Accessibility links

logo-print

პატრიკ ზიუსკინდის “კონტრაბასი” ქართულად “აჟღერდა”


თამარ ჩიქოვანი, თბილისი ბოლო წლების მანძილზე ქართველი მკითხველი ახალი თარგმანებით მაინცდამაინც განებივრებული არ არის.

ისევ რუსულ ენაზე თარგმნილი ლიტერატურის დახმარებით თუა შესაძლებელი არა მხოლოდ ლიტერატურული სიახლეების გაცნობა, არამედ ჩვენთვის “უცნობი” მწერლების აღმოჩენაც. გერმანელი მწერალი პატრიკ ზიუსკინდი ქართველი მკითხველისთვის რუსულ ენაზე გამოცემული ნაწარმოებებით არის ცნობილი. რამდენიმე დღის წინათ მისი პიესა “კონტრაბასი” ქართულ ენაზე გამოიცა. მოგითხრობთ თამარ ჩიქოვანი

ქართველი მკითხველის ვიწრო წრისთვის პატრიკ ზიუსკინდის სამი ნაწარმოებია ცნობილი: “პარფიუმერი,” “ბატონი ზომერის ამბავი” და “კონტრაბასი.” რუსეთში გამოცემული ეს წიგნები საქართველოში მცირე რაოდენობით გაიყიდა, თუმცა ლიტერატურის მოყვარულებმა სათანადოდ შეაფასეს თანამედროვე გერმანული მწერლობის ამ შესანიშნავი წარმომადგენლის შემოქმედება, რომელიც გამოირჩევა არაჩვეულებრივი ფანტაზიით, სითბოთი და “პატარა ადამიანის” პრობლემებისადმი ირონიული და, ამავე დროს, ფაქიზი დამოკიდებულებით. ისევ ქართველი მკითხველის გემოვნებას თუ ვენდობით, საქართველოში განსაკუთრებულად ფასობს ზიუსკინდის “პარფიუმერი,” რომელმაც მსოფლიო აღიარება მოუტანა გერმანელ მწერალს. თუმცა, აწი, გამორიცხული არ არის, მას კონკურენცია “კონტრაბასმა” გაუწიოს, რომელიც რამდენიმე დღის წინათ გამოიცა ქართულ ენაზე და რომლის ხელახალი გამოცემაც – მთელი ტირაჟი რეალიზებულია – უკვე დგას დღის წესრიგში.

16 თებერვალს კონსერვატორიის მცირე დარბაზში გამართულ “კონტრაბასის” პრეზენტაციაზე, წიგნის მთარგმნელმა, რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს რედაქტორმა, ბიძინა რამიშვილმა შენიშნა, რომ მთარგმნელის არჩევანს, ჩვეულებრივ, ორი მომენტი განსაზღვრავს. პირველი, ასე ვთქვათ, საგანმანათლებლო ნიშანს ატარებს – მთარგმნელი დარწმუნებულია, რომ ესა თუ ის ნაწარმოები აუცილებლად უნდა ითარგმნოს მის მშობლიურ ენაზე. არჩევანის მეორე შემთხვევა უფრო, ასე ვთქვათ, ადამიანურია – მთარგმნელს ნაწარმოები უყვარდება. ბიძინა რამიშვილის თქმით, “კონტრაბასთან” დაკავშირებით სწორედ მეორე მომენტი იყო განმსაზღვრელი.

თუმცა, მეორე მხრივ, ზიუსკინდის ამ მონო-პიესისადმი ინტერესი მხოლოდ კონსერვატორიის გადაჭედილი მცირე დარბაზით არ გამოიხატება. უახლოედ დღეებში “კონტრაბასის” პრემიერა თბილისის ორ, სრულიად განსხვავებული ესთეტიკის თეატრში გაიმართება: ერთი მსახიობის თეატრში “კონტრაბასს” რეჟისორი ნინო ახვლედიანი დგამს, თეატრალურ სარდაფში – ლევან წულაძე. პრეზენტაციაზე მთარგმნელის მიერ წაკითხულ ნაწყვეტებზე დარბაზის რეაქციით თუ ვიმსჯელებთ, პიესას უთუოდ ელის წარმატება.

რაზეა პიესა – ერთ მარტოხელა კონტრაბასისტზე, რომელიც კონცეტრებისა და რეპეტიციისგან თავისუფალ დროს იზოლიბულ ოთახში ატარებს, ოცნებობს შუბერტის “კალმახის კვინტეტის” შესრულებასა და მომხიბვლელი მეცოსოპრანოს მქონე ქალბატონის ყურადღების მიპყრობაზე. ეს პიესა გერმანულენოვან სამყაროში ძალზე პოპულარულია. არ დარჩენილა, ასე ვთქვათ, საკუთარი თავის პატივისმცემელი თეატრი, თავის სცენაზე “კონტრაბასი” რომ არ დაედგა. მწერალზე ცნობები ძალზე მწირია – იგი კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწევა და არ უყვარს ჟურნალისტები. მისი გმირი – კონტრაბასისტი რაღაცით ავტორს ჰგავს. ისიც თავს არიდებს რეალურ სამყაროსთან შეხებას, უყვარს და თან ეზიზღება კონტრაბასი, ოცნებობს ახლებურ ცხოვრებაზე, წარმატებასა და სიყვარულზე. თუმცა, ალბათ, ის არასდროს წამოვა თავისი ორკესტრიდან, არასდროს მიაღწევს წარმატებას და არასდროს დაიყვირებს საყვარელი ქალის სახელს გადავსებულ და გასუსულ დარბაზში წარმოდგენის წინ. და ამიტომაც, ამაზე არასდროს დაწერენ გაზეთები.

ცნობისთვის: “კონტრაბასი” გამოსცა გამომცემლობამ “ოთარ ყარალაშვილი”. გამოცემას სპონსორობა გაუწია გოეთეს ინსტიტუტმა საქართველოში.
XS
SM
MD
LG