Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კავშირგაბმულობის ობიექტების გაყიდვას საშველი არ დაადგა


სააქციო საზოგადოება "საქართველოს ელექტროკავშირისა" და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება "საქართველოს ტელეკომის" აქციების გაყიდვა სახელმწიფომ ვერა და ვერ მოახერხა.

შარშან, ხსენებული ობიექტების პრივატიზების გზით, სახელმწიფო ბიუჯეტი 80 მილიონ ლარს მოელოდა, მაგრამ მისი ამაო მოლოდინი მასშტაბური სეკვესტრით დასრულდა. შარშანდელი მწარე გამოცდილების შედეგად, 2002 წლის ბიუჯეტში ეს ფუჭი ფინანსური იმედები აღარ გაუთვალისწინებიათ.

აზრთა მკვეთრი სხვადასხვაობის მიუხედავად, საქართველოს ქონების მართვის სამინისტრომ მაინც დაარწმუნა ფინანსთა სამინისტრო, რომ 2002 წლის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილში ნაკლებად მოსალოდნელი 80 მილიონი ლარის ჩადება აღარ ღირდა. სხვათა შორის, ოდნავ მოგვიანებით, ამ გადაწყვეტილების მართებულობა ქართულ მხარეს სავალუტო ფონდის მისიამაც დაუდასტურა.

ერთი სიტყვით, "საქართველოს ელექტროკავშირის" აქციათა 75%-ისა და "საქართველოს ტელეკომის" აქციათა 51%-ის გაყიდვას წელსაც მრავალი კითხვის ნიშანი დაუკავშირდება. ჯერ-ჯერობით ქონების მართვის სამინისტრო ბოლომდე გარკვეული არ არის, თუ რა გზას უნდა დაადგეს. მითუმეტეს, რომ შარშან ნაცადმა, ერთი შეხედვით, სწორმა გზამაც ვერ გაამართლა. საქმე ის გახლავთ, რომ 2 წლის განმავლობაში ძებნილმა და ძლივს ნაპოვნმა ფინანსურმა მრჩეველმა, გერმანულმა "კომერც ბანკმა" (რომელსაც "ელექტროკავშირისა" და "ტელეკომის" აქციათა გაყიდვის პროცესში შუამავლის როლი უნდა შეესრულებინა), საქმე ვერ დააგვირგვინა.

მიუხედავად იმისა, რომ გერმანული ბანკი მონდომებით ცდილობდა კავშირგაბმულობის ობიექტები პოტენციური ინვესტორების წინაშე ზედმიწევნით მიმზიდველად წარმოეჩინა და ამას უცხოეთის წამყვან ქვეყნებში სპეცვოიაჟებიც კი მიეძღვნა, მაინც არაფერი გამოვიდა. მართალია, შარშან, აგვისტოში, "საქართველოს ელექტროკავშირის" გასაყიდად გამოცხადებულ ტენდერს 12 საინტერესო კომპანია გამოეხმაურა, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ყიდვის სურვილი აღარც ერთს აღარ გამოუჩენია. ამასობაში, ყველაფერთან ერთად, მოქმედების ვადა გაუვიდა გერმანულ ბანკთან დადებულ ხელშეკრულებასაც და ქართული მხარე ფინანსური მრჩევლის გარეშეც დარჩა.

ქონების მართვის სამინისტრომ თავისი გადაწყვეტილება მსოფლიო ბანკს უკვე თებერვლის ბოლოს უნდა აცნობოს. მაგრამ იმისათვის, რომ აცნობოს, ცხადია, ჯერ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. როგორც მინისტრის მოადგილე გენო მალაზონია აღნიშნავს, მათ წინაშეა რამდენიმე ვარიანტი. კერძოდ, შესაძლებელია ისიც, რომ ქართულმა მხარემ გერმანულ ბანკს ხელშეკრულება გაუგრძელოს და პოტენციური ინვესტორების ძებნა-ძიება კვლავ მას დაავალოს, თუმცა სურს თუ არა ეს გერმანულ მხარეს, ჯერჯერობით უცნობია. მალაზონიას განცხადებით, სამინისტრო აგრეთვე ფიქრობს დამოუკიდებლად გამოაცხადოს ტენდერი, მაგრამ ასეთ შემთხვევაში პრობლემად პროცესის ფინანსური მხარის მოგვარება რჩება. ამ გაჭიანურებულ საკითხთან დაკავშირებული მესამე ვარიანტი "ტელეკომისა" და "ელექტროკავშირის" აქციათა პაკეტების ერთ კომპლექტად გაერთიანებასა და 40 მილიონ დოლარად გაყიდვას გულისხმობს.

თუმცა ამ ვარიანტს ბევრი ოპონენტი ჰყავს, რომლებსაც დიდი და საშიში მონოპოლიის შექმნის "სუნი სცემთ". ნაკლებ მისაღები, მაგრამ უკიდურეს შემთხვევაში გამოსადეგი ვარიანტის მიხედვით კი, ხსენებულ ობიექტებს საქართველო უცხოელ ოპერატორებს მართვის უფლებით გადასცემს. ჰორიზონტზე, თითქოს, ნორვეგიელები უკვე გამოჩნდნენ.

დარგის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ საქართველოს პრივატიზების პროცესის ასეთი გაძნელება ნამდვილად არ უნდა უკვირდეს, რადგანაც კავშირგაბმულობის ობიექტების მიმართ ინტერესი ბოლო წლების განმავლობაში მთელ მსოფლიოში საგრძნობლად შემცირდა.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG