Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არაფრის მქონე სახელმწიფო "წითელ დირექტორატს"ვალებს გულუხვად პატიობს


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი ადამიანის სამეურნეო და არა მარტო სამეურნეო აქტივობის ძირითადი მოტივი მისი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაა.

თუ ჩვენი ხელისუფლების ქმედებებს ამ ნახევრად ფილოსოფიურ ჭრილში განვიხილავთ, ერთი შეხედვით, ქმედებების მოტივაცია ძნელი დასადგენია. თუმცა, ეს მხოლოდ ერთი შეხედვით. ხელისუფლებას, რომელსაც პერსონალიების ხშირი ცვლის მიუხედავად, ერთ სოციალურ სუბიექტად განვიხილავთ საქართველოს რეალობაში, თითქმის ყოველთვის ჩვეულებრივი მერკანტილური ინტერესი ამოძრავებს, რაშიც, როგორც წესი, მათი, ან მათი ფავორიტების პირადი კეთილდღეობა უნდა მოვიაზროთ.

კვირის მიწურულს ეკონომიკური წრეების ცხარე განსჯის საგნად მთავრობის და უნდა ვივარაუდოთ, პრეზიდენტის, მორიგი ინიციატივა იქცა. "საგადასახადო დავალიანებების და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ" კანონპროეტის განხილვისას ჩვენს მიერ ნახსენები ქცევის მოტივაცია და ხელისუფლების, ამ შემთხვევაში მთავრობის, ინტერესი სავსებით გამოკვეთილად იშიფრება.

ექს-ეკონომიკის მინისტრის ვანო ჩხარტიშვილის ნაზარდ იდეას "საგადასახადო ამნისტიის" შესახებ მთავრობა კვლავ სიხარულით დაუბრუნდა. ახალ კანონპროექტს ამჟამინდელი ეკონომიკის, ფინანსთა და საგადასახადო შემოსავლების მინისტრების ვიზაც ამშვენებს. ანუ ნოვაცია ფაქტობრივად, მთლიანად ეკონომიკური ბლოკის პირმშოა. საგულისხმოა, რომ იმ პერიოდში, როდესაც ხელისუფლება ერთის მხრივ გადასახადების მობილიზებასა და კორუფციასთან მუხლჩაუხრელი ბრძოლის იმიტაციას აკეთებს, ამ კანონპროექტით დეკლარირებული რეფორმეტორული მანევრირების საშუალებასაც ნაკლებად იტოვებს.

აქამდე მოქმედი კანონის მიხედვით, დღემდე საქართველოში სხვადასხვა გზით დაგროვებული 88 მილიონი ლარია რესტრუქტურიზებული. საწარმოებმა 3 წლის ვადით გადავადებული დავალიანების ვერც შემცირება და ფაქტობრივად, ვერც ამ ობიექტების რეალური ამუშავება შეძლეს. იმის მაგივრად, რომ სახელმწიფომ გაკოტრების შესახებ კანონი აამუშავოს, ან უარეს შემთხვევაში რესტრუქტურიზაციას დაქვემდებარებული საწარმოების ნუსხა მნიშვნელოვნად მოკვეცოს, პირიქით, გაუგონარი "გულმოწყალების" გამოჩენას აპირებს და "საგადასახადო ამნისტიის" ხანგრძლივობის ვადა შესაძლოა 15 წლამდე გააგრძლეოს. თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ რესტრუქტურიზაციით და რეალურად კი ვალების ჩამოწერით სარგებლობდნენ ძირითადად ხელისუფლების ახლოს მოტრიალე ეკონომიკური ჯგუფები, ძნელი წარმოსადგენი არაა, რომ ახალ კანონპროექტს ბევრი გავლენიანი მხარდამჭერი ეყოლება. სხვათაშორის, ეს უკვე ნათლად გამოიკვეთა, როდესაც ანტიკორუფციული საბჭო, დეპუტატთა და დამოუკიდებელ ექსპერტთა ნაწილი მთავრობის ექსპერიმენტს აკრიტიკებდნენ და მას კორუფციის მაღალი რისკის შემცველ დოკუმენტად მოიხსენიებდნენ. ქართული ეკონომიკური ელიტა, უკეთ კი პრივილეგირებულ საქმოსანთა კოჰორტა, გადამხდელთთა კავშირში კანონპროექტის დითირამბებში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს.

მეწარმეთა არგუმენტი ერთი შეხედვით ლოგიკურია - სახელმწიფოს ბიზნესის ნორმალური განვითარებისათვის ჯერ არ შეუქმნია სასურველი გარემო და ამიტომ მან (სახელმწიფომ) კეთილი უნდა ინებოს და ცუდი ბიზნესგარემოს გამო წარმოქმნილი ვალები უნდა აპატიოს "დაჩაგრულ" მეწარმეს. თუმცა, რესტრუქტურიზაცია დაქვემდებარებულ სამეურნეო სუბიექტთა რეალური მმართველები ნამდვილად არ არიან დაჩაგრულნი. ჩვენთან, როგორც წესი, სახელმწიფოს მხრიდან რაიმე შეღავათს იღებს ის, ვინც სახელმწიფო ბიუროკრატიასთან სისხლხორცეულად არის შეზრდილი. თავის დროზე, პოსტსაბჭოთა სივრცეში წარმოშობილი ტერმინი "წითელი დირექტორი" სწორედ ამ ტიპის ეკონომიკური გენერლების მკვიდრი სახელი გახლავთ. წითელ დირექტორებს ამჟამად მოქმედი კანონი "ვალების რესტრუქტურიზაციის შესახებ", როგორც ჩანს, ეცოტავათ და იერიში სახელმწიფოს მხრიდან აურაცხელი დავალიანების საშვილიშვილო პატიებაზე მიიტანეს, მათ გავლენას თუ გავითვალისწინებთ, უნდა ვივარაუდოთ, რომ საკმაოდ წარმატებითაც.

ვალების რესტრუქტურიზაციას ხშირ შემთხვევაში ამა თუ იმ საწარმოს სტრატეგიული დანიშნულებით სპეკულირებენ და ამგვარი ობიექტების გასხვისებას არამართებულად მიიჩნევენ, მაგრამ, ტრადიციულად ასეთი ობიექტები კრიზისიდან გამოსვლის არავითარ ნიშანწყალს არ ავლენენ - სხვადასხვა დავალიანებებს კი პერმანენტულად იმატებენ. ანტიკორუფციული საბჭოს მოსაზრებით, ამგვარი სტრატეგიული საწარმოების (თუ ასეთები რეალურად კიდევ არსებობს) გამონაკლის შემთხვევებში სანაციის რეჟიმში გადაყვანა გაკოტრების შესახებ კანონის ფარგლებშიც არის შესაძლებელი, რასაც დასავლური გამოცდილებაც ადასტურებს.

კანონპროექტი მავნე ეკონომიკური პრაქტიკის გარდა სერიოზულ კორუფციულ ნიადაგას ქმნის - იქმნება ისეთი ეკონომიკური გარემო, როცა საწარმოს ხელმძღვანელისათვის ბიუჯეტთან ანგარიშსწორების მოწესრიგების და მოგების მიღების ნაცვლად ვალების ხელოვნურად დაგროვება უფრო სარფიანია, რაც უფრო გავლენიანი მფარველი ჰყავს ამა თუ იმ არარენტაბელურ საწარმოს ხელმძღვანელს ხელისუფლებაში და რაც უფრო მეტია დაგროვილი დავალიანება - მით უფრო სარფიანია გარიგება.

ამ კანონპროექტს დიდი აღფრთოვანებით არ შეხვდებიან არც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები, რომლებიც ამგვარი შეღავათების მიმართ ყოველთვის სკეპტიკურად არიან განწყობილნი. გარდა ამისა, ვალების გრძელვადიანი რესტრუქტურიზაცია და ერთგვარი საგადსახადო ამნსიტია სხელმწიფო ბიუჯეტში თანხების ისედაც დაბალ ადმინისტრირებას კიდევ უფრო შეასუსტებს და არგადამხდელებს მეტ სტიმულს მისცემს.

მთავრობამ თავის სამეურნეო პოტენციალზე პატრონაჟი არა საგადასახადო ოაზისების და ათასგვარი შეღავთების შექმნით უნდა განახორციელოს, არამედ მათ კრიზისიდან გამოსასვლელად სათანადო საკანონმდებლო ბაზა და გარემო უნდა შექმნას. სახელმწიფო, რომელიც არაჯანსაღი ფავორიტიზმით არის გატაცებული ვერასდროს მიიღებს ეკონომიკურ ეფექტს. მთავრობამ ბიზნეს სუბიექტები ჯანსაღი კონკურენციის გარემოში უნდა ამყოფოს და არა კორუფციული გარიგებებით მოახერხოს უპერსპექტივო ექს-საბჭოური მონსტრებისათვის აგონიის გაგრძელება.

რესტრუქტურიზაციის შესახებ კანონპროექტი ზოგადად ქართული ბიზნესის მიმართაც უსამართლობა იქნებოდა, რადგან ისედაც მწირი ლეგალური ბიზნესი, რომელიც ყველაფრის და მიუხედავად, მაინც არსებობს ქვეყანაში, აშკარად არათანაბარ პირობებში ვარდება და იძულუბული გახდება ჩრდილოვანი ეკონომიკის დიდ კოჰორტას შეუერთდეს.

საბოლოოდ, იქმნება სიტუაცია, როდესაც ხელისუფლება - ერთის მხრივ, საგადასახადო ადმინისტრირების გამკაცრების, ბიუჯეტის შესრულებისა და კორუფციასთან ბრძოლის დეკლარაციებს აკეთებს, მეორეს მხრივ, კი გაუმართლებელ საგადასახადო ამნისტიას ცდილობს და ბიუჯეტისათვის კუთვნილ ათეულ მილიონობით ლარზე ნებაყოფლობით, თუმცა, ალბათ არა უანგაროდ, ამბობს უარს.

ხელისუფლების ქცევის მოტივაცია ამ პირობებში ისევ იმ მენტალიტეტში მდგომარეობს, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო, თუმც დაუძლურებული, მაგრამ ჯერ კიდევ მაინც "მეწველი ძროხაა", რომლის მცირედი სიკეთეც რაც შეიძლება სარფიანად ბოლომდე უნდა ამოშრიტო.
XS
SM
MD
LG