არა ერთხელ სთავაზობდა თბილისს თავის დახმარებას, მათ შორის, სამხედროსაც. " მაგრამ პრობლემა ის არის, - აღნიშნავს გაზეთი, - რომ "თბილისის საკმაოდ გავლენიანი პოლიტიკური ძალები ცალსახად უარყოფდნენ მოსკოვთან რაიმე სამხედრო-პოლიტიკური თანამშრომლობის შესაძლებლობასაც კი. ეს იდეა იმდენად მიუღებელია საქართველოსათვის, რომ აქ დიდი ხნის განმავლობაში მთლიანად უარყოფდნენ ჩეჩენი ბოევიკების პანკისში ყოფნის თვით ფაქტსაც."

გაზეთი წერს, რომ "ამჟამად, როცა სათანადო განცხადებები გაისმის ოფიციალური ვაშინგტონის მხრიდან, ძველებურად იმის თქმა, თითქოს, მსგავსი არაფერი ხდება, შეუძლებელიც არის და სახიფათოც, ვინაიდან, როგორც ზემოთ აღინიშნა, შეიძლება გარიყული ქვეყნების რიცხვში აღმოჩნდე."

"ნეზავისიმაია გაზეტა" მიიჩნევს, რომ დღესდღეობით რუსეთი პოზიტიურად აფასებს დასავლეთის სამხედრო-პოლიტიკური გავლენის გაძლიერებას ცენტრალურ აზიაში და ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო ბაზების განლაგებას ამ რეგიონში. ამიტომ ლოგიკურია ვივარაუდოთ,- წერს გაზეთი, - რომ ამერიკელი დიპლომატის მიერ თბილისში გაკეთებული განცხადება მოსკოვისათვის სავსებით დამაკმაყოფილებელი იქნება. " ჯერერთი, ეს ნიშნავს, რომ ამერიკული მხარე ჩეჩენ ბოევიკებთან ბრძოლას განიხილავს როგორც გლობალური ანტიტერორისტული ოპერაციის ფრაგმენტს. მეორეც: საერთაშორისო ქვედანაყოფების შეყვანა საქართველოში ობიექტურად შეამსუბუქებს ჩრდილოეთ კავკასიაში არსებულ ვითარებას. დაბოლოს, ნატოს ძალების გამოჩენა საქართველოში ნებისმიერ შემთხვევაში გარდაუვალია და მხოლოდ დროის საკითხს წარმოადგენს."
XS
SM
MD
LG