Accessibility links

საქართველომ და რუსეთმა შეიძლება ითანამშრომლონ პანკისის ხეობაში


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა “საქართველომ და რუსეთმა შეიძლება ითანამშრომლონ პანკისის ხეობაში”, ასეთი სათაურით გამოქვეყნდა ბრიტანეთის გაზეთ “ფაინენშელ ტაიმსის” 25 თებერვლის ნომერში ენდრიუ ჯეკისა და დევიდ სტერნის სტატია.

საქართველო აპირებს რუსეთთან თანამშრომლობას, რათა შეძლოს პანკისის უმართავ ხეობაზე კონტროლის დამყარება, წერს გაზეთი.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის იგორ ივანოვის მიერ ამ თვის დამდეგს გამოთქმულმა ვარაუდმა, რომ ნომერი პირველი ტერორისტი ოსამა ბინ ლადენი პანკისის ხეობაში იმალება, გააჯავრა ქართველები, წერენ ავტორები. ისინი ახსენებენ მკითხველს, რომ რუსეთი უკვე კარგა ხანია მიიჩნევს, რომ საქართველოს ამ კუთხეს თავს აფარებენ ჩეჩენი მეამბოხეები.

ბოლო დროს საქართველოს ოფიციალურმა პირებმა დაიწყეს ნელ-ნელა აღიარება, რომ, პანკისის ხეობაში, სადაც ვერ აღწევს კანონაღმსრულებლის ხელი და სადაც ნარკოტიკებით და იარაღით ვაჭრობა და მძევლად აყვანა იფურჩქნება, გარდა ჩეჩენი ლტოლვილებისა მეამბოხეებმაც მოიყარეს თავი, წერს გაზეთი.

ის ამცნობს მკითხველს, რომ გასულ კვირაში საქართველოში მოლაპარაკებები ჩაატარა რუსეთის უშიროების სამსახურის ხელმძღვანელმა ნიკოლაი პატრუშევმა, ხოლო რუსეთის საგანგებო ვითარებათა მინისტრი სერგეი შოიგუ თანამშრომლობდა საქართველოს ოფიციალურ პირებთან ჩეჩენ ლტოლვილთა რეპატრიაციის გეგმების შემუშავებაში.

შეერთებულმა შტატებმა აგრეთვე გააძლიერა საქართველოსთან თანამშრომლობა. ის ეხმარება მას ანტიტერორისტული ერთეულის შექმნის საქმეში. ამასთან, აღნიშნავს გაზეთი, რუსეთი უარყოფს შეერთებული შტატების მონაწილეობის გაფართოების საჭიროებას.

1990-იან წლებში დაძაბულობის გრძელი პერიოდის შემდეგ, გამოიკვეთა რუსეთსა და საქართველოს შორის დაახლოების ნიშნები, რასაც ზოგიერთი მიმომხილველი მიაწერს შეერთებული შტატების ზეწოლას 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ. რეგიონში ვაშინგტონის ინტერესის გაძლიერების ნიშანი იყო თბილისში აკრედიტებული ამერიკელი დიპლომატის ფილიპ რემლერის განცხადება, რომ კავკასიაში რამდენიმე ათეულმა ავღანელმა მუჯაჰედმა შეაფარა თავი და ზოგიერთმა პანკისის ხეობაში შეღწევა მოახერხა. მათ ოსამა ბინ ლადენთან ასოცირებულ ჩეჩენ მეამბოხეთა ლიდერ ხატაბთან აქვთ კონტაქტებიო, თქვა რემლერმა.

გაზეთს მოჰყავს საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის სიტყვები, რომ მისი ქვეყანა ითანამშრომლებს შეერთებული შტატების საგანგებო ძალებთან ჩეჩენ მეამბოხეთა გასაძევებლად, ამასთან მან აღნიშნა, რომ ჯერჯერობით სისტემატური დისკუსიები ამ საკითხზე ვაშიგტონთან არ ყოფილა. მან აგრეთვე უარყო ამ საქმეში რუსეთის დახმარება, წერენ სტატიის ავტორები.

საქართველო უწინ ყოველთვის უარყოფდა, რომ პანკისის ხეობაში თავმოყრილ დაახლოებით 7 ათას ჩეჩენ ლტოლვილს შორის მეამბოხეებიც არიან. ბევრი მიმომხილველის აზრით, ბოლოდროინდელი აღიარება ლახავს შევარდნაძის საერთაშორისო იმიჯს და ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ მთავრბა ვერ აკონტროლებს საკუთარი ქვეყნის დიდ ნაწილს.

ენდრიუ ჯეკი და დევიდ სტერნი წერენ, რომ თუმცა საქართველომ წამოიწყო სასაზღვრო აქციები, მაგრამ მიუხედავად დიდი ზარ-ზეიმისა, ამან მნიშვნელოვანი შედეგი ვერ მოიტანა. ზოგიერთი მიმომხილველი სვამს კითხვას, შეუძლია ან სურს საქართველოს პანკისის ხეობაში უმართაობის მოსპობა? არიან ოფიციალური პირები, რომლებიც ურთიერთობენ ხეობაში კრიმინალურ ელემენტებთან და ხეირსაც იღებენ და ამ ურთიერთობიდანო, ასკვნიან “ფაინენშელ ტაიმსში” გამოქვეყნებული სტატიის ავტორები.
XS
SM
MD
LG