Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურაბ ჟვანია და მიხეილ სააკაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის შესახებ


სოზარ სუბელიანი, თბილისი ამერიკის შეერთებულ შტატებში ზურაბ ჟვანიას, მიხეილ სააკაშვილისა და მათი თანამებრძოლების ერთობლივ ვიზიტს პრეზიდენტ შევარდნაძის ცუდად დაფარული უკმაყოფილება მოჰყვა.

თავად პრეზიდენტის ყოფილი თანამებრძოლები მიიჩნევენ, რომ ვიზიტი უაღრესად საინტერესო და ნაყოფიერი იყო, მით უმეტეს, 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ შექმნილი ახალი რეალობის ფონზე. მთავარი შთაბეჭდილება, რაზეც ზურაბ ჟვანიამ და მიხეილ სააკაშვილმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე გაამახვილეს ყურაღდება, ასეთია: ერთი მხრივ, საქართველო კვლავ რჩება შეერთებული შტატების ხელისუფლების სერიოზული ყურადღების ცენტრში, მეორე მხრივ კი, ამერიკული პრესისა და ანალიტიკური ცენტრების მასალებში აშკარად ჩანს სულ უფრო მზარდი სკეპტიციზმი და საქართველო სულ უფრო ხშირად მიიჩნევა არშემდგარ სახელმწიფოდ.

პრესკონფერენციაზე, თავად ვიზიტის შეფასების გარდა, რამდენიმე ისეთ საკითხზეც იყო საუბარი, რაც, ჩვეულებრივ, ქართული პრესის ყურადღების ცენტრში დგას ხოლმე. ჯერ ერთი, ზურაბ ჟვანიამ და მიხეილ სააკაშვილმა ხმამაღლა განაცხადეს, რომ ისინი კვლავ თანამებრძოლები არიან და საკვანძო საკითხებისადმი მათი ხედვა აბსოლუტურად იდენტურია: [ზურაბ ჟვანიას ხმა] “ყველა ძირითად საკითხში, იმაში, რასაც ჰქვია სამომავლო ხედვა, ჩვენ გვაქვს, იდენტური თუ არა, ერთმანეთთან ძალიან ახლო პოზიციები.” [მიხეილ სააკაშვილის ხმა] “კლონირებული პოზიციები…” [ზურაბ ჟვანიას ხმა] “ჩვენ ძალიან სერიოზულად ვფიქრობთ იმაზე, რომ საქართველოში საჭიროა ჩამოყალიბდეს ფართო დემოკრატიული ალიანსი, რომელიც მოიცავს არა მხოლოდ ამ ორ პოლიტიკურ ძალას, არამედ, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ყველა პოლიტიკური ჯგუფი, ყველა ცალკეული პიროვნება, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის ის წარმომადგენლები, ვისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ დემოკრატიულ საქართველოს ჰქონდეს მომავალი, რომ ეს ქვეყანა იყოს სიცოცხლისუნარიანი და დაძლიოს ის პრობლემები, რომლებიც დღეს არსებობს.”

მიხეილ სააკაშვილის თქმით, ერთიანობისკენ სწრაფვა და ამის დემონსტირირება არაერთი ჩინოვნიკის გაღიზიანებას იწვევს: [მიხეილ სააკაშვილის ხმა] “კანცელარიის დერეფნებში და კულუარებში ჭორიკნობას და ფანტაზიას აღარა აქვს საზღვარი. მათ, პირველ ყოვლისა, ის აღიზიანებთ, რომ ამერიკაში მიგვიღეს და შემდეგ ის, რომ ერთიანობის დემონსტრირება მოვახდინეთ. ზოგიერთ ადამიანს ჭირის დღესავით ეშინია, რომ მოხდეს სტრატეგიულ საკითხეში ერთიანობის დემონსტრირება.”

სიახლე იყო ისიც, რომ ზურაბ ჟვანიამ საკუთარი თავი რამდენჯერმე მოიხსენია ოპოზიციის წარმომადგენლად: [ზურაბ ჟვანიას ხმა] “ჩემი, როგორც ოპოზიციის წარმომადგენლის, ჩასვლა გულისხმობდა იმას, რომ ჩვენი მხრიდან ეს გახლდათ პროტესტი კორუფციისადმი იმ არაქმედუნარიანი პოლიტიკის გამო, რომელსაც ატარებდნენ პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია”.

მთავარი სიახლე მაინც ის ახალი რეალობაა, რომელიც 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ ჩამოყალიბდა მსოფლიოში და რომელშიც დღევანდელ საქართველოს უხდება თავისი საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის წარმართვა: [ზურაბ ჟვანიას ხმა] “ჯერ კიდევ ერთი წლის წინათ ძალიან ძნელი წარმოსადგენი იქნებოდა, რომ ცენტრალური აზიის სახელმწიფოებში განლაგდებოდა შეერთებული შტატების სამხედრო კონტიგენტი. მაგრამ დღეს უკვე რეალობაა უზბეკეთსა თუ ყირგიზეთში საკმაოდ მრავალრიცხოვანი სამხედრო კონტიგენტის ყოფნა, რაც, ბუნებრივად, მხოლოდ სამხედრო კონტიგენტის არსებობას არ ნიშნავს”.

ჟვანიას თქმით, მისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა ის ინტერესი და დახმარებისადმი მზადყოფნა, რომელიც შეერთებული შტატების პოლიტიკურმა წრეებმა გამოამჟღავნეს, თუმცა, ამის პარალელურად, მათ სერიოზული სკეპტიციზმის გადალახვაც უხდებოდათ: [ზურაბ ჟვანიას ხმა] “ძალიან ხშირად იხსენიება საქართველო, როგორც არშემდგარი სახელმწიფო. ამდენად, ჩვენ მივიჩნიეთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმის დაფიქსირება, რომ მიუხედავად უამრავი პრობლემისა, ჩვენ არ მიგვაჩნია სწორად, საქართველო შეფასდეს, როგორც არშემდგარი სახელმწიფო. რომ საქართველო არის გამორჩეული იმ მუხტით, რომელიც გააჩნია ქართულ სამოქალაქო საზოგადოებას და საქართველოს გააჩნია უნიკალური პოტენციალი, მსოფლიოს ამ ნაწილში შექმნას ჭეშმარიტად დემოკრატიული საზოგადოება."
XS
SM
MD
LG