Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კერძო დეტექტივისა და ნარკოტიკების ლეგალიზების შესახებ


დავით პაიჭაძე, თბილისი 21 თებერვალს პარლამენტი კანონთა შეფერხების პრობლემას იხილავდა. აღმოჩნდა, რომ ბოლო 5 წლის მანძილზე ყველაზე მეტი - 24 განუხილველი კანონპროექტი იურიდიულ კომიტეტს დაუგროვდა.

თითქოს ამის პასუხად, მეორე დღეს, 22 თებერვალს, პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა ერთბაშად 9 კანონპროექტის განხილვა მოაწყო. დავით პაიჭაძე თქვენს ყურადღებას ორ მათგანს მიაპყრობს; ესენია პროექტები კანონებისა "კერძო დეტექტიური და დაცვითი სამსახურის" და "ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ".

ნარკოტიკული საშუალებების შესახებ კანონის პროექტის განხილვას საპარლამენტო კომიტეტში ესწრებოდნენ ჯანდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლები. ამ ორ უწყებას საპირისპირო მიდგომა აღმოაჩნდა პროექტში ჩადებული ერთი ნორმისადმი, რომელიც ნარკომანებისთვის ე.წ. ჩანაცვლებითი თერაპიის შემოღებას ითვალისწინებს. უხეშად რომ ვთქვათ, ეს ნიშნავს: ნარკოტიკული შიმშილის დროს ნარკომანს საშუალება ექნება ლეგალურად მიიღოს ნარკოტიკის მაგიერი პრეპარატი. საკომიტეტო სხდომაზე ამ კონტექსტში ახსენებდნენ მეთადონს. შინაგან საქმეთა სამინისტრო ნორმის დაკანონებას ეწინააღმდეგება. უწყების წარმომადგენელმა, ზაზა ბეროზაშვილმა, ჩვენთან საუბარში განაცხადა [ბეროზაშვილის ხმა]: “მეთადონი არის ერთ-ერთი უძლიერესი ნარკოტიკული საშუალება, რომლის მცირე დოზით მიღებაც კი ადამიანში გენეტიკურ ცვლილებებს იწვევს; ეს არის ნარკომანის გადასმა ერთი ნარკოტიკიდან მეორეზე, ოღონდ იცვლება დილერი: თუ ადრე ნარკობარონი იყო, ახლა ნარკოტიკის მიმწოდებელი სახელმწიფო ხდება”. ზაზა ბეროზაშვილი ირწმუნება, რომ ჯანდაცვის სამინისტრო არ ცდილობს ნარკომანების მკურნალობას არანარკოტიკული საშუალებებით. მეთადონის ლეგალიზება კი საცდური იქნება საზოგადოების ჯანსაღი ნაწილისთვის.

სხვა აზრი აქვს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეს, ზურაბ ადეიშვილს, რომელიც ჩანაცვლების თერაპიას ერთადერთ რეალურ გამოსავალს უწოდებს. რაც შეეხება მეთადონით ან სხვა მსგავსი პრეპარატით გამოწვეულ საფრთხესა თუ ცდუნებას იმათთვის, ვინც ნარკოტიკებს არ მოიხმარს, კომიტეტის თავმჯდომარე მას უსაფუძვლოდ მიიჩნევს [ადეიშვილის ხმა]: “ეს არის გამორიცხული; შეუძლებელია, ამ ჩანაცვლებითი თერაპიის კურსმა მოიცვას მთელი სპექტრი. სახელმწიფოს არა აქვს ამის საშუალება. მეორეც, როდესაც პირი იწყებს ჩანაცვლებითი თერაპიის კურსს, ის გადის დიაგნოსტიკას, შემოწმებას და უკვე უნდა იყოს ნარკომანი”.
ზურაბ ადეიშვილი ლაპარაკობს “კერძო დეტექტიური და დაცვითი სამსახურის შესახებ” კანონზეც. კანონის არსი, ადეიშვილის თქმით, მარტივია: სისხლის სამართლის პროცესში ჩვენთან მოქმედებს შეჯიბრებითობის პრინციპი. ერთ მხარეს არის პროკურორი და გამომძიებელი, [ადეიშვილის ხმა]: “მეორე მხარეს არის დამცველი, მაგრამ მას არა ჰყავს დამხმარე, რომელიც რეალურად შეძლებს საქმის გარემოებათა გამოძიებას. სწორედ ამიტომ, დეტექტიური საქმიანობის შესახებ კანონპროექტის მიღებით, პირს საშუალება მიეცემა, განახორციელოს საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ქმედებები და იყოს პროფესიონალი, რომელიც შეაგროვებს მტკიცებულებებს”.

ორივე კანონპროექტს პარლამენტი მომავალ სასესიო კვირაში განიხილავს.
XS
SM
MD
LG