Accessibility links

logo-print

სამოქალაქო დაპირისპირება საგანმანათლებლო სფეროში


თამარ ჩიქოვანი, თბილისი რამდენიმე დღის წინათ პრეზიდენტმა შევარდნაძემ შეშფოთება გამოხატა საქართველოში სამოქალაქო დაპირისპირების შესაძლებლობის თაობაზე.

კონკრეტულად, რა ფორმებში შეიძლება გამოიხატოს ეს დაპირისპირება – კარგად გამოჩნდა 21 თებერვალს, როცა თბილისის ცენტში, ერთდროულად პედაგოგთა ორი შეკრება გაიმართა.

21 თებერვალს დიდ საკონცერტო დარბაზში შეკრებილ პედაგოგებს განათლების მინისტრი ალექსანდრე კარტოზია განათლების სისტემის რეფორმის პროგრამას აცნობდა. ასევე 21 თებერვალს ოპერისა და ბალეტის თეატრში მასწავლებელთა თავისუფალი პროფკავშირი “სოლიდარობა” თავის პირველ ფორუმზე აკრიტიკებდა განათლების სისტემის რეფორმირების პროგრამას და მოითხოვდა განათლების მინისტრის თანამდებობიდან გადადგომას.

ეს ფაქტიც მოწმობს, რომ დაპირისპირებამ ალექსანდრე კარტოზიასა და პარლამენტარ- რეფორმატორებს შორის ახალ სიბრტყეში გადაინაცვლა. როგორც გახსოვთ, შარშან ნოემბერში მოქალაქეთა კავშირის ახალგაზრდული ფრთის მცდელობა, ალექსანდრე კარტოზია არ დამტკიცებულიყო განათლების მინისტრის პოსტზე, წარუმატებელი აღმოჩნდა. ახლა “ნაციონალისტური მოძრაობა”-სწორედ ამ მოძრაობის ინიცირებული გახლდათ როგორც პროფკავშირული გაერთიანების “სოლიდარობის” შექმნა, ისე ოპერაში ამ ორგანიზაციის პირველი ფორუმის გამართვა – როგორც ჩანს, ისევ პედაგოგების მეშვეობით ცდილობს განათლების მინისტრის სავარძლის “ხავერდოვან” გათავისუფლებას.

რა თქმა უნდა, გულუბრყვილობა იქნებოდა იმის მტკიცება, რომ სამინისტროს მიერ მომზადებული განათლების რეფორმა იდეალურია. ისევე, როგორც იმის ცალსახადა განცხადება, რომ თავად პედაგოგები ოცნებობენ რეფორმაზე. რეფორმირების პროცესი ნებისმიერ შემთხვევაში მტკივნეული პროცესია, რომლის მიმართაც ეჭვნარევი დამოკიდებულება სრულიად ნორმალურ ფაქტად უნდა ჩაითვალოს. საკმარისია გავიხსენოთ თუნდაც სასამართლო სისტემის რეფორმის პროცესი, როცა მოსამართლეების დიდი ნაწილი კატეგორიულად უარყოფდა ტესტირებაში მონაწილების მიღების აუცილებლობას და სხვადასხვა კანონს იშველიებდა, თავისი უფლებამოსილების ვადის განსაზღვრასთან დაკავშირებით. მაშინ, სხვათაშორის, ისევ და ისევ პარლამენტარ მიხეილ სააკაშვილის საკმაოდ ხისტი პოზიციის დახმარებით, ყველამ, ვისაც მოსამართლეობის პრეტენზია ჰქონდა, ტესტირება გაიარა. სხვა საკითხია, რომ გადაუწყვეტი აღმოჩნდა სასამართლო რეფორმის მეორე მხარე – ახალი მოსამართლეების ფინანსური უზრუნველყოფის . თუმცა, შედეგი მაინც არის – დღეს მოსამართლეობის მსურველები თავს შეურაცხყოფილად არ გრძნობენ ტესტირების გავლისას, იმავე მასწავლებლებისგან განსხვავებით, რომლებიც გამოცდაზე გასვლას თავმოყვარეობის შელახვად აღიქვამენ. გარდა ამისა, ფაქტია, რომ სამინისტრომ არაფერი გააკეთა, რეფორმის მიზნებსა და სტრატეგიაში პედაგოგების გასარკვევად, რათა ყველაფერი მხოლოდ პედაგოგთა რაოდენობის შემცირების თეზისამდე არ დაყვანილიყო. ახლა ატმოსფერო რეფორმის ირგვლივ უნდობლობით არის აღსავსე. “ამბოხებული” პედაგოგებისთვის მიუღებელია როგორც რეფორმის პროგრამა, ისე “რეფორმატორი” მინისტრი. მინისტრის მომხრე პედაგოგები კი მიიჩნევენ, რომ რეფორმის ჩატარება მხოლოდ ახლანდელ მინისტრს ხელეწიფება. ანუ, საბოლოოდ, საკითხი ისევ პერსონალურ ხასიათს იძენს და თავად რეფორმასთან დიდი შეხება არ აქვს.
XS
SM
MD
LG