Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ ექმნებათ პრობლემები საქველმოქმედო ორგანიზაციებს


სოზარ სუბელიანი, თბილისი მხოლოდ 2001 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში, ჰუმანიტარული დახმარების სახით, თითქმის 70 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ტვირთი შემოვიდა.

დახმარების თითქმის 80 პროცენტი ექვს მსხვილ ორგანიზაციას ეკუთვნის, რომელთაც თავიანთი პროგრამების განხორციელებაში პრობლემები ნაკლებად ექმნებათ. ეს გასაგებიცაა, რადგან ისეთ ორგანიზაციებს, როგორიც შეერთებული შტატების საელჩო ან გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამაა, სხვადასხვა რანგის ჩინოვნიკები პრობლემებს ადვილად ვერ შეუქმნიან. სამაგიეროდ, შედარებით ნაკლებად გავლენიანი ორგანიზაციები იმდენ პრობლემას აწყდებიან, რომ იძულებულნი არიან, საერთოდ უარი თქვან საქველმოქმედო საქმიანობაზე.

მოუსმინეთ სოზარ სუბელიანს.

გასულ წელს საქართველოში დაახლოებით 800 ათასმა კაცმა მიიღო ჰუმანიტარული საკვები, ხოლო არასასურსათო დახმარება 100 ათასზე მეტ ადამიანს გაეწია. ბევრი მათგანისთვის ჰუმანიტარული დახმარება სიცოცხლის შენარჩუნების ერთადერთი საშუალებაა. მაგალითად, თემქაზე მდებარე კამილიელთა ორდენის პოლიკლინიკას – “კაცთა მაცხოვარი” – ყოველდღიურად 300-ამდე ადამიანი აკითხავს, რომელთაგან ნაწილს, სამედიცინო დახმარებასთან ერთად, საკვებითაც ეხმარებიან. ერთ-ერთი მათგანი, სანდრო გელაშვილი, პოლიკლინიკაში პურის ასაღებად დადის ხოლმე: [სანდრო გელაშვილის ხმა] “ოთხმოცდა მეხუთეში წამოველი იანვრის ექვსის აქეთა. დავადმყოფდი და… ცოლი 2 წელიწადია, ლოგინში წევს, ავადმყოფი მყავს… პენსია 120 მქონდა, ახლა 14 მანათი მაქვს. ცოტა ფული მქონდა ბანკში და გამიუქმეს ისიც. ახლა ვფიქრობ, ვფიქრობ, ვფიქრობ, რა ვქნა, სად ვიჩივლო, ვის რა ვუთხრა… რა ვქნა, არ ვიცი. ახლა ისე გამოდის, რომა, მშივრები უნდა დავიხოცნეთ… თუ შემიწყვიტეს ეს პური, აბა, მერე რაღა მეშველება.”

პოლიკლინიკას სახელმწიფო უწყებები, დახმარების ნაცვლად, ახალ-ახალ პრობლემებს უქმნიან, თუმცა, ამ მხრივ, კამილიელები გამონაკლისს არ წარმოადგენენ. ბაპტისტურ-ევანგელური ეკლესიის ეპისკოპოს-პრეზიდენტის, მალხაზ სონღულაშვილის, თქმით, პრობლემები თითქმის ყველა საქველმოქმედო ორგანიზაციას ექმნება: [მალხაზ სონღულაშვილის ხმა] “ერთ მაგალითს მოგახსენებთ მხოლოდ: 6 თვის განმავლობაში ფოთში იყო კონტეინერით ჩამოსული ტვირთი, მედიკამენტებით სავსე, რომელიც ღარიბებსა და უპოვრებს უნდა დარიგებოდათ. 6 თვის განმავლობაში ვეაჯებოდით ჯანდაცვის სამინისტროსაც და ყველას, ვისაც ევალებოდა: არაფერი გამოვიდა. ხშირად ვიყავით ასეთი მოვლენის შემსწრე: ვსხედვართ მინისტრის მოსაცდელში და იქვე სხედან მოხუცი ქალები, რომლებიც ითხოვენ, იქნება მედიკამენტები მოგვცეთ და გვიშველოთო. ჩვენა ვართ ხალხი, ვინც ვითხოვთ, მოგვეცით უფლება, რომ გიშველოთ… იქვეა ხალხი, ვინც ითხოვს დახმარებას და იქვეა ხალხი, ვინც ჩვენ არ გვაძლევს დახმარების უფლებას და იმათ არ აძლევს ამ დახმარების მიღების უფლებას”.

