Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას ედავება აჭარის უზენაესი საბჭოს ორი მოწვევის დეპუტატი ლევან ქიძინიძე ასლან აბაშიძეს და საქართველოს მთელ ხელისუფლებას


აჭარის უზენაესი საბჭოსა და საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ლევან ქიძინიძე ამჟამად გერმანიაში ცხოვრობს და აცხადებს, რომ სამშობლო ასლან აბაშიძემ დაატოვებინა.

მის მიერ თბილისის საოლქო სასამართლოში შეტანილი სასარჩელო განცხადებაც, სწორედ, ასლან აბაშიძის წინააღმდეგ არის მიმართული. თუმცა ქიძინიძე, აჭარის ავტონომიის ხელმძღვანელობის გარდა, ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებსაც უჩივის. ყველას ერთად მის წინააღმდეგ ფიზიკური და მორალური ტერორის განხორციელებაში სდებს ბრალს.

ლევან ქიძინიძე თავის 33 გვერდიან სასარჩელო განცხადებაში ასლან აბაშიძისა და მისი გარემოცვის მიერ ჩადენილ დანაშაულებს ასახელებს. აცხადებს, რომ აჭარის ლიდერმა მას სერიოზული ფიზიკური და მატერიალური ზარალი მიაყენა, გამოსძალა დიდი რაოდენობით ფული, შემდეგ კი აიძულა სამშობლო დაეტოვებინა. ქიძინიძის მტკიცებით, აბაშიძის მიერ მის წინააღმდეგ- და - არა მარტო მის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის დაფარვით სერიოზული დანაშაული ჩაიდინეს ცენტრალური ხელისუფლების ყოფილმა და ამჟამინდელმა მაღალი რანგის წარმომადგენლებმაც. კერძოდ: ედუარდ შევარდნაძემ, ნუგზარ საჯაიამ, ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა გია მეფარიშვილმა, ყოფილმა მინისტრებმა: ვახტანგ ქუთათელაძემ და კახა თარგამაძემ. აღარაფერს ვიტყვი აჭარის ავტონომიის ხელმძღვანელ პირებზე. ქიძინიძე მოითხოვს, ზემოთხსენებულ პირებს პირევლ რიგში კი - ასლან აბაშიძეს - სასამართლომ მისთვის მიყენებული ზარალის კომპენსაციის ვალდებულება დააკისროს. მომჩივანი აჭარის ლიდერისგან, კომპენსაციის სახით, 12 მილიონ 121675 ამერიკული დოლარის გადახდას ითხოვს და მოჰყავს მრავალი ფაქტი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ და რა პირობებში სძალავდა მას აჭარის ლიდერი ფულს, შემდეგ კი როგორ სდევნიდა.

სასარჩელო განცხადებაში მოყვანილი ფაქტების მიხედვით, ლევან ქიძინიძის და ასლან აბაშიძის საქმიანი ურთიერთობა 1993 წელს დაიწყო - მაშინ, როცა მთელ საქართველოში პურის დეფიციტი მძვინვარებდა. ქიძინიძემ, რომელიც შეზღუდული პასუხიმსგებლობის საზოგადოება “მარსი-91” - ს ხელმძღვანელობდა, აჭარის ლიდერის დავალებით, 4500 ტონა ფქვილის შემოტანა ივალდებულა. ქიძინიძეს რუსეთიდან შემოტანილი ფქვილი ბათუმის “პურპროდუქტებისთვის” ტონა 460 ამერიკული დოლარის საფასურად უნდა მიეყიდა.

1993 წელს, როცა ფქვილით დატვირთული ეშელონები ბათუმს მოადგა, ქიძინიძე გაურკვევლი მოტივით დააპატიმრეს. თუმცა, 3 დღეში გაათავისუფლეს და საკნიდან პირდაპირ ასლან აბაშიძესთან მიიყვანეს. თბილისის საოლქო სასამართლოში შეტანილ სასარჩელო განცხადებაში ქიძინიძეს ამ შეხვედრისას შემდგარი დიალოგი მოჰყავს. ციტატა.” ასლან აბაშიძე შემეკითხა: “როგორია, მოგწონს კამერა? თუ გინდა თავისუფლება, ჩემს სასარგებლოდ იმუშავებ, თუ არადა, კამერაში დაგალპობ. ხვალ საღამოს მომიტან 70000 დოლარს და ჩემს ფონდში ჩარიცხავ 50 მილიონ “მანეთს”. თუ არ გააკეთებ, რაც მოგივა, შენს თავს დააბრალე”. ციტატის დასასრული.

“აქედან მოყოლებული, ასლან აბაშიძემ გამომძალა 495049 დოლარის ღირებულის ფქვილი, აგრეთვე 49000 დოლარი, რომელიც თავის ფონდში ჩარიცხა, 385.300 ამერიკული დოლარის ღირებულების 34 ავტომანქანა და, როცა ფულის მიცემა ვეღარ შევძელი, ბრძოლა გამომიცხადა. ასლან აბაშიძემ, მისმა ცოლისძმამ - აჭარის უშიშროების მინისტრმა სოსო გოგიტიძემ, პროკურორმა გივი აბაშიძემ, პოლიციის მინისტრმა - ასლან აბაშიძის დეიდაშვილმა - ილია წულუკიძემ და სხვებმა ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების დევნა დაიწყეს, - აცხადებს ლევან ქიძინიძე და დასძენს, რომ ამ ყველაფრის გამო იძულებული გახდა, ბათუმიდან გაქცეულიყო. ბათუმიდან წასვლას მისი ბინის გაძარცვა მოჰყვა, ლევან ქიძინიძის მიერ გაზეთ “რეზონანსში” გამოქვეყნებულ სტატიებს კი, რომლებშიც ასლან აბაშიძე ვლადისლავ არძინბასთვის იარაღის მიყიდვაშიც იმხილება - სერიოზული მუქარა და მოთხოვნა, სტატიის ავტორს საჯაროდ მოეხდინა გაზეთში გამოთქმული ბრალდებების უარყოფა.
კიდევ ერთი საინტერესო დეტალი: “1999 წლის 10 ოქტომბერს პირადად გავაფრთხილე შევარდნაძე ასლან აბაშიძის მიერ დაგეგმილი საპარლამენტო გადატრიალების შესახებ, მაგრამ მან შეგნებულად დაფარა აბაშიძის მიერ ჩადენილი ეს და სხვა დანაშული და გამოძიებას მსვლელობა არ მისცა. სინანულით მინდა აღვნიშნო, რომ 1991-92 წლების ძმათამკვლელი ომის ფონზე, შევარდანაძე მართლა დემოკრატი მეგონა. მის სახელმწიფო მეთაურად არჩევაში საკუთარი ფული მაქვს დახარჯული. ასე მივაღწიეთ 97 პროცენტიან შედეგებს შევარდნაძის სასრგებლოდ,”- ამბობს ლევან ქიძინიძე, რომელიც სასამართლოს სთხოვს, მისთვის მიყენებული მორალური და ფიზიკური ზარალისთვის ედუარდ შევარდნაძეს 71 მილიონის გადახდა დაეკისროს.

და ბოლოს, თუ ქიძინიძის სარჩელს თბილისის საოლქო სასამართლო დათქმულ ვადაში არ განიხილავს, სარჩელის ასლები ევროპის საერთაშორისო სასამართლოს, ევროპის ქვეყნების პრეზიდენტებს, ინტერპოლს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს და პოლიტიკურ პარტიებს დაეგზავნება.
XS
SM
MD
LG