Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხები


საქართველო-რუსეთის ურთიერთობის მორიგი გამწვავების ფონზე ორი ქვეყნის სახელმწიფო საზღვრის სადელიმიტაციო-სადემარკაციო კომისიის მუშაობა დაიწყო.

საქართველო-რუსეთს შორის სასაზღვრო უთანხმოება რამდენჯერმე შეიარაღებულ კონფლიქტამდეც კი მივიდა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ორ ქვეყანას შორის საზღვრების დადგენის პროცესი დიდ წინააღმდეგობებს წააწყდება. მოსკოვი თბილისზე ზეწოლის ყველა მეთოდს მიმართავს და არაა გამორიცხული საზღვრის დელიმიტაციაც პოლიტიკური ვაჭრობის საგნად იქცეს.

საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრის სადელიმიტაციო-სადემარკაციო კომისიის მუშაობის დაწყება წლების მანძილზე ჭიანურდებოდა. ბოლოს მიზეზად რუსეთის მხარის კომისიის თავმჯდომარის შეცვლა სახელდებოდა. როგორც იქნა, მოსკოვში, საზღვრის დელიმიტაციის საკითხებზე, რუსეთის წარმოდგენა ვიაჩესლავ კრილოვს დაევალა. 19 თებერვალს მოსკოვში მისი და ქართული კომისიის თავმჯდომარის, ზაზა კანდელაკის, არაოფიციალური შეხვედრა გაიმართა.

2 დღიან მოლაპარაკებებისას ზაზა კანდელაკმა თავის რუს კოლეგას სადელიმიტაციო კომისიის მიერ მომზადებული დოკუმენტაცია გადასცა. დოკუმენტაციაში საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრის ქართული ვარიანტია დასაბუთებული. ამ ეტაპზე ორ ქვეყანას შორის საზღვრის ყველაზე სადაო მონაკვეთად სოფელი ფიჭვები რჩება. სოფელი რუსულმა შეიარაღებულმა ძალებმა დაახლოებით 2 წლის წინ იქიდან ქართველი მესაზღვრეების გამოძევების შემდეგ დაიკავეს. მაშინ რუსები ამტკიცებდნენ, რომ ფიჭვები რუსეთის ტერიტორიაა და ამას ქართველი ექსპერტებიც ვერ უარყოფდნენ, თუმცა შემდეგ თბილისის პოზიცია შეიცვალა და ახლა, სოფელი ფიჭვები რომ საქართველოს ტერიტორიაა, 1920 წლის დოკუმენტაციით დასტურდება.

22 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩმა ზაზა კანდელაკმა განაცხადა, რომ ეს დოკუმენტები იმ დროინდელი ხელისუფლების: საქართველოს უმაღლესი საბჭოს, რუსეთის ფედერაციის უმაღლესი ორგანოსა და საკავშირო უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებებია.

[კანდელაკის ხმა] „ანუ ეს ის დოკუმენტებია, რომელიც გამოხატავს იმ პერიოდის სახელისუფლებო სტრუქტურების უმაღლეს დონეს, ამაზე მაღალ დონეზე გადაწყვეტილება არ მიიღებოდა. ჩვენს დოკუმენტებში, რომელიც მათ გადავეცით, პირდაპირ მითითებულია კოორდინატები სოფელი ფიჭვებისა, თუ რა კოორდინატებში უნდა ჩაჯდეს ის, იმ ადმინისტრაციულ რუკაში, რომელიც მაშინ არსებობდა.“

საქართველო-რუსეთის ერთობლივ კომისიაზე ამ დოკუმენტების განხილვა რუსული მხარის ხანგრძლივი მუშაობის შემდეგ მოხდება. ასევე გადასაწყვეტია მოსკოვსა და თბილისს შორის დავის საგნად ქცეული ლარსის მონაკვეთიც, თუმცა ის გაცილებით ნაკლები სიმწვავისაა, ვიდრე სოფელი ფიჭვები.

სულ საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვარი 900 კილომეტრის სიგრძისაა და მისი დიდი ნაწილი - დაახლოებით, 600 კილომეტრი - შეთანხმებულად ითვლება. შედის თუ არა მასში აფხაზეთის მონაკვეთი, ზაზა კანდელაკი ამას არ აკონკრეტებს. თუმცა, ისევე როგროც ჩეჩნეთის მონაკვეთი, სოფელი ფიჭვები სამხედრო-პოლიტიკური ინტერესები გამო გახდა სადაო, არაა გამორიცხული აფხაზეთის სასაზღვრო მონაკვეთიც მოსკოვმა თბილისზე პოლიტიკური ზეწოლის მექანიზმად გამოიყენოს.
XS
SM
MD
LG