Accessibility links

logo-print

აფხაზეთის პრობლემა და ქართული პოლიტიკის ლიდერები


სოხუმის დაკარგვიდან 8 წელიწადზე მეტი გავიდა, მაგრამ აფხაზეთის პრობლემის მოგვარების თუნდაც ტენდენცია არა და არ გამოჩნდა.

იმის გამო, რომ სახელმწიფო მისთვის ყველაზე მტკივნეულ საკითხს ვერ წყვეტს, აფხაზეთის პრობლემა პოლიტიკური სპეკულაციის საგანი ხდება.

1999 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ქართული პოლიტიკური სპექტრის ორი ყველაზე დიდი სეგმენტი - მოქალაქეთა კავშირი და აღორძინების კავშირი - ერთმანეთს დაუნდობლად დაუპირისპირდა. "ფრონტის ხაზი" პოლიტიკურ ორიენტაციაზე გაივლო. სწორედ მაშინ, არჩევნების წინ, "აღორძინებამ" აფხაზეთის თემა აიტაცა და შეეცადა, იგი საარჩევნო "კოზირად" ექცია. თუ თვალს გადავავლებთ 1999 წლის ზაფხულის პრესას და შემდგომ პერიოდში განვითარებულ მოვლენებსაც გავითვალისწინებთ, დავრწმუნდებით, რომ აფხაზეთის პრობლემას პირდაპირ უკავშირდება არა მისი მოგვარების მცდელობა, არამედ - ძალაუფლების მოპოვების და, გნებავთ, ძალაუფლების გადანაწილების ვნება.

აფხაზეთის პრობლემის გადაჭრის ზოგადი სქემა ვახტანგ რჩეულიშვილმა გამოაქვეყნა 1999 წლის 15 ივლისის "რეზონანსში" (ციტატა): "აფხაზეთის კონფლიქტი სამი მიმართულებით განვითარდა. თავიდან იყო უნდობლობა ცენტრსა და რეგიონს შორის; შემდეგ - ერთმანეთის ლანძღვა და, ბოლოს, ომი. პრობლემის მოსაწესრიგებლად ეს გზა პირიქით უნდა გავიაროთ. ომი დამთავრდა, უნდობლობის საკითხი კი სოხუმსა და ბათუმს შორის შედარებით მოგვარებულია, ვიდრე ცენტრთან. ამიტომაც ვამბობ, რომ აბაშიძეს მეტი ბერკეტი გააჩნია ურთიერთობის დასარეგულირებლად. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ აჭარისა და აფხაზეთის დაახლოება პრორუსული ორიენტაციის გამო ხდება."

სოციალისტების ლიდერს პრორუსული ორიენტაცია შემთხვევით არ უხსენებია. საარჩევნო ბლოკი "საქართველოს აღორძინება" საგანგებოდ ცდილობდა, რომ აფხაზეთის პრობლემის მოწესრიგებაში ასლან აბაშიძის როლი რუსულ ვექტორს არ დაჰკავშირებოდა. შესაბამისად გადანაწილდა როლებიც. იმის გამო, რომ აკაკი ასათიანი სისტემატურად პროდასავლური ხასიათის განცხადებებს აკეთებდა, აფხაზეთის ხელისუფლებასთან დიალოგი სწორედ მან იტვირთა. 15 ივლისს "რეზონანსში" ზვიად ფოჩხუა წერდა: "სოხუმიდან ბათუმისკენ გზა აკაკი ასათიანმა უნდა გაჭრას. მან განაცხადა, რომ აგვისტოს დასაწყისში მოლაპარაკებებს გამართავს აფხაზურ მხარესთან, თუმცა, არ ისურვა დიალოგის მონაწილეთა ვინაობის გამხელა. ასათიანის ინფორმაციით, ამ შეხვედრაზე, რომელიც სოხუმში ან ბაქოში გაიმართება, ხელი მოეწერება დოკუმენტს მხარეთა დაახლოების შესახებ."

