Accessibility links

logo-print

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ინიციატივები


აფხაზეთის კონფლიქტის დარეგულირების პროცესი გადამწყვეტ ფაზაში შედის, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ კონფლიქტი დასასრულს უახლოვდება.

მისი მონაწილე თითოეული მხარე ცდილობს აფხაზეთის პრობლემა თავის სასარგებლოდ გადაწყვიტოს. ამიტომ ნებისმიერი მათგანის მიერ გადადგმულ ნაბიჯს საპასუხო რეაქცია მოჰყვება ხოლმე. კონკურენციაა ქართული მხარის შიგნითაც. ამაზე აფხაზეთიდან დევნილთა ყრილობის შემდეგ გამართული აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომაც მეტყველებს.

აფხაზეთის კონფლიქტის საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის ახალი წარმომადგენლის, აჭარის მეთაურ ასლან აბაშიძის, პოლიტიკური ბლოკი აფხაზეთიდან დევნილ ხელისუფლებასთან დიდი ხანია დაპირისპირებულია ბოლო დროს კი ეს უთანხმოება განსაკუთრებით გამწვავდა. მოვლენების განვითარების მიმართულება იმ ვარაუდის საშუალებას იძლევა, რომ უახლოეს მომავალში შეიძლება აფხაზეთიდან დევნილი ხელისუფლების გაუქმების საკითხიც დადგეს. ამის საწინააღმდეგოდ კი, დევნილი უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე თამაზ ნადარეიშვილი აფხაზეთის პრობლემის გადაწყვეტის საქმეში წლების მანძილზე დაკარგული პოლიტიკური როლის დაბრუნებას ცდილობს და ახალი ინიციატივებით გამოდის.

21 თებერვალს გამართულ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმზე თამაზ ნადარეიშვილმა საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოსაგან აფხაზეთის სტატუსის სასწრაფო განსაზღვრა მოითხოვა. ნადარეიშვილის ამ წინადადებას პრეზიდიუმმა ერთხმად დაუჭირა მხარი. აფხაზეთიდან დევნილ ხელისუფალს მიაჩნია, რომ აფხაზეთს ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსი უნდა მიენიჭოს, ეს კი ამ სუბიექტის თითქმის აბსოლუტურ დამოუკიდებლობას ნიშნავს. აფხაზეთს დანარჩენ საქართველოსთან რაც შეიძლება აერთიანებდეს ეს - ერთიანი საზღვრები, თავდაცვა, უშიშროება, საგარეო და ერთიანი სავალუტო პოლიტიკაა.

ნადარეიშვილის განცხადებით ამაზე მეტ ავტონომიას მსოფლიო პრაქტიკა არ იცნობს და ამიტომ მისთვის მიუღებელია საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ შემუშავებული პროექტი, რომელიც აფხაზეთს სახელმწიფოებრივ სტატუსს ანიჭებს. აფხაზეთიდან დევნილი ხელისუფლება გაკვირვებას გამოთქვამს იმის გამო, რომ გაეროში მომზადებული ეს დოკუმენტი საიდუმლოდ ინახება და მისი შეთანხმება აფხაზეთის დიდი ნაწილის - დევნილების - წარმომადგენლებთან არ ხდება.

თამაზ ნადარეიშვილი ასევე მოითხოვს: აფხაზეთის კონფლიქტის ირგვლივ დადებული ხელშეკრულებების დეზავუირებას, ქართველთა ეთნიკური წმენდის აღიარებასა და გაეროს წესდების მეშვიდე მუხლის ამოქმედებას, რომელიც ძალით მშვიდობის დამყარებას ითვალისწინებს.

აფხაზეთიდან დევნილი პოლიტიკური ელიტა, ცენტრალურ ხელისუფლებას ამ მოთხოვნების შესასრულებლად ვადას 31 ივლისამდე აძლევს და პირობას დებს, რომ მანამდე მას ხელს არ შეუშლის. თუ რას აპირებს თამაზ ნადარეიშვილი 31 ივლისის შემდეგ, მისი განცხადებიდან ჩანს.

[ნადარეიშვილის ხმა] „მე განვაცხადე, რომ ვაპირებ აფხაზეთისკენ წასვლას. როგორ, რა გზით, რა ფორმით, ალბათ, ამაზე მერე იქნება მსჯელობა. ყოველ შემთხვევისთვის ჩვენ აქ თბილისში ჯდომას ვერ შევეგუებით."

ამ განზრახვის რეალიზებისათვის მოქმედება უკვე დაიწყო და, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის გადაწყვეტილებით, უშიშროების საბჭო შეიქმნა. მის მდივნად კი მეომართა კავშირის ლიდერი გიორგი მხეიძე დაინიშნა. 31 ივლისისთვის დევნილი ხელისუფლება იდეოლოგიურ-პროპაგანდისტული კამპანიის წამოწყებასაც გეგმავს.
XS
SM
MD
LG