Accessibility links

logo-print

ყოველკვირეული რადიოჟურნალი


წამყვანი: ბიძინა რამიშვილი, პრაღა 423-ე გამოშვება.



ბიძინა რამიშვილი: ძვირფასო რადიომსმენელებო. გთავაზობთ რადიოჟურნალ "მეათე სტუდიის" მორიგ, 423-ე გამოშვებას. დღეს გესაუბრებით იმაზე, თუ რატომ გახშირდა ანტიკორუფციული საბჭოს მდივნის კრიტიკა; შევეხებით ”ძველი ბიჭების” ინსტიტუტს ქართულ პოლიტიკაში; თქვენს ყურადღებას შევაჩენებთ შავი ზღვის რეგიონის პრობლემებთან დაკავშირებულ სემინარზე; გადაცემის ბოლოს კი შემოგთავაზებთ ინტერვიუს გერმანელ ქართველოლოგთან, ოლივერ რაისნერთან. პრაღაში პროგრამას უძღვება ბიძინა რამიშვილი.

რატომ გახშირდა ანტიკორუფციული საბჭოს მდივნის კრიტიკა

ბიძინა რამიშვილი: კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით საზოგადოებაში მეტად საინტერესო განწყობილებაა შექმნილი. ერთი მხრივ, არავინ აყენებს ეჭვქვეშ კორუფციასთან ბრძოლის აუცილებლობას. მეორე მხრივ, დიდია ეჭვი, რომ ხელისუფლებას სურს კორუფციასთან ბრძოლა. თუმცა, როგორც კი რომელიმე მოხელე კორუფციასთან კავშირების გამო თანამდებობიდან იხსნება, მაშინვე ჩნდება ეჭვები ამ გადაწყვეტილების პოლიტიკური სარჩულის შესახებ. მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის კობა ბუჩუკურის თანამდებობიდან გათავისუფლებას ანტიკორუფციული საბჭოს მდივნის, მირიან გოგიაშვილის კრიტიკის ქარცეცხლი მოჰყვა. რატომ გახშირდა ანტიკორუფციული საბჭოს მდივნის კრიტიკა – ამ თემაზე თამარ ჩიქოვანი გესაუბრებათ.

თამარ ჩიქოვანი: შეგახსენებთ – ორი კვირის წინათ პრეზიდენტმა შევარდნაძემ მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი კობა ბუჩუკური მთავრობის სხდომაზევე გაათავისუფლა თანამდებობიდან მას შემდეგ, რაც ანტიკორუფციული საბჭოს მდივანმა მირიან გოგიაშვილმა ბუჩუკური სახელმწიფო მოხელესთვის აკრძალულ საქმიანობაში დაადანაშაულა. პრინციპში, ეს პირველი შემთხვევა გახლდათ, როცა ანტიკორუფციული საბჭოს მოხსენებას პრეზიდენტის მხრიდან რეაგირება მოჰყვა.

შესაბამისად, უცნაურად გამოიყურება ის რეაქცია, რაც პრეზიდენტის გადაწყვეტილებამ გამოიწვია. პოლიტიკოსთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ პრეზიდენტმა შევარდნაძემ კობა ბუჩუკური პოლიტიკური მოტივების გამო მოიშორა თავიდან. ცნობისთვის – მოარული ხმებით, ყოფილი გუბერნატორი ზურაბ ჟვანიას და მისი გუნდის მიმართ სიმპატიებს არ მალავდა. აშშ-იდან დაბრუნებული პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ზურაბ ჟვანია აცხადებს:

[ზურაბ ჟვანიას ხმა] “ბუჩუკურის მოხსნა ანტიკორუფციული კამპანიის მოტივით არის, უბრალოდ, სასაცილო და სამარცხვინო. სასაცილო არის იმიტომ, რომ ყველამ შესანიშნავად იცის, რომ იგივე გუბერნატორებს შორის, თუ მიდგება საქმე, არსებობს ბევრად უფრო სერიოზულ კორუფციაში ეჭვმიტანილი სხვა წარმომადგენლებიც. სამარცხვინო გახლავთ იმის გამო, რომ როცა ქვეყანაში ანტიკორუფციული კამპანია გადაიქცევა, უბრალოდ, პოლიტიკურ ანგარიშსწორებაში, ეს არის იმის დასაწყისი, რომ მოხდეს უკვე საბოლოოდ ყველა სტრუქტურის დისკრედიტაცია, რომელიც ჩართულია ამ კამპანიაში. მე ძლიან მწყდება გული, რომ ანტიკორუფციული საბჭო, რომელსაც მე გარკვეული იმედებით ვუყურებდი, აღმოჩნდა უბრალოდ ინსტრუმენტი ამ პოლიტიკურ ანგარიშსწორებაში და მეტი არაფერი.”

სამწუხაროდ, ამ განცხადებით გაუგებარია, როგორ უნდა დადგინდეს “მჯობნზე მჯობნი” კორუმპირებული გუბერნატორი, რომლის თანამდებობიდან გათავისუფლებას სრულიად საქართველოს გახარება მოჰყვებოდა, მაგრამ ნათელია ის, რომ ზურაბ ჟვანია არ უარყოფს ბუჩუკურის კორუმპირებულობას. უბრალოდ, მას სხვებთან შედარებით ნაკლებად კორუმპირებულად მიიჩნევს... არანაკლებ საინტერესოა კიდევ ერთი პარლამენტარის, ”აღორძინების” წევრის გიორგი თარგამაძის რეაქცია კობა ბუჩუკურის გათავისუფლებაზე. მან ანტიკორუფციული საბჭოს მდივანს მირიან გოგიაშვილს ქვეყნის მასშტაბით კორუფციასთან ბრძოლის დაწყებამდე საკუთარ ოჯახში ურჩია ანტიკორუფციული ღონისძიებების ჩატარება. შესაბამისად, საკმაოდ უცნაური მდგომარეობა იქმნება. ერთის მხრივ, ყველა ბრალს დებს ხელისუფლებას, კორუფციასთან –ქართველი ჟურნალისტების საყვარელ გამოთქმას თუ მოვიშველიებთ – ნების არარსებობაში. ხოლო როგორც კი ხელისუფლება ასეთ ნებას გამოაჩენს – ირგვლივ მყოფნი ამას პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებენ. დასკვნა პესიმისტურია – ან ხელისუფლება მართლაც კორუფციასთან ბრძოლას პოლიტიკურ ოპონენტებთან საბრძოლველად იყენებს, ან პოლიტიკური ოპონენტები, რომლებიც ხელისუფლებას კორუფციასთან ბრძოლისკენ მოუწოდებენ, სინამდვილეში მაინცდამაინც ამ ბრძოლის დაწყებით დაინტერესებულნი არ არიან.

რა თქმა უნდა, ძალიან ძნელია მოიძებნოს დღეს საქართველოს ხელისუფლებაში მყოფი ან აწ უკვე ხელისუფლებიდან წამოსული ადამიანი, რაღაც ფორმით კორუფციაში რომ არ იყოს გახვეული. პრეზიდენტ შევარდნაძის ერთი წლის წინანდელი განცხადება ამის საუკეთესო მაგალითად გამოდგება:

[ედუარდ შევარდნაძის ხმა] “ საქართველოში იმდენი ხალხია კორუფციაში ჩარეული თუ ჩართული, ყველა რომ – წარმოვიდგინოთ – დავაპატიმროთ, სახელმწიფოს საპატიმრო ადგილები არ ეყოფა.”

