Accessibility links

შეერთებული შტატების მიმართ ევროპელთა სოლიდარობა კლებულობს


11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ შეერთებულ შტატებს მყის სოლიდარობა გამოუცხდეს ევროპელებმა - მისმა ტრადიციულმა პარტნიორებმა.

მაგრამ ეს დამოკიდებულება ასევე სწრაფად შეიცვალა მას მერე, რაც ცხადი გახდა, რომ ვაშინგტონი ანტიტერორისტული კამპანიის გაფართოებას და ერაყის წინააღმდეგ გალაშქრებას ცდილობს.

11 სექტემბრის ტერაქტებმა პრეზიდენტ ჯორჯ ბუშს ხელ-ფეხი გაუხსნა ანტიტერორისტული კამპანიის წარმოებისთვის და მას ფართო საერთაშორისო მხარდაჭერა მოუპოვა. პირველ რიგში ევროპის კავშირისა და ნატოს მხრიდან.

ევროპელებს ეგონათ, რომ ეს კამპანია მოკავშირეებს შორის უფრო მჭიდრო თანამშრომლობის მომასწავებელი იქნებოდა. მაგრამ საქმე სხვაგვარად გამოიყურება. ბუშის მიერ ირანის, ერაყისა და ჩრდილოეთი კორეის ”ბოროტების ღერძად” გამოცხადებამ, რაც ოქროპირ რუხაძემაც ახსენა ავღანეთის შესახებ საუბრისას, აშკარა გახადა ამერიკელთა და ევროპელთა შორის არსებული აზრთა სხვადასხვაობა, უფრო მეტიც – მათ შორის დაპირისპირება.

ეს დაპირისპირება ახალი არ არის და იგი ყოველთვის არსებობდა. მაგრამ ანტიტრერორისტული კამპანიის პირობებში განსაკუთრებით ნათლად გამოიკვეთა, რომ შეერთებული შტატები მზად არის ცალმხრივად, მოკავშირეთა დაუკითხავად გადაწყვიტოს, იომოს თუ არა, მაგალითად, ერაყის წინააღმდეგ. თანაც საქმე მხოლოდ ერაყს არ ეხება. ლაპარაკია იმაზე, საერთოდ რამდენად ერთპიროვნულად შეიძლება მოქმედებდეს მსოფლიოს უძლიერესი სახელმწიფო.

ევროპელები ცდილობენ გამოიყენონ თავად ვაშინგტონში არსებული აზრთა სხვადასხვაობა ერაყის თაობაზე და იმედის თვალით შეჰყურებენ შედარებით ზომიერ პოზიციაზე მდგომ სახელმწიფო მდივანს, კოლინ პაუელს.

”შეერთებული შტატები და ევროპა ნელ-ნელა შორდებოდა ერთმანეთს, მაგრამ დღეს საქმე ისე გამოიყურება, რომ ისინი ერთმანეთთან შეტაკების კურსს ადგანანო”, განაცხადა ამ დღეებში ყოფილი პრეზიდენტის, ბილ კლინტონის ადმინისტრაციის წევრმა, ივო დაალდერმა.

ევროპის კავშირის ერთ-ერთმა ლიდერმა ხავიერ სოლანამ კი ახლახან ორივე მხარეს მოუწოდა, რომ შეეცადონ, უფრო მეტად მოწიფულებივით მოიქცნენ, რისთვისაც კოლინ პაუელის მადლობა დაიმსახურა.

ნაკლებ სავარაუდოა, რომ ევროპელთა მხრიდან ამერიკის კრიტიკამ, რაზეც ბიძინა რამიშვილი გესაუბრათ, უახლოეს მომავალში იკლოს. ამას თუნდაც იმიტომ არ უნდა ველოდეთ, რომ ევროპის კავშირის ორ უდიდეს ქვეყანაში, საფრანგეთსა და გერმანიაში, ხელისუფლებაში მყოფი მემარცხენე პოლიტიკური ძალები წინასაარჩევნო პერიოდში შეეცდებიან ამერიკელების კრიტიკის მეშვეობით ამომრჩეველთა ხმები წაართვან თავიანთ უფრო ნაციონალისტურად განწყობილ ოპონენტებს.
XS
SM
MD
LG