Accessibility links

logo-print

საბავშვო ლიტერატურის სიახლეები


წამყვანი: ბიძინა რამიშვილი, პრაღა ახალგაზრდული პროგრამის დღევანდელი გამოშვება იმათ ეძღვნება, ვინც ჩვენს რთულ რეალობაში ბავშვური აღქმა შეინარჩუნა

და ბავშვებს ამ აღქმით დანახული საკუთარი სამყარო შესთავაზა. მოკლედ, დღეს საბავშვო ლიტერატურაზე, ანუ ჩვენი დღევანდელი სტუმრის ნათქვამისა არ იყოს, იმ ჯადოსნურ სამყაროზე ვისაუბრებთ, რომელსაც ქართველი მწერლები იშვიათად თუ სწყალობენ. ორ საინტერესო თარგმანზე საუბრის შემდეგ, გაგაცნობთ ადამიანს, რომელმაც გადაწყვიტა, მხოლოდ საბავშვო პროზის განხრით იმუშაოს.

უკვე ორი კვირაა, რაც თბილისის ერთ-ერთ კინოთეატრში აჩვენებენ ჯონ რონალდ რუელ ტოლკიენის რომანის, "ბეჭდების მბრძანებლის" მიხედვით გადაღებულ ამავე სახელწოდების ფილმს. ფილმის პრემიერას გამომცემელმა ოთარ ყარალაშვილმა დაამთხვია ტოლკიენის მეორე რომანის, "ჰობიტი, ანუ იქით და აქეთ", წიგნად გამოცემა. თბილისში ჯერჯერობით არ უჩვენებიათ არანაკლებ გახმაურებული ფილმი, "ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა", რომლის პრემიერა შარშან, 16 ნოემბერს შედგა. ფილმი ინგლისელი მწერლის, ჯოან როლინგის უაღრესად პოპულარული წიგნის ეკრანიზაციაა, რომელიც რეჟისორ კრისტოფერ კოლამბუსს ეკუთვნის. როდის ჩააღწევს "ჰარი პოტერი" თბილისში, ძნელი სათქმელია, მაგრამ როლინგის პირველი წიგნის თარგმანს ქართველი მკითხველი წელს ივნისში მიიღებს "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობისგან". ჩვენი თანამშრომელი, დავით პაიჭაძე ესაუბრა "ჰობიტისა" და "ჰარი პოტერის" მთარგმნელებს, ნინო ბარძიმიშვილსა და მანანა ანთაძეს.

[ისმის ჯონ ტოლკიენის ხმა]: "Deep down here by the dark water lived old Gollum. I don't know where he came from, nor who or what he was. He was Gollum - as dark as darkness, except for two big round pale eyes” (“აქ, ამ სიღრმეში, ბნელი წყლის პირას ცხოვრობდა ბებერი გოლუმი. არ ვიცი, საიდან მოსულიყო, ან ვინ თუ რა იყო იგი – სიბნელესავით ბნელი, მთისქვეშეთის სიშავეში მხოლოდ ორი დიდი, მქრქალი თვალი მოუჩანდა”)...

დავით პაიჭაძე:
ეს თავად ჯონ ტოლკიენის ხმაა. ის კითხულობს ნაწყვეტს “ჰობიტის” მეხუთე თავიდან “გამოცანები ბნელში”. მაგრამ ვინ არის ჰობიტი? ტოლკიენთან ერთად ამ არსებას წიგნის ქართველი მთარგმნელი, ნინო ბარძიმიშვილი წარმოგვიდგენს [ბარძიმიშვილის ხმა]: “ჰობიტები ტანმორჩილი ხალხია, ადამიანთა სიმაღლის ნახევარი თუ იქნებიან და ტანად წვეროსან გნომებს ჩამოუვარდებიან. მაგიისა და ჯადოსნობის ბევრი არაფერი გაეგებათ, ოღონდ ის კია, რომ სწრაფად და უხმოდ შეუძლიათ გაუჩინარება, როდესაც ჩვენნაირი ზორბა და ბრიყვი ადამიანები მოყიალობენ გზაზე სპილოებივით – ამგვარი ნაბიჯების ხმა ჰობიტებს ერთი მილის იქიდანაც ესმით. წვერი არ ამოსდით, სამაგიეროდ, იოლად იზრდიან ღიპებს. აცვიათ ფერადი სამოსი, მეტწილად ყვითელი და მწვანე ფერის, ფეხსაცმელს არ იცვამენ, რადგანაც ფეხისგულები ბუნებრივი სქელი ლანჩით აქვთ დაფარული და ტერფებზე ისეთივე ხშირი და თბილი, წაბლისფერი თმა ეზრდებათ, როგორც თავზე (ოღონდაც ქოჩორი ხუჭუჭდება). ჰობიტებს აქვთ გრძელი, მარდი მუქი თითები, სანდომიანი სახე და მჟღერი ხმით იცინიან (რა თქმა უნდა, სადილის შემდეგ მეტი ხალისით, სადილობენ კი დღეში ორჯერ, თუ ხელი არაფერმა შეუშალათ)”.

ნინო ბარძიმიშვილის თქმით, რომანის თარგმნა მისთვის არავის შეუკვეთავს. უბრალოდ, წაიკითხა, მოეწონა და თარგმნა. თარგმანი ტრანზიტული არ გახლავთ – ის ორიგინალიდან არის გადმოტანილი. ნინო ბარძიმიშვილი ფიქრობს, რომ რუსული თარგმანი ორიგინალს არ შეეფერება, რადგან, როგორც თავად ამბობს, [ბარძიმიშვილის ხმა]: “ძალიან არის გასაბავშვოებული”. საინტერესოა თარგმანის, ასე ვთქვათ, შემოქმედებითი ისტორიაც [ბარძიმიშვილის ხმა]: “ამ თარგმანის ძირითადი სტიმული ჩემი ქმარი იყო. თარგმანი გაკეთდა ჩვენი ბავშვებისთვის, ვუამბობდი, როგორც ზღაპარს, ძილის წინ. ჯერ კეთდებოდა სინქრონული თარგმანი, მერე ეს ჩაიწერა. კეთდებოდა ჰობის დონეზე”. ჩემი მხრივ დავძენ, რომ მთელი ტექსტი უფრო სერიოზულად არის გამართული, ვიდრე ეს ჩვენში ჰობის შეეფერება.

[ისმის ხმა ფილმიდან “ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა”] ჰარი პოტერს, მთელ მსოფლიოში უაღრესი პოპულარობის მიუხედავად, საქართველოში ჯერ ნაკლებად იცნობენ. წიგნის ბაზარზეც იშვიათად ჩანს რუსეთიდან იმპორტირებული გამოცემები. წიგნის მთავარ მიღწევად მიიჩნევენ იმას, რომ ავტორმა, ჯოან როლინგმა შეძლო და ბავშვები მოსწყვიტა ტელევიზორისა თუ კომპიუტერის ეკრანს. ჰარი პოტერი, შეიძლება ითქვას, საოჯახო საკითხავია: აქ არის ჩახვეული ინტრიგა, ეფექტური ეპიზოდები, მსუბუქი ირონია და ჯადოსნური საბურველი (მთავარი პერსონაჟები ხომ ჯადოქრები არიან). წიგნი ახლა ითარგმნება ქართულად. მოუსმინეთ მთარგმნელს, მანანა ანთაძეს [ანთაძის ხმა]: “მაგრამ მთავარი, რაც მინდა გითხრათ: აი, ამ ინგლისურ გამოცემას აქვს გერბი, რომელზეც გამოსახულია ლომი, არწივი, გველი, მაჩვი და ასო “ჰ”(H). მთავარი კი ის არის, რომ გერბის ქვეშ წერია: “DRAGO DORMIENS NUNQUAM TITILLANDUS”, რაც ნიშნავს: დრაკონს სძინავს, ნურავინ შეაწუხებთ. ჩემთვის ამოსავალი წერტილი სწორედ ეს იყო: დრაკონი, ბოროტება, მუდამ თვლემს, მუდამ ჩვენს გვერდით არის და ჩვენზეა დამოკიდებული, ის გაიღვიძებს და ბოროტი გახდება თუ არა. აი, ასეთმა დეტალებმა, ამ წიგნში რომ ამოვიკითხე, ძალიან მომანდომა მისი თარგმნა”.

მანანა ანთაძე ამბობს, რომ ძირითადი სირთულე თარგმნისას ხსენებული ირონიისა და მოგონილ ინგლისურ სიტყვათა მრავალმნიშვნელოვნების შენარჩუნებაა. ჯოან როლინგი მწერლობამდე მასწავლებელი და ჟურნალისტი იყო და ამიტომ, მთარგმნელის ამოცანა ისიც არის, რომ ხელთ მხოლოდ ცხადი და სადა ტექსტი არ შერჩეს [ანთაძის ხმა]: “ავტორს თითქოს უმარტივესი სიტყვები აქვს, მაგრამ, მე ვიტყოდი, რომ უმარტივესი კი არა, უნატიფესი სიტყვები აქვს. მე მინდა, რომ, - თუ შევძლებ, - ეს არ დავკარგო”.

არ არის გამორიცხული, ჰარი პოტერზე ფილმის ჩვენებამ თბილისში წიგნის გამოსვლას დაასწროს. მანანა ანთაძე დარწმუნებულია, რომ, ასეთ შემთხვევაში, ფილმი წიგნს ბრწყინვალე რეკლამას გაუწევს.

დავით პაიჭაძე, რადიო "თავისუფლებისთვის", თბილისი.

ბიძინა რამიშვილი:
თეა ლომაძემ ყველაზე ახალგაზრდა ქართველ მკითხველს თავი “პალომა - უცნაური მეფის ასულის ” ავტორად გააცნო. მოგვიანებით, პატარა მკითხველების დაჟინებული მოთხოვნით, “პალომას” მეორე ნაწილი დაწერა. ამ უცნაური მეფის ასულის ისტორიას “ჩანო-ჩეა” და “ერთი პატარა სასწაული” მოჰყვა. ასე რომ, თეა ლომაძეს უკვე რამდენიმე საბავშვო წიგნი აქვს გამოცემული. მათში აღწერილ კეთილ ისტორიებს, ცალკე აღებულად, ვერც ზღაპრად აღვიქვამთ და ვერც რეალობად. ისინი უფრო რეალური ზღაპრებია. ზღაპრები, რომლებიც ყველა ადამიანის ცხოვრებაში შეიძლება მოხდეს. მათ ავტორს უფრო ახლოს ეკა წამალაშვილი გაგაცნობთ.

ეკა წამალაშვილი:
თეა ლომაძე პროფესიით ტელე-ჟურნალისტია. თუმცა, ამბობს, რომ სამი შვილის დედას და დიასახლისს ტელე-ჟურნალისტიკის განხრით მუშაობა არ დასცალდა. თეამ უფრო მშვიდ გარემოში მუშაობა არჩია და სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის კათედრაზე დარჩა. ამბობს, რომ წერით მთელი ცხოვრება თავისთვის წერდა, თანაც ისეთ სერიოზულ თემებზე, რომლებიც ბავშვებისთვის ძნელი გასაგები იქნებოდა. ერთ მშვენიერ დღეს კი მოხდა ის, რამაც მის ცხოვრებაში სრულიად ახალი სამყარო შემოიტანა.

გამომცემლობა “დიოგენემ”, რომლის შესახებაც წინა გადაცემაში გვქონდა საუბარი, საბავშვო პროზაში კონკურსი გამოაცხადა. თეა კონკურსის პირობებს გაეცნო, მასში მონაწილეობა გადაწყვიტა და ამ კონკურსისთვის ზუსტად ერთ თვეში დაწერა “პალომა - უცნაური მეფის ასულის” პირველი ნაწილი, რომელმაც “დიოგენეს” მეორე პრიზი დაიმსახურა. თეა ლომაძის ეს პირველი საბავშვო წიგნი ამავე გამოცემლობამ გამოსცა. მოკლედ, “პალომა” საბავშვო ლიტერატურაში თეა ლომაძის წარმატებული დებიუტი აღმოჩნდა. უცნაური მეფის ასულის ამბავი ბავშვებს მოეწონათ. თუმცა, ისინი მეფის ასულის და პრინცის სიყვარულის არცთუ ზღაპრულმა ფინალმა გაანაწყენა.

[თეა ლომაძის ხმა] “ყოფილა შემთხვევები, ცდილობენ დამირეკონ და რაღაც შენიშვნა მომცენ, რაღაც მომთხოვონ. ბავშვებს უყვართ ყველაფერი გარკვეულად და ნათლად დასრულებული. ეტყობა, მე ყოველთვის ასე არ ვამთავრებ ხოლმე.”

ზუტად ასე მოხდა "უცნაური მეფის ასულთან" დაკავშირებით. ავტორმა, პატარა მკითხველების დაჟინებული მოთხოვნით, “პალომას” გაგრძელება დაწერა, თანაც ზუსტად ისეთი ფინალით, როგორიც ზღაპარს შეეფერება. უცნაური მეფის ასულის ისტორიებს, “ჩანო-ჩეა” მოჰყვა, ბოლოს კი “ერთი პატარა სასწაული” დაიწერა. თავად ავტორს ყევლაზე მეტად სწორედ ეს ბოლო წიგნი უყვარს. მასში მოთხრობილი ამბავი ორ დროში ხდება და მთლიანად დიალოგით არის გადმოცემული. “ეს ფორმა პატარებისთვის ცოტა რთული გასაგებია, სამაგიეროდ ასეთი სირთულე მათ უფრო სერიოზული წიგნების წასაკითხად მოამზადებს” - ამბობს თეა ლომაძე. მას უკვე საბოლოოდ აქვს გადაწყვეტილი, რასაც დაწერს, ყველაფერი მხოლოდ ბავშვებისათვის იყოს განკუთვნილი. თუმცა, იმასაც აღიარებს, რომ ბავშვებისთვის წერა საკმაოდ რთულია. ამას რაღაც სხვა სჭირდება, ამ რაღაც სხვის გადმოცემას კი განწყობილება, რომლის შექმნაც დღევანდელ პირობებში იოლი არ არის. ყველაზე მთავარი კი მაინც ერთი პატარა საიდუმლოა.

[თეა ლომაძის ხმა] “რაღაც სხვა სჭირდება. აი, მე სერიოზულად ვფიქრობ, რომ ბავშვობაში დავრჩი. არა იმიტომ, რომ ვერ განვვითარდი, არ დამიკარგავს ის ბავშვური აღქმა, ბავშვური შეგრძნებები.”

“როცა ბევრ წიგნს წაიკითხავ, შენი წარმოსახვა ისე განვითარდება, რომ შეძლებ ნებისმიერ დროში და ქვეყანაში აღმოჩნდე, ანუ ერთი სამყაროდან მეორეში გაფრინდე. რაც უფრო მეტს წაიკითხავ, მით უფრო კარგად გამოგივა ეს. ანუ უკეთ იფრენ. ეს კი ცხოვრებაში ძალიან დაგეხმარება”, - ეუბნება თეა ლომაძის “ერთი პატარა სასწაულის” რეალური გმირი თავის პატარა მეგობარს და ისეთ ჯადოსნურ წიგნებს სთავაზობს “ბრწყინვალე სასახლეში რომ მოგახვედრებს, მეფურ სადილს გაგასინჯებს, თორმეტ ლეიბზე დაგაძინებს, მერე კი ამ დიდებიდან ჩამოგაბრძანებს და პურის გამხმარ ქერქს მოგანატრებს.” აი, ასეთ ჯადოსნურ სამყაროში ცხოვრობენ თეას გმირებიც და ეს არის სწორედ ის სამყარო, რომელიც თეა ლომაძეს რეალობის მსუბუქად აღქმაში ეხმარება.

[თეა ლომაძის ხმა] “ არაჩვეულებრივი ჯადოსნური ძალა აქვს საბავშვო ლიტერატურას, მე ბუნებრივია ჩემს წიგნებს არ ვგულისხმობ, არაჩვეულებრივი უნარი - სხვა სამყაროში გადაგისროლოს და სულის სიღრმეში დაკარგული შეგრძნებები გაგიცოცხლოს.”


თეა უკვე მორიგ უცნაურ ამბავს წერს, როგორ გამოუვა ჯერ არ იცის. ამბობს, რომ წერისთვის აუცილებელი განწყობა ჯერ ვერ შეიქმნა, თუმცა, ალბათ ყველაფერი კარგად დამთავრდება, ისე, როგორც ამას ბავშვები ითხოვენ ხოლმე.

ახალგაზრდა მწერალი თავისი მომავალი რეალური ზღაპრებისთვის განსაკუთრებული ჯადოსნური საგნების გამოგონებას არ აპირებს. ფიქრობს, რომ ყველა ადამიანის ცხოვრებაში მოიძებნება ისეთი, რაც ნამდვილ ზღაპრად უნდა აღვიქვათ. “ჰოდა, მთავარი ამ რაღაცის ძიებაა და არა მარტო იმათთვის, ვინც ბავშვებისთვის წერს”, - ამბობს თეა ლომაძე. ასეა თუ ისე, საქართველოში არა მარტო ბავშვები ოცნებობენ ისეთ საფულეზე, როგორიც "პალომას", “ჩანო-ჩეას” და “ერთი პატარა სასწაულის” ავტორმა შემოგვთავაზა.

[თეა ლომაძის ხმა] “მე მაქვს “ჩანო-ჩეაში” ერთი ძალიან კარგი ჯადოსნური საგანი. ჯადოსნური საფულე, რომელშიც ყოველ გახსნაზე ხუთლარიანს იპოვნი. ასე გრძელდება უსასრულოდ და ზოგჯერ მეც ვფიქრობ ხოლმე, ის ჯადოსნური საფულე რომ მქონდეს...”

ეკა წამალაშვილი, რადიო "თავისუფლებისთვის", თბილისი.
XS
SM
MD
LG