მთავარი პრობლემა, რასაც საქველმოქმედო ორგანიზაციები აწყდებიან, ჰუმანიტარული ტვირთის სტატუსის მიღებაა. ფოთის პორტში შემოტანილი ტვირთი ხშირად თვეობით ელოდება შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას, ამასობაში კი მისი შენახვის ფასი ზოგჯერ თვითღირებულებასაც კი აჭარბებს. ასოციაცია “მთენის” ჟურნალისტური გამოძიების ჯგუფის წევრმა სოფიკო ოხანაშვილმა თბილისში მოქმედი თითქმის ყველა საქველმოქმედო ორგანიზაცია მოიარა და ყველგან ერთსა და იმავე პრობლემას წააწყდა: [სოფიკო ოხანაშვილის ხმა] “ვისთანაც ვიყავი, ყველამ ერთსა და იმავე პრობლემაზე ისაუბრა: ფინანსთა სამინისტროში ჯერ ერთი საბუთი არ მოეწონებათ და მეორეს ითხოვენ. მიიტანენ მეორეს – ახლა ეს წინადადება ასე რატომ წერია, ამ ორგანიზაციის სახელი სხვანაირად უნდა იყოსო და ასე დაუსრულებლად. ამის გამო დოკუმენტაციის შეგროვება ძალიან ჭიანურდება და ამასობაში იზრდება საწყობის და კვებისთვის განკუთვნილი თანხა”.

ფინანსთა სამინისტროს საერთაშორისო საინვესტიციო პროგრამებისა და პროექტების დეპარტამენტის თავმჯდომარე, ლაშა გოცირიძე, სამინისტროს ამგვარ დამოკიდებულებას წინდახედულობით ხსნის: “ჩვენი მუშაობის პრაქტიკაში ისეთი შემთხვევებიც გვქონდა, როცა სხვადასხვა ორგანიზაციებს, ჰუმანიტარული ტვირთის სახელით, ტონობით შოკოლადი, ძეხვის საამქრო, ლამინირებული ხის იატაკი და სხვა მსგავსი საქონელი შემოუტანიათ. ხომ უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან, რა შეიძლება მივიჩნიოთ ჰუმანიტარულ ტვირთად და რა - არა?”

პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად, ფინანსთა სამინისტრო ვალდებულია, შესაბამისი დოკუმენტაციის მიღებიდან 10 დღის ვადაში საქონელს ან ჰუმანიტარული ტვირთის სტატუსი მიანიჭოს, ან შემომტანი ორგანიზაცია დასაბუთებული უარით გაისტუმროს, მაგრამ ეს ბრძანებულება ხშირად ირღვევა და უმწეოთა დასახმარებლად განკუთვნილი მედიკამენტები თუ სურსათი თვეობით ელოდება განბაჟებას. საქველმოქმედო ორგანიზაცია კარიტასის წარმომადგენელთა თქმით, მსგავსი პრობლემების გარეშე მათ თითქმის ვერასდროს შემოაქვთ ტვირთი: [კარიტასის წარმომადგენლის ხმა] “საბაჟოზე გამორიცხულია, რომ ტვირთი ორი ან სამი თვე არ გააჩერონ.”

არადა, როგორც მალხაზ სონღულაშვილი ამბობს, თუ სახელმწიფო ხელს მაინც არ შეუშლის საქველმოქმედო ორგანიზაციებს, მათ ბევრი სიკეთის გაკეთება შეუძლიათ: [მალხაზ სონღულაშვილის ხმა] “ჩვენ ძალიან ბევრნი ვართ და მრავალფეროვანნი ვართ ამ ქვეყანაში. ყველა ეკლესიას, ყველა რელიგიას გვაქვს სურვილი, და არა მარტო სურვილი, არამედ უნარიც, ჩვენ ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში. ყველა ჩვენგანს გვაქვს კონტაქტები, ყველა ჩვენგანი უკვე ვმუშაობთ, მაგრამ ვმუშაობთ ხელ-ფეხ გაკოჭილი. ერთხელ კამილიელთა ორდენის წინამძღვარმა დასვა კითხვა: “მე არ ვიცი, სახელმწიფოს აინტერესებს თუ არა, რომ ჩვენ მივიღოთ მონაწილეობა ქვეყნის აღმშენებლობის საქმეშიო. რომ აინტერესებდეს, ამისი რაღაც ნიშნები იქნებოდა…”

სახელმწიფომ თავისი ნება და ინტერესი უკვე გამოხატა პარლამენტში შეტანილი კანონპროექტით, რომლის მიღებაც საქველმოქმედო ორგანიზაციების მუშაობას კიდევ უფრო გაართულებს.
XS
SM
MD
LG