Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შევარდნაძემ ეკონომიკაში გარდამტეხი პროცესები შენიშნა


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი იანვრის თვის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულებამ საქართველოს პრეზიდენტს მორიგი ოპტიმისტური განცხადების გაკეთების საბაბი მისცა.

ორშაბათის ტრადიციულ რადიოინტერვიუში ედუარდ შევარდნაძემ მოსახლეობას ახარა, რომ ეკონომიკაში გარდამტეხი პროცესები შენიშნა. რამდენად საფუძვლიანია პრეზიდენტის ოპტიმიზმი, ამის შესახებ ზაზა გაჩეჩილაძე გესაუბრებათ.

საქართველოს ეკონომიკაში გარდატეხა დაიწყო, რომელმაც უნდა უზრუნველყოს კრიზისის საბოლოო დაძლევა, - განაცხადა 18 თებერვლის რადიოინტერვიუში პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ.

ქვეყნის პირველი პირის მორიგი ოპტიმიზმის საფუძველი, ალბათ, პირველ რიგში, იანვრის თვის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულება გახდა. საერთოდ, ქართულ რეალობაში საბიუჯეტო გეგმის შესრულება ბოლო წლების განმავლობაში იმდენად იშვიათია, რომ ყოველი ამგვარი პრეცედენტი შევარდნაძეს ახალი ეკონომიკური აღმავლობის გამოცხადების საბაბს აძლევს. ასე იყო შარშან გაზაფხულზე, როდესაც პრეზიდენტმა მოსახლეობას "ქართული ეკონომიკური სასწაულის" იმედი ჩაუსახა და ასე მოიქცა ამ კვირის დასაწყისშიც.

ოპტიმიზმთან ერთად, შევარდნაძემ არც ის პრობლემები დაივიწყა, რაც ისედაც თვალშისაცემია, თუმცა ამ პრობლემების საფუძვლად, ძირითადად, გლობალური საერთაშორისო სირთულეები დაასახელა.

პრეზიდენტი ფიქრობს, რომ მიმდინარე პერიოდის სირთულეები დაკავშირებულია მსოფლიო და მეზობელი ქვეყნების ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებთანაც, თუმცა, მეტწილად, ქვეყანაში არსებული კორუფციის პრობლემითაა განპირობებული. ამასთან დაკავშირებით, მან აღნიშნა "ამ ბოროტების წინააღმდეგ რეალური ბრძოლის" დაწყების ფაქტი, რისი დასტურია, მისი თქმით, ამასწინათ გამართული მთავრობის გაფართოებული სხდომა, რომელიც მთლიანად ამ პრობლემას დაეთმო. შეგახსენებთ, რომ ამ "ისტორიულ" სხდომაზე "კორუფციული ჯიჰადი" მცხეთა--თიანეთის გუბერნატორის მსხვერპლთშეწირვით დასრულდა.

მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელს ქვეყანას მრავალი პრობლემა ჰქონდა, კერძოდ, რამდენიმე თვის მანძილზე მთავრობა არ არსებობდა, ედუარდ შევარდნაძე მაინც იმედს არ კარგავს და არც თავის დამსახურებას ივიწყებს : "პრეზიდენტმა შეძლო სახელმწიფო ინსტიტუტების ნორმალური ფუნქციონირების უზრუნველოფა", აცხადებს პირველი პირი და აქვე დასძენს, რომ ყოველივე ამას მოჰყვა 2001 წლის შედეგებით დაფიქსირებული დადებითი ტენდეციები, რაც გამოიხატა მშპ-ს 4,5 პროცენტით ზრდაში, მიზერულ ინფლაციაში, ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის მისაღებ ფარგლებში მერყეობაში". ამას გარდა, აღნიშნა პრეზიდენტმა, ქვეყანაში სტაბილურად ფუნქციონირებენ ბანკები, რომლებმაც "დიდი ავტორიტეტი მოიპოვეს, რაც შენატანების ზრდაში აისახება". ამასთან, "დიდი ძალა და სახსრები დაიხარჯა ნორმალური გამოზამთრებისთვის, და მთლიანად სიტუაცია ამ სფეროში ურიგო არ არის".

მოკლედ, პრეზიდენტი კორუფციის, ენერგოკრიზისისა და საბიუჯეტო გარღვევის მიუხედავად, გასული წლის მონაგარით არც თუ უკმაყოფილოა და წელს კიდევ უფრო მეტს გვპირდება. თქვენ პირს შაქარი, ბატონო პრეზიდენტო.
XS
SM
MD
LG