Accessibility links

logo-print

გაიმართა გუჯარ ყურაშვილის და ირაკლი დოკვაძის სასამართლო პროცესები


სოზარ სუბელიანი, თბილისი 22 თებერვალს გლდანი-ნაძალადევისა და მთაწმინდა-კრწანისის სასამართლოები ორი მსჯავრდებულის – ირაკლი დოკვაძისა და გუჯარ ყურაშვილის პირობით ვადამდელი გათავისუფლების საქმეს იხილავდნენ.

ამ ორ საქმეს ერთმანეთთან არაფერი აკავშირებთ, გარდა ბრალდების სახელწოდებისა: ირაკლი დოკვაძე 10 წლის წინ ხილიანზე განხორციელებული ტერაქტის გამოა მსჯავრდებული, გენერალი გუჯარ ყურაშვილი კი სასამართლომ არშემდგარი ტერაქტის მოწყობის მცდელობისთვის ცნო მსჯავრდებულად.

ირაკლი დოკვაძე და პეტრე გელბახიანი სასამართლომ იმ ტერაქტის განხორციელებაში ცნო დამნაშავედ, რომელსაც რამდენიმე ადამიანის, მათ შორის არასრულწლოვანის, სიკვდილი მოჰყვა. სწორედ ამით იხელმძღვანელა გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარემ ზურაბ რუხაძემ, როცა მსჯავრდებულის ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარი თქვა. [ზურაბ რუხაძის ხმა] “სხვადასხვა დანაშაულთან ერთად მცირეწლოვანი ბავშვის მკვლელობა ედება ბრალად, აფეთქებით… ამაში დაედო მსჯავრი.”

რაც შეეხება გუჯარ ყურაშვილს, მისი სასამართლო პროცესი ორთაჭალის საპატიმროში გაიმართა, სადაც მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ვაჟა ნიკოლეიშვილმა მისი გათავისუფლების გადაწყვეტილება გამოიტანა. თავისთავად, ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი არ უნდა ყოფილიყო, რადგან გენერალ ყურაშვილს ვადის მოხდამდე მხოლოდ 3 თვეღა ჰქონდა დარჩენილი. მის მიმართ წაყენებული მრავალი ბრალდებიდან უზენაესმა სასამართლომ მხოლოდ ერთი – განუხორციელებელი ტერაქტის მცდელობა დატოვა და მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, საიდანაც 2 წელი და 9 თვე უკვე მოხდილი ჰქონდა. არასამთავრობო ორგანიზაციის – “ყოფილი პოლიტპატიმრები – ადამიანის უფლებებისთვის” – წევრების, გელა ნიკოლეიშვილისა და ნანა კაკაბაძის თქმით, თვით სასამართლოს გადაწყვეტილებამაც დაადასტურა, რომ ყურაშვილის მიმართ წაყენებული ბრალდებები სრულიად უსაფუძვლო იყო: [გელა ნიკოლეიშვილის ხმა] “რაღაცა ზღაპრები, საოცარი, რომელთა ადგილი ფანტაზიის სფეროშია, რაც თვით სასამართლომაც დაადასტურა, როცა მხოლოდ 3 წელი მიუსაჯა და ისიც იმიტომ, რომ გამოშვების შემთხვევაში მისი დამჭერები უნდა დაესაჯათ. ანუ, ეს იყო რაღაცა მცდელობა, როგორმე ჩამოეწერათ ეს საქმე, რომელიც დიდი აჟიოტაჟით აგორდა და ასეთივე აჟიოტაჟით ვეღარ დამთავრდებოდა. უკვე ტვირთად ეკიდათ ეს საქმე…” [ნანა კაკაბაძის ხმა] “უბრალოდ, რამდენადაც ეს კაცი გარკვეულ პერიოდში აღმოჩნდა ციხეში, უკვე ვერც ერთი სასამართლო ვერ იღებს დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას, აღიაროს, რომ ის იყო პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი, რომ ეს ადამიანი იყო უდანაშაულო”.

მიუხედავად ამისა, პროკურორი ზურაბ მაჩიტაძე იმდენად კატეგორიულად ეწინაღმდეგებოდა ვადამდელ გათავისუფლებას, რომ ყურაშვილის გათავისუფლება ბოლო წუთამდე იწვევდა ეჭვს. არადა, უკვე გასული იყო კანონით დაწესებული ყველა დრო – პატიმრობის ვადის ნახევარიც, ორი მესამედიც, სამი მეოთხედიც და საპატიმროში მოქცევის ნორმების მხრივაც არ არსებობდა პრეტენზია: [გელა ნიკოლეიშვილის ხმა] “საპყრობილის უფროსი ამბობს – როგორ ვთქვაო, მაგრამ ნეტა ღმერთმა სულ ასეთი პატიმრები მილმცესო… ამისთანა წესიერი ხალხი როგორ ვინატროო, მაგრამ…”

გუჯარ ყურაშვილთან ერთად გასამართლებულთა უმრავლესობა პირდაპირ სასამართლო პროცესიდან გათავისუფლდნენ, ორი მსჯავრდებული კი – ქანთარია და ფანჯიკიძე – სასამართლომ ყურაშვილზე ერთი დღით ადრე, 21 თებერვალს გაათავისუფლა.
XS
SM
MD
LG