Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თებერვლის დასაწყისში სამომხმარებლო ფასებზე უმნიშვნელო დეფლაცია დაფიქსირდა


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი ახალი წლიდან სამომხმარებლო ფასების ინდექსს საქართველოში სერიოზული მერყეობა არ განუცდია, ხოლო თებერვლის დასაწყისში ბაზარზე უმნიშვნელო დეფლაციაც აღინიშნა.


ზამთრის პერიოდი და, კონკრეტულად, წლის დასაწყისი ქართულ სამომხმარებლო ბაზარზე, ტრადიციულად, მაღალი ინფლაციით გამოირჩევა, რასაც სავაჭრო ბალანსის დიდი დეფიციტი, ენერგოშემცველების გაზრდილი იმპორტი და ადგილობრივი წარმოების განვითარების დაბალი დონე, ხოლო, შესაბამისად,მისი ასევე დაბალი საექსპორტო პოტენციალი განაპირობებს. თუმცა, წლევანდელი წელი , ამ მხრივ, შედარებით სტაბილური გამოდგა.
სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური მონაცემებით, 2002 წლის განვლილ პერიოდში სამომხმარებლო ფასების ინდექსი ძალზე უმნიშვნელოდ იზრდებოდა და ზოგიერთი კვირის განმავლობაში შემცირდა კიდეც. კერძოდ, წლის პირველ ოთხ კვირაში ფასები, შესაბამისად, 0.01, 0.76, 0.01 და 0.23%-ით გაიზარდა. ამასთან, თებერვლის პირველ-ორ კვირაში, რომელიც წინა წლებში განსაკუთრებულად მძიმე პერიოდად ითვლებოდა, სამომხმარებლო ფასების თვალსაზრისით, წელს საპირისპირო ტენდენციები განვითარდა და ადგილი ჰქონდა დეფლაციას. კერძოდ, თებერვლის პირველ კვირაში იგი შეადგენდა მინუს 0.22%-ს, ხოლო მეორე კვირაში — მინუს 0.19%-ს.

მიმდინარე წლის თებერვლის მეორე კვირაში (08,02-14,02) სასურსათო პროდუქციაზე ფასები 0.19%-ით შემცირდა. ამასთან, აღნიშნულ კვირაში ფასები უცვლელი იყო არასასურსათო საქონელსა და მომსახურებაზე.

სტაბილურობა შიდა სასაქონლო ბაზარზე საფინანსო და ფისკალურ სექტორში მიმდინარე მოვლენებმა განაპირობა. მართალია, საანალიზო პერიოდში ეროვნული ვალუტის კურსს მნიშვნელოვანი რევალვაცია, ანუ გამყარება, არ განუცდია, მაგრამ მისი მსყიდველობით უნარიანობა შენარჩუნებული იყო. ამის მიზეზად, ერთის მხრივ, მკაცრ ფულად-საკრედიტო პოლიტიკას ასახელებენ, როცა ღია ბაზარზე დიდი მოცულობის ფულის ნიშნების "გამოსროლა" არ ხდება, მეორეს მხრივ კი, - იანვრის თვის ბიუჯეტთან დაკავშირებულ პოზიტიურ პროცესებს, რაც ასე იშვიათად ხდება ხოლმე ბოლო პერიოდში.

რაც შეეხება გასული წლის მაჩვენებელს, 2001 წლის განმავლობაში სამომხმარებლო ფასების ინდექსის ცვლილება, ძირითადად, სასურსათო საქონლისა და თამბაქოს ფასების მერყეობამ განაპირობა.
ფასების შედარებით მნიშვნელოვანი ზრდა აღინიშნა თამბაქოს სასაქონლო ჯგუფზე (12.9%), ზეთსა და ცხიმებზე (12.2%), ელექტროენერგიის (საყოფაცხოვრებო საჭიროებისათვის) გადასახადებზე (8.9%), ხორცეულზე (10%), სასმელზე (4,9%). როგორც წესი, სამომხმარებლო ფასების ინდექსის ცვლილება თბილისში უფრო საგრძნობია, ვიდრე რეგიონებში. დედაქალაქი, ტრადიციულად, უფრო ძვირია. ამასთან, კომუნალურ გადასახადებზე - ჩვენს შემთხვევაში, მოხმარებულ ელექტროენერგიაზე - ფასების მატება თბილისში დიფერენცირებულია პერიფერიებთან შედარებით.
მიუხედავად ამისა, 2001 წლის შედეგების მიხედვით, სამომხმარებლო კალათის (296 დასახელება) 30 სახეობაზე ფასები არ შეცვლილა, 36-ზე უმნიშვნელოდ გაიზარდა (0.1-1%), ხოლო 39-ზე შემცირდა (0.1-1%). დანარჩენი სახეობების ფასებზე მეტ-ნაკლები მერყეობა დაფიქსირდა.
XS
SM
MD
LG