Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის გარდამავალი მთავრობის ლიდერი თავისი ქვეყნის აღმშენებლობაში ყველას ჩაბმას ცდილობს


ირანში ორი დღე იმყოფებოდა მეზობელი ავღანეთის გარდამავალი მთავრობის მეთაური ჰამიდ კარზაი.

ირანი მეხუთე ქვეყანაა, სადაც კარზაი ჩადის და თავისი სამშობლოს აღდგენის საქმეში მხარდამჭერთ აგროვებს. მთავარი თემა მოლარაპებისა ავღანეთის აღდგენა-განვითარებაში თეირანის აქტიური ჩაბმა და ირანში მყოფი 2 მილიონი ლტოლვილის შინ დაბრუნება იყო.

ირანში ყოფნისას კარზაი ჯერ ამ ქვეყნის რეფორმატორ პრეზიდენტს მოჰამად ხათამის შეხვდა. საუბარში კარზაიმ დადებითად შეაფასა თალიბებთან ბრძოლაში ირანის ღვაწლი და განათლების და განსაკუთრებით ჯანმრთელობის დაცვის სფეროებში დახმარება სთხოვა ირანს. თეირანში ავღანეთის მთავრობის მეთაურმა გამოაცხადა, ირანი ავღანეთის ძმა და მეგობარიაო. კარზაიმ თქვა, ირანი ბევრ რამეში დაეხმარა ავღანელებს და შეერთებული შტატებთან მისი აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, ჩვენ გვსურს, ყველამ ერთად მიიღოს მონაწილეობა ავღანეთის აღდგენაშიო.

თავის მხრივ ირანის პრეზიდენტმა, ისე, რომ არ დაასახელა სახელმწიფო, თქვა, ჩვენი ცუდი დამოკიდებულება ზოგიერთ ქვეყანასთან ვერ იქონიებს გავლენას ავღანეთის მიმართ ჩვენს მიმართებაზეო. ხათამიმ განაცხადა, ავღანეთის საშინაო საქმეებში ჩარევას არ ვაპირებთ, მაგრამ გულგრილი ვერ დავრჩებით ამ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების მიმართ, ამიტომ აქტიური ვიქნებით ყოველთვისო.

ორშაბათს კარზაი ირანის პარლამენტში, მეჯლისში გამოვიდა სიტყვით, რომელიც მან სპარსულად წარმოთქვა. მან მადლობა გადაუხადა ირანელებს დახმარებისთვის და თქვა, რომ ამ ორ ქვეყანას ერთი კულტურა და ერთი ენა აქვს. შეგახსენებთ, რომ სპარსულად ლაპარკობს ავღანეთის დასავლეთის და შუა რეგინების მოსახლეობა. კარზაის ირანის პარამენტი – მეჯლისი - ისევე თბილად შეხვდა, როგორც ამერიკის კონგრესი, როცა ის ჯორჯ ბუშის გვერდზე იჯდა 29 იანვარს. ამ დღეს ბუშმა ირანი სხვა ორ ქვეყანასთან ერთად ბოროტების ღერძად გამოაცხადა.

აღსანიშნავია, რომ ირანსა და თალიბებს შორის დამოკიდებულება - თალიბები სუნიტი მაჰმადიანები არიან, ირანი კი შიიტური სახელმწიფოა - თავიდანვე ცუდი იყო. ტერორიზმის წინააღმდეგ ომის გამოცხადების შემდეგ შეერთებულმა შტატებმა და ირანმა თანამშრომლობა დაიწყეს ამ სფეროში. ამის პარალერულად ვაშინგტონი ბრალს სდებს თეირანს, რომ ავღანეთში გარდამავალი მთავრობის წინააღმდეგ მოქმედ ძალებს მხარს უჭერს. ამას ირანი უარყოფს, მეტიც, ირანში დააკავეს თალიბების და “ალ ყაიდის” მომხრე 150 - ამ ქვეყანაში არალეგალურად გადასული - კაცი. ირანმა ტოკიოს შეხვედრაზე საკმაოდ ხელგაშლილი ჟესტი გააკეთა და კარზაის 560 მილიონი დოლარი აღუთქვა.

მაგრამ ირანის სულიერი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის მომხრეები შეერთებული შტატების აქტიურობას ავღანეთში, იქ მისი ჯარის ყოფნას, ასევე კარზაის მთავრობას, ეჭვის თვალით უყურებენ. ლიბერალები კი თვლიან, რომ სტაბიულური და მშვიდობიანი ავღანეთი ირანსაც ხელს აძლევს. თანაც, ორი მილიონი ლტოლვილის სამშობლოში - ავღანეთში - დაბრუნება, საკმარისად შეუმსუბუქებს ირანს ხარჯს. ამასთან თეირანი იმედოვნებს, რომ ავღანეთის ახალი მთავრობა ოპიუმის პლანტაციებს სხვა კულტურებისთვის გამოიყენებს და ბოლო მოეღება ნარკორტიკებით ვაჭრობას. ირანი ავღანეთიდან ნარკოტიკების ტრანსპორტის მნიშვნელოვანი სატრანზიტო ქვეყანა გახდა და ამის გამო იქ ნარკოტიკები გაიაფდა, რამაც ამ ქვეყანას, მის ხალხს, სერიოზული საფრთხე შეუქმნა. ჰამიდ კარზაიმ ორშაბათსვე ყვავილები მიიტანა აიათოლა ხომეინის, ირანის ისლამური რესპუბლიკის დამაარსებლის მავზოლეუმთან.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG