Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სხვადასხვა ვერსიების მიხედვით ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ნუგზარ საჯაია მორალური ტერორის მსხვერპლი გახდა


ნუგზარ საჯაიას თვითმკვლელობა ედუარდ შევარდნაძემ მორალური ტერორით ახსნა, განმარტა, რომ სახელმწიფო კანცელარიაში დატრიალებული ტრაგედიის მიზეზი ის ცილისმწამებლური კამპანია იყო,

რომელიც ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის წინააღმდეგ ააგორეს. ნუგზარ საჯაიამ თავის მოკვლა საკუთარ კაბინეტში სცადა და მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა. მისი სახით, ედუარდ შევარდნაძემ ერთ-ერთი ყველაზე ერთგული ადამიანი დაკარგა.

ორშაბათს ნუგზარ საჯაიას კაბინეტში გასროლა დაახლოებით 11 საათსა და 30 წუთზე უნდა მომხდარიყო, მაშინ, როცა პრეზიდენტის ტრადიციული რადიოინტერვიუ იწერებოდა.
მანამდე ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა სამუშაო გეგმა შეადგინა და, ჩვეულებისამებრ, ორშაბათის თათბირიც ჩაატარა. ვინც ის ამ თათბირზე უკანასკნელად ნახა, ირწმუნება, რომ ნუგზარ საჯაიას აღელვება არ ეტყობოდა და, როგორც ყოველთვის, მშვიდი და გაწონასწორებული ჩანდა.

”თუ მის კაბინეტში მომხდარი თვითმკვლელობის მცდელობა იყო, წონასწორობიდან გამოსვლის მიზეზი 25 თებერვლის ქართულ პრესაში გამოქვეყნებული სტატიები უნდა ყოფილიყო,”- ასეთია ერთ-ერთი ვერსია და
ის, რაც გასროლის შემდეგ საჯაიას ოთახში შესულებმა ნახეს, სწორედ ამ ვერსიის სასარგებლოდ მეტყველებს. ნუგზარ საჯაიას გარდაცვალების მიზეზი ერთი გასროლით თავის არეში მიღებული ჭრილობაა. მძიმედ დაჭრილი უშიშროების საბჭოს მდივანი პირველად მისმა მდივანმა ნახა. გასროლამდე საჯაია ოთახში მარტო იმყოფებოდა. ტრაგედიის დატრიალებამდე მას 25 თებერვლის პრესა შეუტანეს. მათში კი ნუგზარ საჯაიას შეურაცხმყოფელი პუბლიკაციები იყო დაბეჭდილი. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ორშაბათს მომხდარის კომენტირებისას სხვადასხვა პოლიტიკოსები თვითმკვლელობის ვერსიისკენ იხრებოდნენ და აცხადებდნენ, რომ თვითმკვლელობა იყო პროტესტი იმ “ბინძური და ამაზრზენი წესისადმი”, რომელიც ქართულ პოლიტიკაში დამკვიდრდა. ასეთივე კომენტარი გააკეთა პრეზიდენტმა შევარდნაძემაც.

[ედუარდ შევარდნაძის ხმა] “თვითმკვლელობაა მორალური ტერორის საფუძველზე. ალბათ, ჰქონდა რაღაც განცდები ამ მორალურ ტერორთან დაკავშირებით, რაც ჩვენ ვერ შევამჩნიეთ. უფრო სწორად შევამჩნიეთ, გავამაგრთ კიდეც, მაგარამ, ეტყობა, ნერვებმა უღალატა და მან უღალატა თავის სამშობლოსაც.

25 თებერვალს მომხდარ ტრაგედიას წინ უძღოდა მიზანმიმართული კამპანია, რომლის ორგანიზატორებიც ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს ტეროროსტული აქტების ორგანიზებაშიც ადანაშაულებდნენ. ეს კამპანია ვერც 25 თებერვალს მომხდარმა შეაჩერა. ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის კაბინეტში დატრიალებული ტრაგედია ბორის კაკუბავამ ასე ახსნა:

[ბორის კაკუბავას ხმა] “თავს იკლავს ის, ვისაც თავის გასამართლებელი არაფერი აქვს და არ თვლის საჭიროდ საზოგადოებას გასცეს პასუხი.”

აღძღულია სისხლის სამართლის საქმე ადამიანის თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით. ბორის კაკუბავას და მისი თანამზრახველების მიერ აგორებული კამპანიის მეორე ადრესატი ავთანდილ იოსელიანი კი აცხადებს, რომ ის თავს არ მოიკლავს და პასუხს გასცემს – დავაზუსტებ, “გადაუვლის” - იმათ, ვინც სახელმწიფოს წინააღმდეგ ტერორს ახორციელებს.

როგორც აღნიშნავენ, ნუგზარ საჯაიას სახით, ედუარდ შევარდნაძეს ძლიერი დასაყრდენი გამოეცალა. ის იყო საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი 1995 წლიდან და იყო პირი, რომელსაც პრეზიდენტი ბოლომდე ენდობოდა.
XS
SM
MD
LG