Accessibility links

logo-print

პრესის ყურადღების თვალსაზრისით, გასულ კვირას ყველაზე პრიორიტეტულად პანკისის ხეობა და


თამარ ჩიქოვანი, თბილისი პრესის ყურადღების თვალსაზრისით, გასულ კვირას ყველაზე პრიორიტეტულად პანკისის ხეობა და მასთან დაკავშირებულ მოვლენათა განვითარების შესაძლო სცენარი იქცა.

ჯერ კიდევ კვირის დასაწყისში, როცა გაირკვა პანკისის ხეობაში განლაგებული საგუშაგოებიდან ოთხი პოლიციელის გატაცების ფაქტი, ნათელი გახდა, რომ ხელისუფლების მცდელობები, რადიკალური ღონისძიებების გარეშე მოეგვარებინა პანკისის პრობლემა, წარუმატებელი აღმოჩნდა. 22 თებერვლის გაზეთ “სპექტრის” აზრით, პოლიციელთა გატაცებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩვენს ხელისუფლებას ჯერჯერობით პანკისის ხეობის პრობლემის გადაჭრა არ ხელეწიფება. უფრო მეტიც, იგი იმ ბლოკპოსტებზეც კი ვერ აკონტროლებს სიტუაციას, რომელთა ხეობის სიღრმეში გადატანაც ამ ხეობაში კონტროლის დამყარების პირველ და ძალიან წარმატებულ ნაბიჯად შეფასდა და ლამის ზარ-ზეიმით აღინიშნა. გაზეთის განცხადებით, პოლიციელთა გატაცების მსგავსი ფაქტები რუსეთს საფუძველს უქმნის, უფრო ხმამაღლა და დაჟინებით ილაპარაკოს ერთობლივი სპეცოპერაციის ჩატარების აუცილებლობაზე.

“მართალია, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, იგორ ივანოვის, განცხადება პანკისში ბენ ლადენის შესაძლო ყოფნის შესახებ თბილისში სერიოზულად არ მიუღიათ, მაგრამ, სამაგიეროდ, საერთაშორისო თანამეგობრობისთვის საკმაოდ არგუმენტირებულად უნდა ჟღერდეს მეორე ივანოვის, რუსეთის თავდაცვის მინისტრის, კომენტარი იმის თაობაზე, რომ, თუკი შეიარაღებული პოლიციელები არ არიან დაცულნი კრიმინალებისგან, ეს სავსებით ნათელს ხდის პანკისის ხეობაში არსებულ უმძიმეს მდგომარეობას.
რუსი მინისტრის ამ განცხადებას არცთუ სასიამოვნოდ დაერთო საქართველოში ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, ფილიპ რემლერის, განცხადება პანკისში მოჰაჯირების ყოფნის შესახებ. გასულ კვირას უშიშროების მინისტრმა ხაბურძანიამაც დაადასტურა ხეობაში ჩეჩენი ბოევიკების ყოფნის ფაქტი. ძნელი სათქმელია, უშიშროების მინისტრმა ეს განცხადება რა მიზნით გააკეთა, მაგრამ ის, რომ თავად ქართველი სამართლდამცავები აღიარებენ საქართველოში ჩეჩენი ბოევიკების ყოფნის ფაქტს, რუსეთს კიდევ ერთ კოზირს აძლევს მისი არგუმენტების გასამყარებლად. ასეთ ფონზე, როგორც არ უნდა ეცადოს ქართული მხარე, მომავალი ოპერაცია “ანტიკრიმინალურის” სახელით მონათლოს, ნათელია, რომ რუსეთისთვისაც და დასავლეთისთვისაც დღის წესრიგში სწორედ ანტიტერორისტული ოპერაციის საკითხი დგას. მართალია, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა, ფაქტობრივად, უარყო გავრცელებული ინფორმაცია რუსეთთან ერთად პანკისში დაგეგმილი ანტიტერორისტული ოპერაციის არსებობის შესახებ, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ამერიკა პანკისის თემას სერიოზულად არ ეკიდება. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ ვაშინგტონი მზადყოფნას გამოთქვამს, ქართულ მხარეს გარკვეული დახმარება აღმოუჩინოს პრობლემის მოსაგვარებლად. კონკრეტულად რა სახის დახმარება იქნება ეს, ჯერჯერობით ძნელი სათქმელია, მაგრამ ნათელია, რომ პანკისში რუსულ-ამერიკული ინტერესების დაჯახებას უნდა ველოდოთ. ამერიკა ამ ეტაპზე ცდილობს, რუსეთის გაღიზიანებას აარიდოს თავი, თუმცა მას არც ის აძლევს ხელს, რომ საქართველოს კიდევ ერთ რეგიონში გამოჩნდეს რუსული შეიარაღებული ძალები, თუნდაც ტერორიზმთან ბრძოლის სახით. რაც შეეხება რუსეთს, არც მას აწყობს საქართველოში ამერიკის მოსალოდნელი გააქტიურება, - მისთვის ისიც საკმარისია, რომ ამერიკული სამხედრო ძალები პოსტსაბჭოთა შუააზიურ რესპუბლიკებში დაბანაკდნენ, თანაც საკმაოდ მყარად და გაურკვეველი დროით. რუსეთს თავად სურს პანკისში სიტუაციის გაკონტროლება და ამ მიზნის მისაღწევად ყველანაირ საშუალებას იყენებს.”