17 ივლისს გაზეთში "დრონი" აჭარა-აფხაზეთის თემა ერთი არსებითი დეტალით შეივსო. ციტატა დავით ავალიშვილის სტატიიდან: "არძინბა თანახმა იქნება, შეხვდეს აკაკი ასათიანს იმ შემთხვევაში, თუკი, საქართველოს ხელისუფლების ინიციატივით, ბაქოშივე მოეწყობა არძინბას შეხვედრა ჰეიდარ ალიევთან. ფაქტობრივად, სეპარატისტთა ლიდერმა ედუარდ შევარდნაძის შანტაჟირება დაიწყო: თუ იგი ხელს არ მოაწერს არძინბასათვის ხელსაყრელ დოკუმენტებს, მაშინ არძინბა გამართავს რამდენიმე დემონსტრაციულ შეხვედრას აბაშიძესთან".

19 ივლისს ბათუმურ-სოხუმური დიალოგის შესახებ სტატიას ბეჭდავს "ახალი თაობა". შეხვედრის ადგილად ისევ ბაქო სახელდება, დელეგაციის ხელმძღვანელად კი - ისევ აკაკი ასათიანი. აქვე ქვეყნდება თავად ასათიანის მოსაზრება (ციტატა): "არძინბა და ძმანი მისნი ასლანის ხათრით რამეს დათმობენ, რადგან აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი ასლან აბაშიძის მიმართ დიდი სიმპათიით და ნდობით არის გამსჭვალული".

8-14 ივლისის "ახალ საქართველოში" აკაკი ასათიანი თავის პოზიციას უფრო მკვეთრად გამოხატავს (ციტატა): "უპირველესად, უნდა მოგვარდეს ურთიერთობა აფხაზებთან. უნდა წავიდეთ კომპრომისზე, მათ კი უნდა დათმონ დამოუკიდებლობის მოთხოვნა და ჩასხდნენ კონსტიტუციურ ჩარჩოში. ამ ხელისუფლებასთან არ დათმობენ, ჩვენთან კი დათმობენ... აი, ასე!"

ეს ბოლო - თავისთავად, არაფრის მთქმელი - ფრაზა საუკეთესოდ ასახავს დაპირისპირების სულისკვეთებას. თითქოს, აფხაზეთის პრობლემა უნდა მოგვარდეს არა თავისი მნიშვნელობის გამო, არამედ - ხელისუფლების ჯიბრზე და შევარდნაძის ნების საწინააღმდეგოდ.

1999 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სამ წელიწადზე მეტი გავიდა და დღეს უკვე ცხადია, რომ "აღორძინების" წინასაარჩევნო ინიციატივები ჩირადაც არ ღირდა. არჩევნების შემდეგ აფხაზებთან დიალოგი აღარავის გახსენებია მანამ, სანამ არ დადგა დრო, როდესაც საკითხი თავიდან უნდა გააქტიურდეს - ოღონდ, ახალი სცენარით. აკაკი ასათიანი უკვე "სხვა მოედანზე" თამაშობს და ასლან აბაშიძეც ინიციატივას საკუთარ თავზე იღებს.

მორიგი საპარლამენტო არჩევნების წინ აჭარის ლიდერი პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელია აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგების საკითხში. მაგრამ აბაშიძისთვის განა საკმარისია შევარდნაძის ნდობის მანდატი? სინამდვილეში, ისინი ხომ ერთმანეთს არ ენდობიან?! 1999 წელიც ორივეს ახსოვს. ამიტომ, აბაშიძე პრეზიდენტისგან იღებს ოფიციალურ სტატუსს, ხოლო ნდობის მანდატს იღებს ლტოლვილებისგან. ახლა აჭარის ლიდერი გაცილებით უკეთ არის აღჭურვილი, ვიდრე ოდესმე.
XS
SM
MD
LG