Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სეპარატისტული ტენდენციები ჯავახეთის სომხურ მოსახლეობაში - მითი და რეალობა


თანახმად ეუთოს სტამბოლის შეთანხმებისა, მიმდინარე წელს საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლებამ საბოლოოდ უნდა დააზუსტონ ახალქალაქისა და ბათუმის სამხედრო ბაზების საქართველოს ტერიტორიიდან გაყვანის ვადები.

თუმცა, ბოლო ხანს, რუსეთშიც და საქართველოშიც ისეთი ტენდენციები შეიმჩნევა, რომლებმაც, შესაძლოა, დიდი ხნით შეაფერხონ აღნიშნული მოლაპარაკებები. მხედველობაში გვაქვს, ერთის მხრივ, სამხედრო მოლაპარაკებებზე რუსეთის სახელმწიფო დელეგაციის ხელმძღვანელის, რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერ ილია კლებანოვის მოულოდნელი წასვლა თანამდებობიდან და, მეორე მხრივ, სეპარატისტულად განწყობილი ადგილობრივი პოლიტიკური ძალების გააქტიურება ახალქალაქში, სადაც, წინა კვირას კვლავ გაისმოდა მოთხოვნები სომხური ავტონომიის შესახებ. ჯავახეთის თემას 20 თებერვალს საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების კომიტეტის საგანგებო სხდომა მიეძღვნა.

ახალქალაქის ტერიტორიაზე, ისტორიულ ჯავახეთში, კომპაქტურად მცხოვრები სომხების წინაშე მდგარი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები პერმანენტულად მწვავედ იჩენს ხოლმე თავს. მძიმე კლიმატური პირობები, სოფლის მეურნეობის დარგების განუვითარებლობა, ათ წლიანი სტაგნაცია, ენერგეტიკული პრობლემები და უმუშევრობა რეგიონის მოსახლეობაში, ბუნებრივია ცენტრიდანულ ტენდენციებს აძლიერებს.
მოსახლეობის ასეთი განწყობა დამოუკიდებელი სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი2"ის შაბათის საინფორმაციო პროგრამა "პოსტ-სკრიპტუმის" გადამღებმა ჯგუფმაც დააფიქსირა. ჯავახეთში სეპარატისტული განწყობილებების არსებობა ჩვენთან საუბარში საქართველოს უშიშროების მინისტრის მოადგილემ, ლაშა ნაცვლიშვილმაც დაადასტურა.
[ლაშა ნაცვლიშვილის ხმა] "არაქართველი ეროვნებით კომპაქტურად დასახლებული ყველა რეგიონი პოტენციურად შესაძლოა იყოს მატარებელი სეპარატისტული განწყობილებებისა და ჯავახეთი, განსაკუთრებით. ვინაიდან არავისთვის არ არის დასამალი, რომ აქ ფუნქციონირებენ გარკვეული მიმართულების ჯგუფები, რომლებიც ცდილობენ, რომ დაამკვიდრონ იდეოლოგია სეპარატიზმის და ავტონომიის, ეს რეალობაა".

თუმცა სულ სხვაგვარად ფიქრობს საქართველოს პრეზიდენტი. ედუარდ შევარდნაძემ ორშაბათის ტრადიციულ რადიოინტერვიუში განაცხადა, რომ "ჩვენს ქვეყანაში მცხოვრები სომხები საქართველოს ღირსეული მოქალაქეები არიან. მათი აბსოლუტური უმრავლესობა, ჯავახეთის მოსახლეობის ჩათვლით, მხარს უჭერს პრეზიდენტის სახელმწიფოებრივ კურსს. შესაძლოა არსებობდეს განსხვავებული აზრი, გაისმოდეს პროვოკაციული გამონათქვამებიც, მაგრამ ეს მაინც გამონაკლისია და ხშირ შემთვევაში ასეთ ექსცესებს ხელს უწყობენ არა ადგილობრივი, არამედ თბილისელი პროვოკატორები და პოლიტიკანები."

პრეზიდენტს არ დაუზუსტებია, თუ ვინ იგულისმება პროვოკატორებსა და პოლიტიკანებში, მაგრამ ძნელია არ დაეთანხმო შევარდნაძეს იმაში, რომ ახალქალაქში სეპარატისტული ტენდენციების არსებობას ცენტრალური ხელისუფლების სისუსტე და რეგიონის პრობლემებისადმი უგულისყურობა განაპირობებს.
დღესდღეობით, ახალქალაქის მოსახლეობის ერთადერთ საარსებო წყაროს წარმოადგენს რუსეთის სამხედრო ბაზა, სადაც ადგილობრივი სომხების 15% პროცენტია დასაქმებული, ხოლო დაახლოებით იმდენივე ბაზების მომსახურებისა და ვაჭრობის სფეროში მუშაობით ირჩენს თავს. ამიტომ ეს ადამიანები სრულიად ბუნებრივად შიშობენ, რომ სამხედრო ბაზების დახურვის შემდეგ ისინი ულუკმაპუროდ დარჩებიან. ახალქალაქის მოსახლეობის ეს შიში უსაფუძვლო რომ არ არის, ამას თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ოთხშაბათის დახურული სხდომიდან გამოსული ბევრი პარლამენტის წევრიც ადასტურებდა.
[დავით გამყრელიძის ხმა] "დღეს, მე ვიტყოდი, რომ ძალიან მძიმე პრობლემაა ეკონომიკური თვალსაზრისით და სახელმწიფოს არ აქვს შემუშავებული კონკრეტული პროგრამა, თუ როგორ დაეხმაროს ამ მხარეს, როგორ დაეხმაროს იქაურ მოსახლეობას, რათა ეკონომიკური და სოციალური პრობლემები იქ გადაიჭრას".

როგორც ფრაქცია "ახალი მემარჯვენეების" ლიდერმა დავით გამყრელიძემ ჩვენთან საუბარში განაცხადა, მათი პოლიტიკური ორგანიზაცია მალე გამოვა ინიციატივით, შემუშავდეს სამოქმედო პროგრამა, რომელიც ნინოწმინდისა და ახალქალაქის სომეხი მოსახლეობის დასაქმებაზე იზრუნებს.
გარდა ამისა, ამ პრობლემების მოსაგვარებლად, თავისი ხაზით, საქართველოს საგარეო უწყებაც მუშაობს, რომლის ხელმძღვანელმაც ჟურნალისტების წინაშე რამენიმე დამაიმედებელი განცხადება გააკეთა:
[ირაკლი მენაღარიშვილის ხმა] "ჩვენ ამჟამად ვმუშაობთ ევროკავშირის და სხვა დონორი და მეგობარი სტრუქტურების ხაზით, რათა მოზიდულ იქნეს სახსრები და საშუალებები რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური აღორძინების მიზნით. მაგრამ ეს არ უკავშირდება იმ პოლიტიკურ მოთხოვნებს, რომლებიც იქ არის."

ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ საქართველოს ხელისუფლება მხოლოდ ახლა იწყებს სერიოზულ ფიქრს ჯავახეთში დაგროვილ პრობლემებზე, რაც იმას ნიშნავს, რომ რეალური პროექტების გარეშე, ახალქალაქიდან რუსეთის ბაზების გასვლის პროცესის ფორსირება მხოლოდ სეპარატისტული ტენდენციების გაძლიერებას შეუწყობს ხელს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG