Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩაერევა მესამე ძალა პანკისის პრობლემის მოგვარებაში ?


თვეზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც, საქართველოს უშიშროების საბჭოზე დამტკიცებული საგანგებო გეგმის თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ პანკისის ხეობაში კომპლექსური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელება დაიწყო და,

ამ ხნის განმავლობაში, რამდენიმე საშიშ დამნაშავეთა ჯგუფისა და ნარკომოვაჭრეთა იზოლირებაც მოახდინა. მიუხედავად ამისა, საზოგადოება თითქმის დარწმუნებულია, რომ საქართველო საკუთარი ძალებით პანკისის პრობლემას ვერ გადაჭრის და, ადრე თუ გვიან, გარედან დახმარება დასჭირდება. საქმე მხოლოდ ისაა, თუ ვინ იქნება ეს დამხმარე ძალა - რუსეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, თუ ორივე ერთად.

რამდენიმე დღეა, საქართველოს ხელისუფლება ენერგიულად უარყოფს მოარულ ხმებს იმასთან დაკავშირებით, თითქოს საქართველოს მთავრობას, პანკისის ხეობაში ანტიტერორისტული ოპერაციის ჩასატარებლად, რომელიმე სახელმწიფოსთვის თხოვნით მიემართოს. მეტიც, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პრეს-მდივანი პააატა გომელაური დარწმუნებით აცხადებს, რომ თვენახევრის წინ დაწყებული კომპლექსური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება ყველაზე უფრო ოპტიმალური ფორმაა ხეობაში მართლწესრიგის დასამყარებლად. კონკრეტული შედეგების საილუსტრაციოდ კი ასეთ სტატისტიკას იშველიებს:
[პაატა გომელაურის ხმა] "16 თებერვალს სოფელ დუისში დაკავებული იქნა ადამიანების გატაცებისთვის ძებნილი იური გაორგაშვილი, ნარკოტიკების უკანონო გასაღებისათვის იქნა დაკავებული ჩეჩენი ეროვნების ახმადოვი, დები ლაბაზანოვები. აგრეთვე ქართველები - თელაველი ძმები ხუროშვილები. ზემო ხალატანში დაკავებულ იქნა თემურ ჩიტაშვილი, რომელიც იძებნებოდა ყაჩაღობებისათვის. 17 თებერვალს დუისის ცენტრალურ საგუშაგოსთან დაკავებულ იქნა იური ბაღაკაშვილი, ეს გახლავთ ნარკოვაჭარი ნომერი ერთი".

თუმცა ისიც სათქმელია, რომ ჯერჯერობით ქართველმა სამართალდამცველებმა ვერ მოახერხეს ორი თვის წინ გატაცებული მძევლების - ბერი ვასილ მაჩიტაძისა და ფიზული ხალილოვის გათავისუფლება, არ ჩანს პროგრესი ხეობიდან ცეცხლსასროლი იარაღის ამოღების მხრივაც, რასაც აღნიშნული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება ითვალისწინებდა.
ამასობაში კი პანკისის ხეობაში შექმნილი ვითარება ლოკალურიდან ნელ-ნელა საერთაშორისო პრობლემაში გადაიზარდა.
სააგენტო "პრაიმ-ნიუსის" ცნობით, პანკისის თემას 21 თებერვალს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი რიჩარდ ბაუჩერიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ "პანკისის ხეობაში არსებული სიტუაცია აშშ-ს უკვე დიდი ხანია აწუხებს".

თუმცა, განსხვავებით რუსეთის ოფიციალური პირებისაგან, რომლებსაც თითქმის ეჭვი აღარ ეპარებათ, რომ ნომერი პირველი ტერორისტი ოსამა ბენ ლადენი პანკისის ხეობაში იმყოფება და ამ დეზინფორმაციას საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლისათვის იყენებენ, ამერიკის ოფიციალური წარმომადგენელი სხვაგავარად "წუხს".

კერძოდ, რიჩარდ ბაუჩერი აცხადებს, რომ ვინაიდან მოჯახედები ჩეჩნეთში გადასვლას, შესაძლოა, საქართველოს ტერიტორიის გავლითაც შეეცადონ, ამიტომ აშშ საქართველოს ანტიტერორისტულ მზადებაშიაც დაეხმარება. მისი თქმით, პანკისის ხეობის პრობლემის გადაჭრასთან დაკავშირებით, ჯორჯ ბუში ადმინისტრაცია ყოველთვის აღნიშნავდა, რომ ამ რთული პრობლემის მოგვარების საუკეთესო ვარიანტი "აშშ-სა და საქართველოს თანამშრომლობის" გზაა.

ამ ფაქტის კომენტირებისას, ჩვენთან საუბარში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პრეს-მდივანმა პაატა გომელაურმა განაცხადა, რომ საუბარია ამერიკის მხრიდან მხოლოდ ტექნიკურ და მეთოდოლოგიურ დახმარებაზე და არავითარ შემთხვევაში ერთობლივ ოპერაციაზე, რადგან თუკი პანკისის ხეობაში ანტიტერორისტული ოპერაციის ჩატარება გახდება საჭირო, ამას საქართველო მხოლოდ საკუთარი ძალებით განახორციელებს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG