Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაიმარჯვე და მიიღე: პრემიები მომავალი ჩემპიონებისთვის.


ელგუჯა ბერიშვილი, თბილისი გაიმარჯვე და მიიღე: პრემიები მომავალი ჩემპიონებისთვის.

ელგუჯა ბერიშვილის დღევანდელი სპორტული პროგრამა სამ თემას აერთიანებს – ზამთრის ოლიმპიადა, საქართველოს პრეზიდენტის საოლიმპიადო ბრძანებულება და ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატი.

ცოტაც და დასრულდება ზამთრის XIX ოლიმპიური თამაშები. რამდენიმე საათში, საზეიმო აღლუმზე, სამი მილიარდი ტელემაყურებლის თვალწინ ჩაივლიან თამაშებში მონაწილე სპორტსმენები და მათ შორის უთუოდ იქნება რუსეთის დელეგაცია. რუსებმა უკან წაიღეს გუშინწინდელი მუქარა და კარის გაჯახუნებას დანარჩენ მსოფლიოსთან ერთად ყოფნა ამჯობინეს. ასე გადაწყვიტა რუსთა უმაღლესმა ხელისუფალმა და ვნებათაღელვაც დროებით ჩაცხრა, თუმცა ამ ამბავს უთუოდ ექნება გაგრძელება. ამერიკის სპეცსამსახურებმა წარმატებით უზრუნველყვეს ოლიმპიადის უსაფრთხოება, მაგრამ ამასობაში საფრთხე შეექმნა თვით ოლიმპიური მოძრაობის ერთიანობას. პირველი ნაღმი ოლიმპიადის სტარტზევე აფეთქდა, როცა ფიგურულ ციგურაობაში ოქროს მედლები რუსულ წყვილთან ერთად კანადელებსაც არგუნეს, მაგრამ ნამდვილი სკანდალი რუს მოთხილამურე ქალთა კვარტეტის დისკვალიფიკაციას მოჰყვა. რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა სახელდახელო პრესკონფერენციაზე ამერიკელებს და საერთაშორისო სპორტულ ორგანიზაციებს ბრალი დასდო რუსეთის წინააღმდეგ შეთქმულებაში და ულტიმატუმიც წამოაყენა: თუ ოლიმპიური სამართლიანობა არ აღსდგება – 1. რუსეთის სპორტსმენები უარს იტყვიან დარჩენილ შეჯიბრებებში მონაწილეობაზე; 2. არ გამოვლენ ოლიმპიადის დახურვის ცერემონიალზე; 3. რუსეთი გაემიჯნება საერთაშორისო ოლიმპიურ მოძრაობას და გამართავს ალტერნატიულ შეჯიბრებას. ცოტა დააკლდათ, თორემ რუსები ცივი ომის ხანაში გვაბრუნებდნენ, როცა ოლიმპიური ბოიკოტი ჩვეულებრივი ამბავი იყო; ხან სოცბანაკი იბუტებოდა, ხან – დასავლეთის ქვეყნები. ამჯერად ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდა, “მშვიდობის მტრედის” როლი კი იმ წერილმა შეასრულა, რომელიც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ჟაკ როგმა ვლადიმერ პუტინთან აფრინა: მერწმუნეთ, ოლიმპიური ქარტიის პრინციპებისთვის არ გვიღალატია, რუსებს უბატონოდ ხმას ვინ გასცემს, უთქვენოდ ოლიმპიური მოძრაობა წარმოუდგენელიაო.


რუსებისთვის წლევანდელი თამაშები აშკარად წარუმატებელი გამოდგა – არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში გამარჯვებას გეგმავდნენ, საბოლოოდ კი სამეულშიც ვერ მოხვდნენ. ტრადიციულად ძლიერ გერმანელებს და ნორვეგიელებს გულშემატკივართა მხურვალე მხარდაჭერით შეგულიანებული ამერიკელები გაეჯიბრნენ და შედეგით ფრიად კმაყოფილნი ჩანან. ოლიმპიადაში მონაწილე ქვეყანათა ორი მესამედი უმედლოდ და ცნობილი ოლიმპიური დევიზის ერთგული დარჩა – მთავარია მონაწილეობა და არა გამარჯვება. ამ ქვეყნებს შორისაა საქართველოც, რომელმაც დამოუკიდებლად მესამე ზამთრის ოლიმპიადა მოილია და ჯერჯერობით საუკეთესო შედეგად ზურაბ ჯიჯიშვილის ნაგანური მეთოთხმეტე ადგილი რჩება.

ზამთრის ოლიმპიადას, მოგეხსენებათ, ზაფხულისა მოსდევს. რატომღაც, სწორედ ზამთრის თამაშებს დაემთხვა საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება “ზაფხულის XXVIII ოლიმპიური თამაშებისთვის საქართველოს სპორტსმენთა მზადების ხელშეწყობის შესახებ”. პრეზიდენტს საგანგებო სამთავრობო კომისიის შექმნა უბრძანებია, რომელმაც, დოკუმენტის თანახმად, უნდა უზრუნველყოს ზაფხულის თამაშებისთვის საქართველოს სპორტსმენთა მომზადების და მონაწილეობის ორგანიზაციულ საკითხთა მოგვარება. 25-კაციან კომისიას თავად ედუარდ შევარდნაძე უხელმძღვანელებს. საქართველოს სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტს და ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს დაევალათ 20 აპრილამდე წარმოადგინონ სამწლიანი პროგრამა, ოლიმპიელებს შეუქმნან მაქსიმალურად ხელსაყრელი საწვრთნელი და საყოფაცხოვრებო პირობები. პროგრამის ფინანსური უზრუნველყოფა საქართველოს ფინანსთა მინისტრს, ამავე კომისიის წევრს ზურაბ ნოღაიდელს ეკისრება, ოღონდ – “სახელმწიფო ბიუჯეტის შესაძლებობის ფარგლებში”. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ბიუჯეტი ვერ შესრულდა, ვერ შესრულდება ოლიმპიელთა მომზადების პროგრამაც, ვერ დაფინანსდება სპორტისთვს აუცილებელი ხარჯები და ნოღაიდელიც პირმართალი გამოჩნდება: იტყვის, ოლიმპიელთა დიდი ხათრი მაქვს, მაგრამ რა ვქნა, ბიუჯეტი ხელს არ მიწყობსო. არადა, შევარდნაძის ბრძანებულება სხვა მნიშვნელოვან ხარჯებსაც ითვალისწინებს, რომელთა გარანტად პრეზიდენტის ფონდი დგება. ოლიმპიურ თამაშებზე I- VI ადგილებზე გასულ სპორტსმენებს სოლიდურ პრემიას ჰპირდებიან: ჩემპიონს 50-ათას დოლარს, ვერცხლის მედალოსანს - 30-ათასს, მესამე ადგილზე გასულს – 20-ათასს. პრემიებს მიიღებენ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების პრიზიორებიც. მაგალითად, მსოფლიო ჩემპიონის ოქროს მედალს სახელმწიფო 10-ათას დოლარად აფასებს, ევროპისას – 5-ათასად. პრემიები ელოდებათ გამარჯვებულ სპორტსმენთა მწვრთნელებსაც. ჯერჯერობით ასეა: სპორტის ოლიმპიური სახეობები კვლავ სახელმწიფოს იმედად რჩებიან. გამონაკლისია მხოლოდ ფეხბურთი, რომელიც ბიუჯეტიდან არაფერს ითხოვს და საკუთარი შემოსავლებით, ფიფა-უეფას ნაბოძები გრანტებით არსებობს.

2 მარტს, თითქმის სამთვიანი შესვენების შემდეგ, განახლდება ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატი, პირველი ეტაპიდან შემორჩენილი ოთხი ტური საბოლოოდ გაარკვევს მედლების მაძლიებელი ექვსი გუნდის ვინაობას. დასკვნითი ეტაპი ორ ტურად გაიმართება და მაისში დასრულდება. ჩემპიონატს ქუთაისის “ტორპედო” ლიდერობს, გუნდი, რომელმაც შარშანწინ წერტილი დაუსვა თბილისის “დინამოს” ათწლიან ბატონობას. “დინამოს” ჯერჯერობით კიდევ ოთხი გუნდი უსწრებს და თუმცა ახალი ხელმძღვანელობა ძალისხმევას არ აკლებს, საეჭვოა ჩემპიონის ტიტული დაიბრუნოს. კარგია, როცა კონკურენცია იზრდება და სატურნირო ცხრილში ახალი გუნდები ლიდერობენ, მისასალმებელია, რომ ჩვენს ფეხბურთში ახალი სახელები გამოჩნდა, მაგრამ საეჭვოა, რომ ეს ფერისცვალება ამ გუნდების კლასის მნიშვნელოვანმა ამაღლებამ განაპირობა და საქართველოში დღეს უკეთეს ფეხბურთს თამაშობენ, ვიდრე შარშან ან შარშანწინ. ძნელად სარწმუნოა, რომ წლევანდელი “ტორპედო” თუნდაც ხუთი წლის წინანდელ თბილისის “დინამოს” სჯობნის. ლიდერები იცვლებიან, მაგრამ, სამწუხაროდ, უცვლელი რჩება ჩემპიონატის საერთო დონე. არადა, ეროვნული ფეხბურთის ავკარგიანობას, უწინარესად, სწორედ ეროვნული ჩემპიონატი განსაზღვრავს. თუ ჩემპიონატი გივარგა, დანარჩენიც კარგად მიგდის – კლუბი კლუბსა ჰგავს, ნაკრები ნაკრებს და საფეხბურთო ბაზარზეც ფასი გადევს. ამ საქმეთა თავმოსაბმელად დამოუკიდებელი საფეხბურთო ცხოვრების თუნდაც 12 - წლიანი გამოცდილება ალბათ არც ისე ბევრია, მაგრამ იმისთვის კი საკმარისია, რომ მიზნისკენ მიმავალი შორეული გზის პირველი “საბაზო სიმაღლე” მაინც აიღო. 1999 წელს არჩეულმა ფეხბურთის ფედერაციის ახალმა ხელმძღვანელობამ, გარდა ჩემპიონატი ახალი სისტემისა, საინტერესო და მნიშვნელოვანი ვერაფერი შემოგვთავაზა. სწორედ მნიშვნელოვანსა და სერიოზულზე მოგახსენებთ, თორემ, რასაკვირველია, ყოველდღიური საქმე ყოველდღიურად კედება. მხოლოდ ამით თავმოწონება, ვფიქრობთ, უხერხულია იმ გუნდისთვის, რომელიც ქართულ ფეხბურთის სათავესთან დიდი გეგმებით და დაპირებებით მოვიდა.
XS
SM
MD
LG