Accessibility links

logo-print

კოფი ანანი ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტში მესამე მხარის ჩარევის მოწოდებით გამოდის


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა ხუთშაბათს პალესტინელ მეთავალყურეთა მისიის მოთხოვნით (მისია ისრაელს სახელმწიფო ტერორიზმში ადანაშაულებს), შეიკრიბა გაეროს უშიშროების საბჭო,

რომელზეც გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა მოითხოვა საერთაშორისო საზოგადოებრიობის უფრო ფართო ჩარევა ისრაელსა და პალესტინელთა შორის კონფლიქტში, რათა მიღწეულ იქნეს ახლო აღმოსავლეთში ხანგრძლივი და სამართლიანი მშვიდობა.

ამ კვირაში სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა. ორშაბათის შემდეგ თითქმის 50 ადამიანი დაიღუპა პალესტინელთა ტერორიტულ აქტებსა და ისრაელის საპასუხო მოქმედებებში.

კოფი ანანის თქმით, საერთოდ გაქრა ნდობა ისრაელისა და პალეტინელთა ლიდერებს შორის, და მესამე მხარის ჩარევა სასიცოცხლოდ აუცილებელი გახდა. გენერალურმა მდივანმა თქვა, რომ დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს ცეცხლი, რასაც უნდა მოჰყვეს მოლაპარაკებები.

უშიშროების საბჭომ ახლო აღმოსავლეთის პრობლემა უკანასკნელად გასულ დეკემბერში განიხილა. მაშინ შემუშავებულ იქნა რეზოლუცია, რომელიც გმობდა ტერორიზმს და რეგიონში საერთაშორისო მეთვალყურეების გაგზავნას მოითხოვდა. შეერთებულმა შტატებმა ვეტო დაადო რეზოლუციას, განაცხადა რა, რომ კონფლიქტი ისრაელმა და პალესტინელებმა ორმხრივ მოლაპარაკებებში უნდა მოაგვარონ.

ხუთშაბათს საბჭოში ანანის გამოსვლის შემდეგ, შეერთებული შტატების წარმომადგენელმა გაეროში ჯონ ნეგროპონტემ უთხრა ჟურნალისტებს, რომ სამშვიდობო მცდელობები ვერ წაიწევს წინ, სანამ სავსებით არ მოგვარდება უსაფრთხოების საკითხები.

შეერთებული შტატები კრიტიკულად ეკიდებოდა გაეროს უშიშროების საბჭოს წინა მცდელობებს ახლო აღმოსავლეთში, აცხადებდა რა, რომ ისინი არასამართლიანად უდგებოდა ისრაელს. ისრაელს აქვს უფლება დაიცვას თავი მის მოქალაქეებზე ტერორისტული თავდასხმებისგან, ამ აზრს ატარებს ვაშიგტონი.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა არიელ შარონმა ხუთშაბათს ერისადმი მიმართვაში თქვა, რომ სანამ დაიწყებოდეს სამშვიდობო მოლაპარაკებები, საჭიროა ძალადობის შეწყვეტა. მან წამოაყენა საბუფერო ზონების შექმნის იდეა, პალესტინელთა და ისრაელის გაშორიშორების მიზნით. დეტალები მას არ დაუზუსტებია.

შარონის მრჩეველმა დორი გოლდმა აგრეთვე თქვა, რომ ისრაელი ვერ შეურიგდება მის მოქალაქეებზე განუწყვეტლივ თავდასხმებს. “ყოველ გახმაურებულ ტერორისტულ აქტზე მოდის ათობით დროზე შეჩერებული თავდასხმაო”, თქვა მან.

მაგრამ პალესტინელი და არაბი დიპლომატები გაეროში აბობენ, რომ ისრაელი იყენებს ტანკებსა და ბულდოზერებს პალესტინელთა დასახლებების წინააღმდეგ, რაც სახელმწიფო ტერორიზმის ტოლფასია.

როგორც იტყობინებიანა, უშიშროების საბჭოს მიერ შემუშავებული რეზოლუციის პროექტი მოითხოვს ძალადობის დაუყოვნებლივ შეწყვეტას, მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებას და საერთაშორისო მეთვალყურეთა ჯგუფის შექმნას. ისრაელი წინააღმდეგია ასეთი სამონიტორო ჯგუფისა და შეერთებულმა შტატებმა მიანიშა, რომ არ დაუჭერს მხარს რეზოლუციის ამ ვარიანტს.
XS
SM
MD
LG