Accessibility links

როგორ იცავენ ქართველი პროკურორები დამნაშავე კოლეგას


სოზარ სუბელიანი, თბილისი საქართველოს გენერალურ პროკურატურაში არ მოიძებნა პროკურორი, რომელიც თბილისის საოლქო სასამართლოში ყოფილი კოლეგის, თბილისის პროკურატურის ყოფილი პროკურორის,

ომარ მდივნიშვილის, წინააღმდეგ სახელმწიფო ბრალდებას დაუჭერდა მხარს. რადიომსმენელს შევახსენებთ, რომ პროკურორმა მდივნიშვილმა კარის მეზობლებს ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლა აუტეხა და ამოხოცვით ემუქრებოდა. ორი წელი იბრძოლეს დაზარალებულებმა, სანამ საქმის სასამართლომდე მიყვანას შეძლებდნენ, მაგრამ პროცესის ჩატარებას საშველი მაინც არ დაადგა. როგორც აღმოჩნდა, ქართველი პროკურორებისთვის მუნდირის ღირსება და კოლეგის დაცვა გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე კანონის პატივისცემა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება.

საბოლოოდ, გენერალურმა პროკურატურამ ბრალდების მხარდაჭერის ტვირთი აფხაზეთის პროკურატურას გადაულოცა, მაგრამ პროცესზე არც მისი წარმომადგენელი გამოცხადდა. სასამართლო კოლეგიის თავმჯდომარის, მილერი ხარებავას, სიტყვებმა პროცესის დამსწრეებს ერთი ცნობილი ქართული ანდაზა გაახსენა, რომლის პერიფრაზი ასე შეიძლება გადმოვიტანოთ – პროკურორი პროკურორის ტყავს არ დახევსო. [მილერი ხარებავას ხმა] “რადგანაც განსასჯელი მუშაობდა პროკურატურაში, გენერალური პროკურატურიდან უნდა გამოიყოს პროკურორი, მაგრამ ყველამ აიცილა თავიდან – ჩვენი თანამშრომელი იყოო და არ იღებენ პროკურორები საქმეში მონაწილეობას. მოიძებნა პროკურორი აფხაზეთის პროკურატურიდან, რომელიც არ იცნობს განსასჯელს და იღებს ამიტომ მონაწილეობას. ამიტომ ვართ შეზღუდული პროკურორების არჩევაში, რომ არის არაორდინალური საქმე – პროკურორი ზის განსასჯელის სკამზე. ამიტომ არის, რომ იმ ერთ პროკურორზე ვართ ახლა დაკიდებული.”

პროცესი უკვე მესამედ გადაიდო. მიზეზი ხან ბრალდებულის ადვოკატთა გამოუცხადებლობაა, ხან კიდევ – პროკურორის. დაზარალებული მხარის წარმომადგენლები დარწმუნებულნი არიან, რომ ბრალდებული და პროკურატურა საქმის განხილვას შეგნებულად აჭიანურებენ. სამართალდამცავები რომ ყოფილი კოლეგის გამართლებას ცდილობენ, ეს ჯერ კიდევ ორი წლის წინათ გამოჩნდა, როცა ამ საქმესთან დაკავშირებით ჟურნალისტურ გამოძიებას ვაწარმოებდით. მაშინ დიდუბის პროკურორატურაში გვიმტკიცებდნენ, არავითარი დანაშაული არ მომხდარა, უბრალოდ, მეზობელმა მეზობელს წყალი შეასხაო, პოლიციაში კი საერთოდ უარყოფდნენ ამ საქმეში კრიმინალის არსებობას.

მეორე მხრივ, დაზარალებულებისთვის იმდენად მძიმე იყო მათ მიერ გადატანილი განცდა, რომ ერთ-ერთი დაზარალებული, ირმა მეტრეველი, სასამართლო კოლეგიას სთხოვდა, პროცესის დროს მდივნიშვილის იზოლირება მოეხდინა. [ირმა მეტრეველი ხმა] “ძალიანა გთხოვთ, მესამედ რომ მოვალთ, “კლეტკაში” ჩასვით, რა! ბავშვს ეშინია და დაკითხვის დროს ამის დანახვა იმოქმედებს”.

თავად ბავშვი, ერთ-ერთი მოწმე სოფიო გერგაია, რომელიც მაშინ 10 წლის წლის იყო, ასე აღწერს მომხდარს: [სოფიო გერგაიას ხმა] “გამოვიდა და ხელები უკან წაიღო. ირმამ იყვირა: შემოდით, იარაღი აქვსო. მერიმ კარის დაკეტვა მოასწრო და იმ დროს ისროლა პირველი ტყვია. მერე, როცა ყველანი შემოვედით, ცოტა ხანში გახედვა დავაპირეთ და, ამ დროს, ნაპერწკალი შემოვარდა – რაღაცამ გაანათა და “გლაზოკი” შემოვარდა შიგნით. მერე კარებს ურტყამდა, ხმაური იყო, ტყვიაც რამდენჯერმე ისროლა… მერე პოლიციაშიც დავრეკეთ, მაგრამ დიდხანს არავინ მოვიდა და გვიან მოვიდნენ. მერე, როცა მოვიდნენ, წაიყვანეს, მაგრამ ცოტა ხანში ისევ ხმაური შემოგვესმა, ისევ სახლში მოსულა და გვესმოდა, როგორ იძახდა: ისევ დავხოცავ იმგენსო, ყველას მოვკლავო.”

სასამართლო მესამედ გადაიდო, მოწმეებს, მათ შორის სოფიკოსაც, მესამედ მოუწიათ რაიონებიდან ჩამოსვლამ. ზოგიერთი მათგანი ფოთში ცხოვრობს, ზოგი – ბორჯომში, მაგრამ პროკურატურას მათი პრობლემები ნაკლებად ადარდებს: პროკურატურა მხოლოდ ყოფილი კოლეგის ტყავის გადარჩენაზე ფიქრობს.
XS
SM
MD
LG