სწორედ ეს არის ყველაზე შემაშფოთებელი და სამწუხარო. შემაშფოთებელია, როცა მეტ-ნაკლებად ყველა მოხელეზე არსებობს მისი კორუმპირებულობის დამადასტურებელი კომპრომატი. ახლა, როცა კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით რაღაც ღონისძიებელი შეიძლება გატარდეს, დიდია იმის შესაძლებლობა, რომ საქართველოში კომპრომატების ომმა არნახულ მასშტაბს მიაღწიოს. თუმცა, მეორე მხრივ, ალბათ, საზოგადოებისთვის დიდი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს, ვინ მეტად არის კორუმპირებული და ვინ ნაკლებად, რადგან ადამიანი ან არის კორუმპირებული და ან – არა.

თამარ ჩიქოვანი, რადიო ”თავისუფლებისთვის”, თბილისი

მუსიკა

ძველი ბიჭები ქართულ პოლიტიკაში

თბილისში გამომავალი ჟურნალის, "დრო მშვიდობისა"-ს, მესამე ნომერში დაიბეჭდა ფსიქოლოგ გაგა ნიჟარაძის წერილი "ძველი ბიჭები", რომელსაც თავად ავტორი "ანთროპოლოგიურ-ფსიქოლოგიურ ეტიუდს" უწოდებს. წერილში გამოკვლეულია ”ძველი ბიჭის”, როგორც თბილისური სუბკულტურისათვის დამახასიათებელი ტიპის, წარმოშობა, აღწერილია ამ პერსონაჟის გამორჩეული ნიშნები. "ჩვენი საზოგადოების ცხოვრებაში ბევრი თეთრი ლაქაა, რომლებითაც ცოტა ვინმე თუ დაინტერესებულა; არადა, მათ უკან ყოველთვის კონკრეტული, ცოცხალი და საინტერესო რეალობა იმალება. ისიც უდავოა, რომ "ნაცნობი უცნობები" ზემოქმედებენ საერთო ქართულ მენტალიტეტზე, ქცევის ნორმებზე და ა.შ. მაგალითად, ჩემი აზრით, ძველბიჭური რეალიები გარკვეულ გავლენას ახდენენ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაზეც კი", - აღნიშნავს ავტორი სტატიის ბოლოს. ჩვენმა თანამშრომელმა დავით პაიჭაძემ გაგა ნიჟარაძეს სწორედ ამ გავლენების აღსაწერად მიმართა.

დავით პაიჭაძე: გაგა ნიჟარაძის აზრით, ძველი ბიჭის ტიპი ჩამოყალიბებას იწყებს გასული საუკუნის 60-ანი წლების ბოლოდან, ხოლო მისი სოციალური წარმატების პიკი მოდის 1992-94 წლებზე, როცა შესაბამისი გაგება მცირე ხნით გაბატონდა საქართველოში. სხვათა შორის, სწორედ 90-ანი წლებიდან დაიწყეს ჩვენმა პოლიტიკურმა მოღვაწეებმა თავმომწონედ ლაპარაკი ე.წ. “ქუჩის აკადემიაზე”, რომელიც მათ ყმაწვილკაცობისას გაიარეს. [ნიჟარაძის ხმა]: “და მათგან წამოსული ეს სტერეოტიპები და გაგების ელემენტები დარჩა. პარლამენტშიც ხშირად გაიგებ: “წამო, გარეთ გავიდეთ და კაცურად ვილაპარაკოთ”! ანუ საპარლამენტო გამოთქმები, მთელი ეს დემოკრატიული პროცედურები, სპიკერობა და ა.შ. ძალიან ხშირად გადაიდება გვერდზე, იმიტომ რომ ჯერ ამ ხალხისთვის ორგანული არ არის და უბრუნდება დონეს, ახალგაზრდობაში რომ მიეჩვია. აი, როგორც მთვრალ კაცს ეხსნება ხოლმე კონტროლი და მისი შინაგანი ბუნება გამომჟღავნდება, დაახლოებით ასეთი რამ ემართებათ ჩვენს პოლიტიკოსებს; ძლიერი ემოცია როცა ამოძრავებთ, გადადიან მათთვის უფრო ჩვეულ ხერხებსა და გაგებაზე”.

პოლიტიკურ ელიტას საქართველოში ათწლეულების მანძილზე კომკავშირი და პარტია ამზადებდა. გაგა ნიჟარაძის თქმით, ამ ორგანიზაციებში ხშირად ერთიანდებოდნენ ქუჩიდან მისული ადამიანები და წარმატებასაც აღწევდნენ. ეს, ერთი შეხედვით, პარადოქსულია, რასაც ჩემი რესპონდენტი ასე ხსნის [ნიჟარაძის ხმა]: “წარმატებული და ავტორიტეტიანი ძველი ბიჭი, როგორც წესი, რაღაც ნიჭითა და ჭკუით იყო დაჯილდოებული; გვიანდელ საბჭოთა საქართველოში კი წარმატებისკენ სამი ძირითადი გზა მიდიოდა: ნომენკლატურული კარიერა, ჩრდილოვანი ეკონომიკა და მესამე – სუფთა “შავი” გზა. სამივეს დაახლოებით ერთნაირი წარმატებით და სიხშირით ირჩევდა ეს ხალხი, რომელიც დაჯილდოებული იყო ურთიერთობების რაღაც ტალანტით, გამჭრიახობით და ა.შ. სხვა საქმეა, რომ მათ თავიდანვე უშნო ზნეობრივი სისტემა ჰქონდათ ჩადებული”.

გაგა ნიჟარაძეს ხსენებულ სამ გზაზე შემდგარი ტიპები მიაჩნია საქართველოს უახლოესი წარსულის მთავარ სოციალურ ფიგურებად. მათგან ერთის (საბჭოთა პერიოდში საქმოსნებს რომ უწოდებდნენ) ბედი არცთუ სახარბიელოა; [ნიჟარაძის ხმა]: “ჩრდილოვანი ეკონომიკა იმდენად იყო მორგებული საბჭოთა ეკონომიკას, რომ მის გარეშე სიცოცხლე არ შეეძლო. ჩრდილოვანი ეკონომიკის ბევრი მაგნატი ახლა შიმშილით კვდება, ვერანაირად ვერ მოერგო ახალ რეალიებს. აი, სწორედ წვენებში და მატყლებში მომუშავე ხალხს ახლა ძალიან უჭირს. არის ერთი-ორი კაცი, ვინც თავისი შნო გამოამჟღავნა, მაგრამ, ძირითადად, ისინი საბჭოთა ყაიდაზე იყვნენ აწყობილნი.”

გაგა ნიჟარაძის აზრით, ძველი ბიჭი, კლასიკური სახით, გაიშვიათებას იწყებს და თუ ის, ვთქვათ, კინტოსა და ყარაჩოღელის ბედს გაიზიარებს, გული არავის დასწყდება. მაგრამ ამ ტიპის მოსპობაზე ლაპარაკი ნაადრევია. მოსალოდნელია, რომ ახლო მომავალში მას მემკვიდრეები დარჩება. ძველი ბიჭის გვერდით, საკვლევად და აღსაწერად, არანაკლებ საინტერესოა ნომენკლატურული კომკავშირელი მუშაკი, სპეციფიკური უნარებითა თუ ქცევითი სტერეოტიპებით და ქართველი პოლიციელი. სოციალური როლების აღრევისა და უკუღმართი მორალის ნიმუშად გაგა ნიჟარაძემ სწორედ ნაძველბიჭარი ქართველი პოლიციელის სიტყვები გაიხსენა, რომელმაც საჯაროდ, ტელევიზიით გამოსვლისას, უხამსი ფორმით ითაკილა თავისი ფუნქციის შესრულება – პირის მხილება ქონების დამალვისა და გადასახადების გადაუხდელობისათვის.

