Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეროვნილ-დემოკრატიული პარტია ფსევდო-ნაციონალიზმის წინააღმდეგ


გახმაურებული შიდაპარტიული დაპირისპირების განელების შემდეგ ეროვნულ-დემოკრატიული პარტია თავს ფსევდო-ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ გამოსვლით გვახსენებს.

დიდი საბჭოს გადაწყვეტილებით, ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ ჯანსაღ ძალებს მოუწოდა სახელმწიფო ინტერესებით გაერთიანდნენ და ჭეშმარიტად ეროვნული და დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრებისთვის იბრძოლონ.

“არ დავუშვებთ ეროვნული და მართლმადიდებლური ფასეულობების შელახვასა და ქვეყანაში საყოველთაო ნიჰილიზმის გაღრმავებას. არავის მივცემთ ეროვნული იდეოლოგიის პროფანაციისა და ხელშეუხებელი ფასეულობების სპეკულირებით ძალაუფლების ხელში ჩაგდების უფლებას, ღიად ვამხელთ იმ ფსევდო-ქართველებს, რომლებიც ჭეშმარიტი ქართველების იდეის ურცხვად მიტაცების გზით ატყუებენ ხალხს. მოგიწოდებთ ყევლა ჯანსაღ ძალას, გადავდოთ ვიწრო პარტიული ამბიციები და ვიზრუნოთ საერთო სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვაზე. დღეს მხოლოდ ერთიანობა იქნება რეალური სახელმწიფოებრიობის შენების გარანტი,” – დაახლოებით ასეთი შინაარსის რეზოლუცია მიიღო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის დიდმა საბჭომ და
სწორედ ეს რეზოლუცია უნდა გახდეს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის მიერ ფსევდო-ნაციონალიზმის წინააღმდეგ გამოცხადებული ბრძოლის საფუძველი. ბრძოლა, პარტიის ლიდრების თქმით, დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს და საწყის ეტაპზე სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებთან აქტიურ კონსულტაციებში უნდა გამოიხატოს. ასეთ ძალებში ისეთი პოლიტიკური ორგანიზაციები იგულისხმება, რომლებიც ჭეშმარტი და არა ფსევდო-ეროვნული და ფსევდო-დემოკრატიული ფასეულობებით ხელმძღვანელობენ. საერთოდ, არიან თუ არა საქართველოში ასეთი პოლიტიკური ძალები, უკევ ძნელი სათქმელია. ასეა თუ ისე, ორგზის ორად გახლეჩილი ეროვნულ-დემოკრატიული პარტია ფსევდო-ნაციონალიზმთან შებრძოლებას იწყებს:

[ირინა სარიშვილი-ჭანტურიას ხმა] “დღესდღეობით ეროვნულ იდეას ბევრი მოწილე გამოუჩნდა, საკუთარ ნაჭუჭში შეკეტილი მოინტელიგენტო კაცუნების სახით. ისინი საკუთარ თავს ყველაფერზე მაღლა აყენებენ. ისინი, სულიერი იმპოტენციით დათრგუნულები, ხელისუფლების პირველ პირებთან ვითომ ბრძოლით გადიდგულებულნი, ფსევდო-პატრიოტიზმით შეეცდებიან წყლულების დაფარვას.”

პარტიის მთავარ საბჭოზე გამოსულმა ირინა სარიშვილი- ჭანტურიამ “უწარსულო, ურწმუნო, უტრადიციო და უყველაფრო ფსევდო-პატრიოტები” არა ერთხელ ახსენა, თუმცა კი მათი კონკრეტული სახელები და გვარები არ დაასახელა. მაინც ვინ იგულისხმებიან “ფსევდო-ნაციონალური მოძრაობის ფსევდო-ქართველებად” მონათლულებში, ძნელი მისახვედრი არავისთვის არ უნდა იყოს. მიხეილ სააკაშვილის მოძრაობასა და ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიას შორის დაპირისპირება საკმაოდ მოძველებული თემაა. არც ის არის სიახლე, რომ სარიშვილი-ჭანტურია მოპირისპირე მხარეში საშიშროებას იმდენად ხედავს, რამდენადაც ეს უკანასკნელი მასებზე გავლენის შესაძლებლობას ავლენს.

სხვა საკითხია, რას გვაჩვენებს თავად ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, რომელმაც, მისი ლიდერის თქმით, დაამტკიცა, რომ სწორედ ეროვნული და დემოკრატიული ფასეულობებია საქართველოსთვის ყველაზე მეტად მისაღები. ის, შიდა პარტიული დაპირისპირებით დასუსტებული, სხვა ძალებს, ძველებურად, ზეპარტიული ინტერესებით გაერთიანებას ურჩევს, ამჯერად - “ფსევდო-ნაციონალიზმის” წინააღმდეგ.
XS
SM
MD
LG