Accessibility links

ისრაელმა შეასუსტა ალყა არაფატის რეზიდენციაზე


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა კვირას, 24 თებერვალს ისრაელის მთავრობამ გადაწყვიტა არაფატის რეზიდენციის გარშემო ალყის შესუსტება.

რეზიდენცია მდებარეობს პალესტინელთა ტერიტორიაზე, მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირის ქალაქ რამალაში და ისრაელის ტანკები ახლა მის მისადგომებდთან დგას. არაფატს მიეცა ქალაქში გადაადგილების უფლება, მაგრამ მისი დატოვება ისრაელის პრემიერ-მინისტრის არიელ შარონის პირადი ნებართვის გარეშე არ შეუძლია.

ბევრი მოელოდა, რომ ისრაელი საერთოდ მოხსნიდა ალყას მას შემდეგ, რაც პალესტინელთა ავტონომიის ხელისუფლებამ დააკავა ხუთიდან 4 პალესტიელი, რომელთაც ისრაელი მისი კაბინეტის მინისტრის რეჰავიმ ზეევის მკვლელობაში ადანაშაულებს. ზეევი ოქტომბერში მოკლეს.

ეჭვმიტანილთა დაპატიმრება იყო არაფატის განთავისუფლების ერთერთი მთავარი პირობა. არაფატი თავის რეზიდენციაში თითქმის ორი თვის განმავლობაში იყო გამომწყვდეული.

პალესტინური მხარე სწრაფად და გაჯავრებით გამოეპასუხა ისრაელის ამ სანახევრო ზომას – გააუქმა ისრაელთან უშიშროების თაობაზე მოლაპარაკებები, რომელიც კვირა საღამოსთვის იყო დანიშნული და, რომელიც ბადებდა ერთგვარ იმედს, რომ მოხერხდებოდა ძალადობის ჩაწყნარება.

პალესტინელთა ლიდერების თავშეყრის შემდეგ არაფატის უახლოესმა მრჩეველმა ნაბილ აბუ რუდეინემ განაცხადა, რომ ისრაელის ეს ნაბიჯი “რეგიონის სტაბილურობასა და უსაფრთხოებას ემუქრება”.

გასულ კვირაში გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა უშიშროების საბჭოში გამოსვლისას თქვა, რომ რეგიონში ძალადობის ესკალაციის თავიდან ასაცილებლად საჭიროა საერთაშორისო მცდელობები. ამ კვირაში უშიშროების საბჭო კონფლიქტში მესამე მხარის ჩარევის საკითხს გაიხილავს. ამ იდეას ისრაელიც და შეერთებული შტატებიც ეწინააღმდეგება.

არაფატის თაობაზე ისრაელის გადაწყვეტილებამ შარონის კოალიციურ მთავრობაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. კონსერვატორები ეწინააღმდეგებიან პირობების ნებისმიერი სახით შერბილებას, ზომიერები კი თვლიან, რომ პალესტინელთა მიერ ეჭვმიტანილების დაკავება მისასალმებებლია და საჭიროა ამ ნაბიჯის სასიკეთოდ გამოყენება.

საბოლოო ჯამში მოხერხდა კაბინეტში განხეთქილების თავიდან აცილება, ხოლო არაფატი კიდევ უფრო დამოკიდებული აღმოჩნდა შარონზე, ვინაიდან რამალადან გასვლისთვის პრემიერ-მინისტრს უნდა სთხოვოს ნებართვა.

მაგრამ ისრაელის მთავრობა არ არის სავსებით დარწმუნებული, მართლაც დააკავეს ზეევის მკვლელობაში ეჭვმიტანილები, თუ არაფატი გაათავისუფლებს მათ, როგორც კი შესუსტდება მასზე ზეწოლა. კაბინეტის მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ის მოითხოვს ზეევის მკვლელობაში ყველა ეჭვმიტანილის უეჭველად დაპატიმრებას და აგრეთვე ირანიდან იარაღის იმპორტის მცდელობისთვის პასუხსმგებელთა დაკავებას.

რაგინდ მოკრძალებული არ უნდა იყოს ისრაელის ნაბიჯი, ის მიანიშნებს, რომ ისრაელს გააზრებული აქვს ის ფაქტი, რომ არაფატის იზოლაციამ სასურველი შედეგი არ გამოიღო. პირიქით, პალესტინელები დაირაზმნენ არაფატის გარშემო და ძალადობის მასშტაბები გაიზარდა.

მაგრამ კონტაქტები ისრაელისა და პალესტინელთა ლიდერებს შორის არ შემწყდარა. ყველაზე საინტერესო ინიციატივა ეკუთვნის საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრეს პრინც აბდულა ბინ აბდულ აზიზს, რომელმაც, გაზეთ “ნიუ იორკ ტაიმსისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ არაბული ქვეყნები აღიარებენ ისრაელს, თუ ის დაიხევს ოკუპირებული ტერიტორიებიდან და სამშვიდობო შეთანხმებას დადებს.

ისრაელის პრესის თანახმად, შარონმა სთხოვა შეერთებულ შტატებს წამოყენებული წინადადების განსახილველად შეხვედრა მოაწყოს საუდის არაბეთის ოფიციალურ პირებთან.

იმავე წყაროს ცნობით, ვაშინგტონმა მოითხოვა საუდის არაბეთისგან ოფიციალურად წარადგინოს თავისი გეგმა არაბული ლიგის სამიტზე, რომელიც მომავალი თვის ბოლოს ეწყობა ლიბანში.
XS
SM
MD
LG