Accessibility links

logo-print

პოლიტიკური მოძრაობა "დაბრუნება" დევნილთა ყრილობის რეალურ მიზნებს უღრმავდება


რა იყო ახლახან ჩატარებული დევნილთა ყრილობის მიზანი და რისთვის მიანიჭეს ასლან აბაშიძეს დევნილთა ნდობის მანდატი? ამ შეკითხვებზე პასუხის გაცემა მოძრაობა "დაბრუნებას" წარმომადგენლებმა სცადეს.

მათი მტკიცებით, დევნილთა ყრილობა, მთელი თავისი დრამატურგიის მიხედვით, რუსეთის და საქართველოს ხელისუფლების ერთობლივი სცენარით დადგმული ღონისძიება იყო და მიზნად აფხაზეთის საკითხთან დაკავშირებით მისაღები ცუდი გადაწყვეტილებისთვის დევნილთა მხარდაჭერის შეგებებას ისახავდა.

სანამ დევნილთა ყრილობა ასლან აბაშიძეს ნდობის მანდატს მიანიჭებდა, თვით ედუარდ შევრადნაძემ გამოხატა ინტერესი იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ დადგა დღის წესრიგში პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლისთვის დევნილთა მხარდაჭერის გამოცხადების საკითხი. ასლან აბაშიძის ირგვლივ დევნილთა გაერთიანების ასეთ მცდელობას პრეზიდენტმა ახსნა ვერ მოუძებნა, თუმცა აღნიშნა, რომ მასთან საუბრისას დევნილთა ყრილობის ძირითადი მიზნის გამო გაკვირვება აჭარის ლიდერსაც გამოუთქვამს.
ის, რაც პრეზიდენტმა და მისმა პირადმა წარმომადგენელმა თითქოსდა გაიკვირვეს, მოძრაობა "დაბრუნებას" წარმომადგენლებმა მარტივად ახსნეს. მალხაზ პატარაიას თქმით, პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის მხარდასაჭერად დევნილთა ყრილობის მოწვევა, ერთი შეხედვით, მართლაც ალოგიკური იყო, მაგრამ

[მალხაზ პატარაიას ხმა] "თუ მივადევნებთ თვალს აფხაზეთის საკითხს, ეს ალოგიკურობა სავსებით ლოგიკურ კონტურებს შეიძენს. იმდენად, რამდენადაც დღის წესრიგში დგას ძალზედ სერიოზული გადაწყვეტილების მიღება აფხაზეთის საკითხთან დაკავშირებით და, როგორც ჩანს, საჭიროა და საჭიროდ თვლის ხელისუფლება ახალ იმპულსებს."

კერძოდ, როგორც მალხაზ პატარაია ამბობს, დევნილები შეცდომაში შეიყვანეს. მათ მხარდაჭერა გამოაცხადებინეს ადამიანისთვის, რომლის ხელითაც აფხაზთა მხარესთან საქართველოს ინტერესებისათვის წამგებიანი შეთანხმება უნდა გაფრომდეს. მოძრაობა "დაბრუნებას" წარმომადგენელი რაულ კუპრავა აფხაზეთის პრობლემის მოწესრიგების პროცესში ასლან აბაშიძის აქტიურ ჩართვას ასე აფასებს:

[რაულ კუპრავას ხმა] "ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპზე, როცა მისაღებია რაიმე ძალიან სერიოზული გადაწყვეტილება, ედუარდ შევარდნაძე საქმეში რთავს ამა თუ იმ პიროვნებებს. ასე იყო დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობასთან მიმართებით, როცა გოგუაძე ჩართო საქმეში. შემდეგ, როცა ჟენევაში ძალიან ცუდი დოკუმენტები მზადდებოდა, მათზე ხელს აწერდა ჯაბა იოსელიანი. ჰო, კავსაძეც. ეს არის შევარდნაძის სტილი და სწორედ ამ თამაშში ჩაება ასლან აბაშიძეც. ამ ეტაპისთვის მან თავისი ნებით იტვირთა გოგუაძეობა და იოსელიანობა."

მოკლედ, მოძრაობა "დაბრუნებას" წევრები დარწმუნებულნი არიან, რომ ასლან აბაშიძისთვის პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის სტატუსის მინიჭება, ისევე როგორც დევნილთა ყრილობა, შევარდნაძის პოლიტიკის სისხლხორცეული ნაწილია და აფხაზეთის საკითხთან დაკავშირებით გაეროში მომზადებული დოკუმენტის ფართო სამსჯავროზე გამოტანის მოახლოებას უკავშირდება. მათი ინფორმაციით, პროექტში, რომლის საზოგადოებისთვის წარდგენაც პრეზიდენტს ასე ეშინია, აფხაზეთი სუვერენულ სუბიექტად განიხილება და ლაპარაკია ორ მხარეს შორის გასაფორმებელ შეთანხმებაზე, რომლის დარღვევის შემთხვევაშიც აფხაზთა მხარეს დე ფაქტოდ მოპოვებული დამოუკიდებლობის იურიდიული გაფორმება გაუადვილდება.
XS
SM
MD
LG