დავით პაიჭაძე, რადიო ”თავისუფლებისთვის”, თბილისი

მუსიკა

შავი ზღვის რეგიონის პრობლემებთან დაკავშირებული სემინარი

13-დან 18 თებერვლამდე სტამბოლში გაიმართა წარმომადგენლობითი საერთაშორისო სემინარი თემაზე “შავი ზღვის რეგიონში მდგრადი მშვიდობის დამყარება”. სემინარის ორგანიზება ითავეს სტამბოლის საბანჯის უნივერსიტეტმა, აშშ-ის მშვიდობის ინსტიტუტმა და საბერძნეთის საგარეო პოლიტიკის ფონდმა. მასპინძლებთან ერთად ფორუმში მონაწილეობდნენ 13 სახელმწიფოს მაღალი რანგის დიპლომატები და ექსპერტები, რომელთა შორის იყო საქართველოს სამი წარმომადგენელი. ერთ მათგანს, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული საგარეო პოლიტიკის კვლევისა და ანალიზის ცენტრის დირექტორს, ალექსანდრე რონდელს გიორგი კაკაბაძე ესაუბრა.

გიორგი კაკაბაძე: სემინარი გაიმართა სტამბოლიდან 40 კილომეტრით დაშორებულ თანამედროვე უნივერსიტეტში, რომელიც თურქმა მილიონერმა საბანჯიმ აუშენა და აჩუქა თავის ერს.

სემინარი ჩატარდა სამ ეტაპად. პირველი დღე დაეთმო ზოგადი ხასიათის მოხსენებებს. მონაწილეთა წინაშე წარდგნენ რუსეთის საგარეო და თავდაცვითი პოლიტიკის საბჭოს წევრი ანდრეი ფიოდოროვი, ინგლისელი პროფესორი პატრიკ ფერდინანდი, საბერძნეთის საგარეო პოლიტიკის ფონდის ერთ-ერთი წამყვანი სპეციალისტი პაპა ნიკოლაუ და ალექსანდრე რონდელი. ქართველი ექსპერტის თქმით, [რონდელის ხმა] ”ვინაიდან სულ ოთხი მოსხენება იყო, ამიტომ ჩვენი რეგიონების სპეციფიკისა და ჩვენი მთავრობების შეხედულებების გათვალისწინებით, აგრეთვე, საზოგადოებრივი აზრიდან გამომდინარე, უნდა წარმოგვედგინა ჩვენი ხედვა შავი ზღვის აუზის ქვეყნების მდგომარეობისა და სტაბილური და უსაფრთხოების თვალსაზრისით სანდო ვითარების შექმნისა, განსაკუთრებით კი, ეკონომიკური ცვლილებების თვალსაზრისით.”

ჩემი თანამოსაუბრე აღნიშნავს, რომ, მართალია, შავი ზღვის რეგიონი არ განეკუთვნება ტრადიციული თანამშრომლობის რეგიონს, მაგრამ თანდათან ვითარება იცვლება. ამას მოწმობს, თუნდაც, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის – “ბისეკის” შექმნა. [რონდელის ხმა] ”აი, სწორედ “ბისეკის” განვითარებასაც დაეთმო ძალიან ბევრი დრო ამ სემინარზე იმიტომ, რომ “ბისეკი” ახალი ოგანიზაციაა: ათი წელია, რაც არსებობს და ეს საქართველოსათვის უაღრესად მნიშვნელოვანია. უნდა გითხრათ, რომ ქართველი არის ამჯერად ამ ორგანიზაციის გენერალური მდივანი, სრულუფლებიანი ელჩი, ბატონი ვალერი ჩეჩელშვილი. ის ყველაზე მაღალი რანგის ქართველი დიპლომატია დღეისათვის და დიდი წარმატებითაც ართმევს თავს ამ მოვალეობის შესრულებას.”

სტამბოლის სემინარის მეორე ეტაპზე, ორი დღის განმავლობაში თამაშდებოდა კონფლიქტების მოგვარების სიტუაციები. ამ პროცესში აქტიურად იყო ჩართული სემინარის ყველა მონაწილე, მათ შორის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის თავმჯდომარე დავით კერესელიძე და კავკასიური ინსტიტუტის ექსპერტი მარინა ელბაქიძე.

