Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კანონთა დაბრკოლება - კორუფციის კიდევ ერთი სახე


დავით პაიჭაძე, თბილისი ხუთშაბათს, 21 თებერვალს, საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა სხდომა ჩაატარა, სადაც 5 საკითხი იყო გამოტანილი.

იმთავითვე ნათელი გახდა, რომ რიგით პირველი პრობლემა თავისი მნიშვნელობით ყველა დანარჩენს აღემატებოდა. კომიტეტის წევრებს უნდა ემსჯელათ, თუ რატომ ბრკოლდება პარლამენტში კანონთა განხილვა. მოხდა ისე, რომ სხდომაზე მთავარი როლი ვასილ მაღლაფერიძემ შეასრულა, რომელიც ხსენებული კომიტეტის წევრი არ არის. მაღლაფერიძემ აღწერა პარლამენტში შესულ კანონპროექტთა განუხილველობის მიზეზები და მექანიზმი. დეპუტატის აზრით, კანონთა დაბრკოლება კორუფციული ფულის საკეთებლად ერთი ყველაზე უსაფრთხო საშუალებაა.

პარლამენტის საპროცედურო კომიტეტის წევრმა თემურ ბერიძემ სხდომის დასაწყისში განაცხადა, რომ 1997 წლიდან საკანონმდებლო ორგანოში პრეზიდენტის სახელით შესული 63 კანონპროექტი ჯერაც არ არის განხილული. შეფერხების ფორმალური მიზეზი სხვადასხვაა: ზოგი მომზადებულია განსახილველად და, უბრალოდ, რიგს ელოდება, ზოგი გადამუშავებას საჭიროებს, ზოგზე ახლა მუშაობენ, რამდენიმე მიზანშეუწონლად მიიჩნიეს; არის პროექტები, ამასობაში აქტუალობა რომ დაკარგეს ან პირველი მოსმენით მიიღეს და მერე მიივიწყეს. ზოგი პროექტის განხილვა უმოტივოდ შეაჩერეს, ხოლო ერთს არ იხილავენ უკმარი დაფინანსების გამო. ყველა ეს მიზეზი კანონგარეშეა, რადგან საკომიტეტო მოსმენის შემდეგ კანონპროექტი შეიძლება ცნონ პლენარულ სხდომაზე განხილვისათვის მომზადებულად, არასაკმარისად მომზადებულად, მოუმზადებლად ან მიუღებლად. ბოლო სამ კატეგორიაში პროექტის მოხვედრა არ შეიძლება იქცეს პარლამენტის მიერ მისი განხილვის შეფერხების მიზეზად – ის ყველა შემთხვევაში უნდა განიხილონ, მიიღონ ან ჩააგდონ.

დეპუტატი ვასილ მაღლაფერიძე გამოსვლისას შეეცადა აღეწერა, რა შეხმატკბილებულად მოქმედებენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები კანონპროექტის შეფერხებისას [მაღლაფერიძის ხმა]: “მივა პრეზიდენტთან რომელიმე აღმასრულებელი ხელისუფალი და ეტყვის: რაღაც მსუყე სფეროს, აი, მაგალითად (ვთქვათ უხეშად), გასტრონომების საკითხს უნდა დარეგულირება. რა უნდა ახლა პრეზიდენტის დარწმუნებას, რომ ეს საკითხი დასარეგულირებელია. ამის შემდეგ მომზადდება შემაშინებელი კანონპროექტი, – მე ჰაერზე არ ვლაპარაკობ, – პრეზიდენტი მოაწერს ხელს და პარლამენტშიც შემოვა. მაგრამ მას არ იხილავენ და ტრიალებს პარლამენტში ორი წელიწადი. როგორ ფიქრობთ, რა ხდება ამ ორი წლის განმავლობაში? რა ხდება და, ამ სფეროსთვის აღმასრულებელსაც და პარლამენტარსაც აღვირი აქვთ ამოდებული და, უკაცრავად გამოთქმისათვის, სფეროც იწველება. ხომ ასეა”?

მაღლაფერიძის თქმით, პარლამენტის წევრთა უფლებამოსილება მითვისებული აქვს ინტერესთა რამდენიმე ჯგუფს, რომელთა საქმიანობის შედეგად, ბევრი დეპუტატი, უბრალოდ, ვერც ხვდება, რომ მოტყუებულია. აღმასრულებელი ხელისუფლება საპარლამენტო დაჯგუფებებთან კორუფციული ჯაჭვით არის გადაბმული და დიდი გავლენაც აქვს პარლამენტზე.
XS
SM
MD
LG