Accessibility links

logo-print

რა შეიძლება გახდეს ადამიანის თვითმკვლელობის მიზეზი?


დავით პაიჭაძე, თბილისი რა შეიძლება გახდეს თვითმკვლელობის მიზეზი? რა ფონზე არჩევს ადამიანი საკუთარი ნებით გამოეთხოვოს სიცოცხლეს?

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თვითმკვლელობას უკვე მოუძებნეს შესაძლო მოტივები. ერთი რამ ცხადია: ეს სუიციდალური ინციდენტი ბოლომდე და დამაჯერებლად ვერასოდეს აიხსნება. თვითმკვლელობის მიზეზებს შეიძლება მხოლოდ მიუახლოვდე. ჩვენმა თანამშრომელმა, დავით პაიჭაძემ კომენტარი სთხოვა საქართველოს ფსიქიატრიის ინსტიტუტის დირექტორს პროფესორ გიორგი ნანეიშვილს.

ამთავითვე უნდა აღვნიშნო: პროფესორ გიორგი ნანეიშვილს მე ვთხოვე აღეწერა, ზოგადად, ადამიანის თვითმკვლელობის რამდენიმე შესაძლო მოტივი; დაეხასიათებინა ფონი, რომელზეც ადამიანი ესოდენ ტრაგიკულ გადაწყვეტილებას იღებს. გიორგი ნანეიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოში, საერთოდ, გაიზარდა თვითმკვლელობათა რიცხვი და თვითმკვლელები, ძირითადად, 40-50 წლის მამაკაცები არიან, რაც საქართველოში უწინ იშვიათი იყო; გიორგი ნანეიშვილი ამას თვითმკვლელის სოციალური ფუნქციის შეუსრულებლობით ხსნის: მამაკაცები ვეღარ ასრულებენ ოჯახის უფროსისა და ლიდერის მათთვის ტრადიციულ ფუნქციას, რასაც ძალიან მძიმედ განიცდიან. საქართველოში მომხდარ თვითმკვლელობათა ნაწილი სწორედ სოციალური სტრესების ზრდითა და ეკონომიკური გაუარესებით უნდა აიხსნას.

სოციალური ფაქტორების გარდა, თვითმკვლელობის მიზეზი ხშირად მხოლოდ პიროვნებაშია საძიებელი; გიორეგი ნანეიშვილის თქმით [ნანეიშვილის ხმა]: “თვითმკვლელობა ფსიქიკური დაავადების ერთ-ერთი გამოვლინებაა, იქნება ეს ღრმა დეპრესია თუ სხვა რამ. არსებობს ინვოლუციური ასაკის დეპრესია – ესაა 55-60 წელი, როგორც ქალებში, ისე მამაკაცებში. ამ ასაკში განვითარებული დეპრესია ქალებში შედარებით ხშირია, სამაგიეროდ, მამაკაცებში უფრო მძიმედ მიდის”.

თვითმკვლელობის პიროვნულ მიზეზთა შორის დეპრესია, ცხადია, ერთადერთი არ არის [ნანეიშვილის ხმა]: “თვითმკვლელობა ასევე შეიძლება გამოწვეული იყოს არა ფსიქიკური დაავადებით, არამედ იმით, რომ ადამიანს რაღაც საყრდენი ეცლება – სოციალური ან პიროვნული საყრდენი”.

ნუგზარ საჯაიას თვითმკვლელობის შემდეგ მოსკოვში მყოფმა საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თენგიზ კიტოვანმა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ შეურაცხმყოფელი ფორმის განცხადებები გაავრცელა უშიშროების საბჭოს მდივნის შესახებ, სააგენტო პრაიმ-ნიუსს სატელეფონო საუბრისას უთხრა, რომ საჯაიების ოჯახში თვითმკვლელობისადმი გენეტიკური მიდრეკილება არსებობს და თითქოს ნუგზარ საჯაიას მამამ და ძმამ ასევე თვითმკვლელობით დაასრულეს სიცოცხლე. ჩემს კითხვას, რამდენად იზიარებს ფსიქიატრიული მეცნიერება თვითმკვლელობისადმი გენეტიკური მიდრეკილების ცნებას, გიორგი ნანეიშვილმა უპასუხა, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევას თავად არ იცნობს და რას გულისხმობს კიტოვანი “გენეტიკურ მიდრეკილებაში”, მისთვის გაუგებარია [ნანეიშვილის ხმა]: “ასე ზედაპირულად თქმა ძნელია; რაიმე დაავადება იგულისხმება, გენეტიკას რომ ახსენებენ? გენეტიკურად შეიძლება პრეფორმირებული იყოს ასეთი პასუხი გარკვეულ სტრესულ სიტუაციაზე, მაგრამ ეს რამდენად შეესაბამება ამ კონკრეტულ შემთხვევას – ამის თქმა ძალიან ძნელია. დილეტანტური პოზიციიდან, არაპროფესიონალის მხრიდან ეს სხვანაირად ჟღერს; ჩვენ კი ცოტა სხვა რაღაცას ვგულისხმობთ, როცა გენეტიკაზე ვლაპარაკობთ”.

გიორგი ნანეიშვილი ამბობს, რომ თვითმკვლელობის კონკრეტული მიზეზი შეიძლება უამრავი იყოს: ესა თუ ის ფიზიკური ავადმყოფობა, ძლიერი ემოციური მუხტი, რომელიც ადამიანს სუიციდისკენ უბიძგებს. რაც შეეხება ორშაბათს მომხდარი ტრაგედიის შესაძლო მოტივს, ფსიქიატრიის ინსტიტუტის დირექტორი ფიქრობს, რომ ის დილეტანტური ვარაუდებისა და განსჯების თემად არ უნდა იქცეს.
XS
SM
MD
LG