Accessibility links

logo-print

შარონი სამხედრო აქციების გაძლიერებას აპირებს


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა არიელ შარონმა განაცხადა ოთხშაბათს, რომ ცვლის პალეტინელთა მიმართ მოქმედების კურსს.

შარონს თავად არ დაუზუსტებია რაში მდგომარეობს შეცვლილი კურსი, მაგრამ მისი თანაშემწეების თქმით, ეს იქნება სწრაფი, მცირემასშტაბიანი სამხედრო ოპერაციების რიცხვის მკვეთრი ზრდა.
“აქამდე არაფერმა გაჭრაო”, თქვა შარონის მრჩეველმა დორი გოლდმა.

სამხედრო მიმომხილველების თქმით, შარონი ჯერჯერობით გამორიცხავს პირდაპირ იერიშს პალესტინელთა ლიდერ იასირ არაფატზე, რომელიც მის რეზიდენციაში, მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირის ქალაქ რამალაშია გამოკეტილი. თუმცა შარონმა არაფატს “თამაშიდან გამოსული” უწოდა, ისრაელისა და შეერთებული შტატების ოფიციალური პირები შიშობენ, რომ მისი ფიზიკური განადგურების მცდელობამ მეზობელ არაბულ ქვეყნებში არასტაბილურობა, ხოლო ოკუპირებულ ტერიტორიებზე შეიძლება აჯანყების გაფართოებაც კი გამოიწვიოს.

ოთხშაბათს და ხუთშაბათს დილას ისრაელმა პალეტინელთა წინაღამის თავდასხმის საპასუხოდ განახორციელა სამხედრო ოპერაცია – საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო იერიში, რომელშიც განადგურებულ იქნა პალესტინის რადიოსადგური ღაზის სექტორში. ქალაქ რამალასთან პალესტინელი ექსტრემისტები, არაფატის “ფათაჰის” მოძრაობიდან თავს დაესხნენ საკონტროლო პუნქტს და მოკლეს 6 ჯარისკაცი. ეს იყო ყველაზე სისხლიანი თავდასხმა ისრაელის ჯარისკაცებზე ინტიფადის 17 თვის განმავლობაში.

არაფატმა სამხედრო მუქარის საპასუხოდ, ასოშიეიტედ პრესისითვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, “ჩვენ ვერც ტანკები და ვერც თვითმფრინავები დაგვაშინებსო”.

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯორჯ ბუში შეშფოთებულია ძალადობის ესკალაციით, მაგრამ პასუხიმგებლობა არაფატს დააკისრა. მისი თქმით, არაფატს მართებს გადაჭრით მოქმედება ძალადობისა და ტერორის აღსაკვეთად.

შარონი ორ ცეცხლს შუა იმყოფება. მისი კოალიციის მემარჯვენე ფლანგი მოითხოვს დასავლეთ ნაპირისა და ღაზის სექტორის რეოკუპაციას. ულტრანაციონალისტურმა “ეროვნული ერთიანობის პარტიამ” განაახლა ე.წ. “ტრანსფერის” ანუ ოკუპირებული ტერიტორიებიდან პალესტინელთა გაძევების კამპანია. ზოგიერთი მემარჯვენე დეპუტატი მთავრობის დამხობით იმუქრება, თუ შარონი არ დათანხმდება პალესტინური ავტონომიის გაუქმებასა და არაფატის განადგურებაზე.

მეორე მხრიდან შარონს მშვიდობის ბანაკი უტევს. ეს ფრთა თვლის, რომ სამხედრო ესკალაცია იქნება ამაო და მოითხოვს ყველა ოკუპირებული ტერიტორიის დატოვებას. მათ რიგებს, ბოლო დროს, შეემატა არმიის რეზერვისტების დიდი რიცხვი, რომლებიც ტერიტორიებზე სამხედრო სამსახურზე უარს ამბობენ.

მშვიდობისა და უშიშროების საბჭომ, ჯგუფმა რომელიც ითვლის 1000-მდე წევრს – ყოფილ გენერლებს, ოფიცრებსა და უშიშროების სამსახურების თანამშრომლებს – ამ კვირაში დაკავებული ტერიტორიებიდან ცალმხრივად უკანდახევის კამპანია წამოიწყო.

ადრე თუ გვიან შარონს მოუხდება გადაწყვეტილების მიღება. ჯერჯერობით კი, როგორც ისრაელის ერთერთმა ოფიციალურმა პირმა თქვა, სიტუაცია წააგავს გზას: მასზე მიდის ისრაელის უზარმაზარი მანქანა, მის შესახვედრად კი მოქრის პალესტინელთა პატარა მოტოციკლეტი, დატვირთული ასაფეთქებელი მასალით.
XS
SM
MD
LG