ალექსანდრე რონდელის თქმით, კონფლიქტების მოგვარების გათამაშებამ, იგივე მოდელირებამ, აჩვენა, რომ დასავლეთში ძალიან სერიოზულად აპირებენ შავი ზღვის რეგიონში არსებული კონფლიქტების მოგვარებას და, უპირველესად, ყარაბაღის კონფლიქტისა, ვინაიდან მასში სამხრეთი კავკასიის ორი სახელმწიფო დაუპირისპირდა ერთმანეთს. [რონდელის ხმა] “ეს ორდღიანი თამაში ძალიან სერიოზულად იყო ორგანიზებული. თავიდან ცოტა სასაცილოდ მეჩვენებოდა იმიტომ, რომ ნამდვილი ელჩები და უმაღლესი რანგის დიპლომატები მონაწილეობდნენ ამაში. შემდეგ ისე შევედით როლებში, რომ დავიწყეთ ნამდვილი ბრძოლა ინტერესებისათვის. საინტერსოა, რომ ყველას ჰქონდა თავისი ინსტრუქციები და საიდუმლო ინსტრუქციებიც კი.”

სტამბოლის სემინარის მესამე ეტაპზე, ბოლო ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა შავი ზღვის რეგიონის პრობლემების განხილვა-შეფასება და მუშაობა რეგიონისათვის საჭირო პოლიტიკის შექმნაზე. სემინარის მონაწილეებმა მიიღეს შემაჯამებელი დოკუმენტი, სადაც გათვალისწინებულია ფორუმზე გამოთქმული მოსაზრებები.

ალექსანდრე რონდელის თქმით, მსოფლიოში სულ უფრო მეტ დაინტერესებას იჩენენ შავი ზღვის რეგიონის პრობლემებისადმი. ამიტომ ქართველი ექსპერტი მიიჩნევს, რომ სტამბოლის სემინარის მსგავსი შეხვედრები მომავალშიც გაიმართება.

გიორგი კაკაბაძე, რადიო ”თავისუფლებისთვის”, თბილისი

მუსიკა

ინტერვიუ ოლივერ რაისნერთან

ბიძინა რამიშვილი: ჩვენი დღევანდელი სტუმარი, ისტორიკოსი და ქართველოლოგი ოლივერ რაისნერი, ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს, 80-იანი წლების ბოლოს დაინტერესდა საქართველოთი. მაშინ იგი გიოტინგენის უნივერსიტეტში სწავლობდა. სხვათა შორის, სწორედ რაისნერისა და მისი კოლეგებისა და თანამოაზრეების, მათ შორის თქვენი მონა-მორჩილის, ინიციატივით ჩამოყალიბდა გერმანიის ამ ერთ-ერთ ცნობილ უნივერსიტეტში ქართული ენისა და კულტურის შემსწავლელი ჯგუფი, რომლის საქმიანობამაც დადებითი შედეგი გამოიღო – გიოტინგენი გერმანულ-ქართული კულტურული და სამეცნიერო კონტაქტების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ცენტრად იქცა. ამჟამად ოლივერ რაისნერი ბერლინში, ჰუმბოლდტის სახელობის უნივერსიტეტში მუშაობს და მისი საქმიანობის ცენტრში კვლავ საქართველო დგას. იგი არის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის ცენტრალური აზიის სემინარის მეცნიერ-თანამშრომელი და კოორდინაციას უწევს ცენრალური აზიისა და კავკასიის საკითხებში სტუდენტების მომზადებას. თუმცა, ჯობია, თავად მას მოვუსმინოთ.

იხ. აუდიოვერსია

მუსიკა

წამყვანი: თქვენ მოისმინეთ რადიოჟურნალ "მეათე სტუდიის" მორიგი გამოშვება, რომელიც პრაღაში მოამზადა და უძღვებოდა ბიძინა რამიშვილი. თბილისის ბიუროში ხმის რეჟისორის პულტთან იჯდა ლევან გვარამაძე.
მომავალ პარასკევამდე.

მუსიკა
XS
SM
MD
LG