Accessibility links

გაიზიარებს თუ არა საქართველო არგენტინის ხვედრს?


სულ უფრო მეტად იძაბება ვითარება ქართველ მეწარმეთა მნიშვნელოვანი ნაწილის ლობირებით შექმნილი იმ კანონპროექტის ირგვლივ,

რომელიც გადახდისუუანარო სამამულო საწარმოებისთვის ვალების 15 წლიან რესტრუქტურიზებას ითვალისწინებს. კანონის მომხრეთა არგუმენტით, ვალების გრძელვადიანი გადავადება, განადგურების პირას მყოფი საწარმოების გადარჩენის ლამის ერთადერთ ხსნას წარმოადგენს. ამასთან, საგადასახადო ამნისტიის იდეას არ იზიარებს პარლამენტართა უმრავლესობა, რომელიც მიიჩნევს, რომ შემოთავაზებული კანონპროექტის მიღება მხოლოდ კორუფციას შეუწყობს ხელს. აღნიშნულ შეფასებას 22 თებერვალს მთლიანად დაუჭირა მხარი საქართველოს ანტიკორუფციულმა საბჭომ. მეტიც, მირიან გოგიაშვილი შიშობს, რომ წარმოდგენილი ფორმით ვალების გადავადების შემთხვევაში საქართველომ შესაძლოა არგენტინის ხვედრი გაიზიაროს.

საქართველოში "საგადასახადო დავალიანებების და სახელმწიფო სესხების რესტროქტურიზაციის შესახებ" კანონპროექტის თანააავტორად, ეკონომიკისა და მრეწველობის ყოფილი მინისტრი ვანო ჩხარტიშვილი და იმ საწარმოთა დირექტორები მიიჩნევიან, რომელთა უმრავლესობამ ვალების სამი წლით გადავადების უფლებით ერთხელ უკვე ისარგებლა, მაგრამ ვერც მიმდინარე გადასახადები გადაიხადა და ვერც ძველი დაფარა.

სწორედ ამის გამო, 80 საწარმოდან რესტრუქტურიზების რეჟიმი, პრეზიდენტის ბრძანებულებით, შეუწყდა 36-ს, ხოლო დარჩენილი 44 დან იმავე ბედს კიდევ 20 გაიზიარებს.

ამ ფონზე, ვალების 15 წლით გადავადების მოთხოვნა აშკარად "თიხის ფეხებზე" დგას. თუმცა ამ იდეის აქტიურ მომხრე, ვანო ჩხარტიშვილს თავისი არგუმენტი აქვს და აქცენტს პრობლემის სოციალურ მხარეზე აკეთებს.

[ვანო ჩხარტიშვილის ხმა] "მე მხედველობაში მაქვს დასაქმების ფაქტორი. გამომდინარე აქედან, ჩვენ ვაყენებთ საკითხს, რომ, პირველ ყოვლისა, ის საწარმოები, რომლებიც იხდიან მიმდინარე გადასახადებს, და ამ შემთვევაში, თუ შემოვიდა ინვესტორი, ან მოიძებნა შიდა ინვესტიციები, ჰქონდეთ უფლება, რომ ყოველწლიურად განწერილი ვადებით მოახდინონ თანხების გადახდა. არსებობს ძალიან ბევრი არგუმენტირებული დასკვნა საწარმოთა მხრიდან, სადაც სახელმწიფო სცოდავს და არის შემთხვევები, სადაც მეწარმე სცოდავს, მაგრამ ჩვენ უნდა მივიღოთ შედეგი."

თუმცა ოპონენტებს ეეჭვებათ, რომ ამ გზით მეწარმის გადარჩენა მოხერხდეს. სამაგიეროდ, ისინი თითქმის ერთხმად დარწმუნებულნი არიან იმაში, რომ ეს კანონპროექტი "კორუფციის მაღალი რისკის შემცველია". ამ საშიშროებახე სასაუბროდ, 23 თებერვალს, საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა მირიან გოგიაშვილმა საგანგებო პრესკონფერენცია მოიწვია.
[მირიან გოგიაშვილის ხმა] "სქემა არის მარტივი. დღეისთვის ქვეყანაში გადავადებულია, დაახლოებით, 45 მილიონის საგადასახადო დავალიანება. როდესაც ქვეყანაში საერთოდ ძველი ვალების დაფარვაზე ვსაუბრობთ შვიდ მილიონზე, ამხელა თანხების გადავადება სხვისთვის, მათ შორის, ბიზნესმენებისთვის, მიუღებელია. და მარტივად რომ ავხსნათ ამასთან დაკავშირებით პრობლემა, ეს არის ვალების ხელოვნურად დაგროვების სქემა. გადასახადების წინასწარი გადახდით, იგივე ამ ვალების რესტრუქტურიზაციით, ხელოვნურად ვქმნით იმ მაკროპარამეტრებს, რომლებიც საბოლოოდ ჩვენს ქვეყანაზე უარყოფითად აისახება და ამის ნათელი დადასტურებაა, რაც არგენტინაში მოხდა ამ რამდენიმე ხნის წინ."

ერთი სიტყვით, საქართველომ არგენტინის ბედი რომ არ გაიზიაროს, ანტიკორუფციული საბჭო აპირებს პრეზიდენტის წინაშე წარსდგეს ახალი რეკომენდაციით, რომელიც რესტრუქტურიზების პრაქტიკის გაუქმებასა და გაკოტრების მექანიზმის ამოქმედებას ითვალისწინებს.
ყველაზე უცნაური კი ამ დაპირისპირებაში მაინც ის არის, რომ როგორც კანონპროექტის მომხრეები, ისე მისი მოწინააღმდეგეები თანაბრად არიან დარწმუნებულნი საქართველოს პრეზიდენტის მხარდაჭერაში.
XS
SM
MD
LG