22-25 თებერვლის გაზეთ “ახალი ეპოქის” განცხადებით, სანამ საქართველოს ხელისუფლება პანკისის ხეობაში “გასაიდუმლოებულ ღონისძიებებს” ახორციელებს, ქვეყნის პრესტიჟი საერთაშორისო არენაზე ლამის თალიბების დროინდელი ავღანეთისას დაემსგავსოს. ასეთი ვითარებით, როგორც ჩანს, საქართველოს ხელისუფლებაც კმაყოფილია და, რა თქმა უნდა, რუსეთის მთვრობაც, რომელმაც, პრაქტიკულად, აიხდინა ოცნება: მთელი მსოფლიო საქართველოს “ანტიტერორისტულ უსუსურობაზე” ლაპარაკობს. გაზეთის აზრით, იქმნება შთაბეჭდილება, რომ საქართველოს ხელისუფლება პანკისის ხეობის პრობლემების ჟონგლიორობით რაღაცას ელის. თითქოს, პანკისის ხეობაში რაც უფრო მძიმე ვითარება იქნება, მით უკეთესია ქვეყნის ხელისუფლების ინტერესებისთვის.
ასეთი შთაბეჭდილება შეიძლება სამი მიზეზით აიხსნას. პირველი – ზოგად-სტრატეგიულად მოვნათლოთ: საქართველოს ხელისუფლებას პანკისის ხეობაში საერთაშორისო ტერორისტთა მხილებით, შესაძლოა, შეერთებული შტატების დაინტერესება და ამით რუსეთის გეგმების ნეიტრალიზება აქვს გადაწყვეტილი: მეორე – საქართველოს ხელისუფლება პანკისში ტერორისტული ბუდის ძიებით რუსეთს ეხმარება ჩეჩნური წინააღმდეგობის დისკრედიტაციაში და სანაცვლოდ, ვთქვათ, კრემლის დახმარებით აფხაზეთის პრობლემის მოგვარებას ელის: მესამე –წმინდა მერკანტილური მიზეზი – ხელისუფლების შენარჩუნებაა. უმდაბლესი რეიტინგის გამო, ხელისუფლება ქვეყანას “ცხელი წერტილებით” ნაღმავს, რათა ჩრდილოელი მეზობლის პოლიტიკური აგრესიის მსხვერპლის მანტიაში საქართველოს მოქალაქეების მოწყალება დაიმსახუროს. რუსეთთან ხმაურიანი დაპირისპირებისას ნებისმიერი საპროტესტო უკმაყოფილება უკვე “რუსეთის რენეგატების მოღვაწეობად” შეფასდება.

უბედურება ის არის, რომ ვერც ერთი ზემოხსენებული მიზეზი ვერ ამართლებს ხელისუფლების უმოქმედობას და სისუსტეს. არ შეიძლება, ქვეყანა ხელოვნურად ვაქციოთ რუსულ-ამერიკული დაპირისპირების ასპარეზად, მით უფრო, რომ, საქართველოს ბუნებრივი საერთშორისო ორიენტაციის გამო, რუსეთის “კეთილგანწყობა” ისედაც არ გვაკლია. სწორედ საქართველოს ხელისუფლების დამსახურებაა, რომ ჩვენი “დიდი მეგობარი”, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, იგორ ივანოვი უკვე მერამდენედ აცხადებს: “ ის, რომ პანკისის ხეობა დიდი ხანია, ბანდიტებისა და ტერორისტების ( მათ შორის, საერთაშორისო) ბუნაგია, უცილობელი ფაქტია. ამას აღიარებენ როგორც საერთაშორისო დამკვირვებლები, ასევე საქართველოს ხელისუფლება.”

და კიდევ ერთი: რუსეთმა ისიც მოახერხა, რომ დღეს რიგითი ქართველები (განსაკუთრებით, პანკისის ხეობის მიმდებარე რაიონებიდან) რეგიონში ვითრების დაძაბვას ჩეჩენ დევნილებს და, ზოგადად, ჩეჩნებს უკავშირებენ. უნახავს ვინმეს საქართველოს ხელსუფლების წარმომადგენელი, რომელსაც ეთქვას – ჩეჩენ დევნილებს პანკისში ვითარების დაძაბვა ისევე შეიძლება დავაბრალოთ, როგორც ბუხარს ზამთრის სუსხიო?

22 თებერვლის გაზეთ “ახალი თაობის “ განცხადებით, პანკისში რუსულ-ამერიკული ოპერაცია ჩატარდება. გაზეთის ვერსიით, მას შემდეგ, რაც აქტუალური გახდა პანკისის ხეობიდან ჩეჩენი ლტოლვილების გაყვანის საკითხი და დღის წესრიგში დადგა აუცილებლობა, შექმნილიყო სპეციალური ქართულ-რუსული კომისია, რომელიც ჩეჩნების ხეობიდან გაყვანის გეგმას ჩამოაყალიბებდა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აქტიურად დაიწყეს საქართველოსთვის დახმარების საკითხის განხილვა. გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ი ანტიტერორისტულ ოპერაციებში აქტიურად ჩართვას გეგმავს. “ახალი თაობა” იუწყება, რომ ოპერაცია, შესაძლოა, რუსულ-ამერიკული იყოს. სხვა ინფორმაციას ავრცელებს 23 თებერვლის გაზეთი “რეზონანსი”, რომლის ცნობითაც:

“ინგლისური გაზეთი “გარდიანი” გუშინდელ ნომერში სტატიას უძღვნის საქართველოს. პუბლიკაცია,რომლის სათაურია “რუსეთი გაბრაზებულია აშშ-ზე საქართველოში საომარი გეგმების გამო”, პანკისის ხეობის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს ეძღვნება.
გაზეთის მოსკოველი კორესპონდენტი გადმოსცემს, რომ საქართველოს უშიშროების ოფიციალურ წარმომადგენლებს ვაშინგტონსა და ლონდონში ელიან მოლაპარაკებებზე. ამერიკული და ინგლისური ძალები მზადყოფნას გამოთქვამენ, იერიში მიიტანონ პანკისის ხეობაში მოკალათებულ ისლამისტ ტერორისტებზე.

მიუხედავად იმ ინტენსიური ზეწოლისა, რასაც რუსეთი საქართველოზე ახორციელებს პანკისი ხეობაში ჩეჩენი მებრძოლების გაუვნებელსაყოფად, ეს ქვეყანა არ არის ჩართული ამ გეგმებში, რაც მწვავე გაღიზიანებას იწვევს. რუსეთის შეშფოთებაზე მეტყველებს შიდა უშიშროების შეფის, სერგეი პატრუშევის, უეცარი ვიზიტი თბილისშიც, – წერს “გარდიანი.”

მაგრამ, საქართველოს ხელისუფლება, როგორც ჩანს, უპირატესობას დასავლურ სამხედრო ჩარევას ანიჭებს და რუსეთს განზე ტოვებს. უშიშროების შეფი ვალერი ხაბურზანია ამ საკითხებზე მომავალ თვეში ვაშინგტონს უნდა ესტუმროს.
XS
SM
MD
LG