Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა უძღოდა წინ ნუგზარ საჯაიას თვითმკვლელობას


თამარ ჩიქოვანი, თბილისი პოლიტიკოსთა დიდი ჯგუფი უშიშროების საბჭოს მდივნის ნუგზარ საჯაიას თვითმკვლელობას ბოლო დროს მასმედიაში ატეხილ იმ კამპანიას უკავშირებს,

რომელიც ამ ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მოხელის არა მხოლოდ პროფესიულ თვისებებს აყენებდა ეჭვქვეშ, არამედ მის პიროვნულ ღირსებასაც შეეხებოდა. თავად ნუგზარ საჯაიამ მის წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიას “მორალური ტერორი” უწოდა და გენერალურ პროკურატურას მისი მისამართით გაკეთებული ბრალდებების გამოძიების თხოვნით მიმართა. ამ განცხადებიდან ოთხი დღის თავზე უშიშროების საბჭოს მდივანმა თავი მოიკლა.

ნუგზარ საჯაია არცთუ უსაფუძვლოდ ითვლებოდა საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან პოლიტიკოსად. ერთი მხრივ, მისი, როგორც უშიშროების საბჭოს მდივნის საკმაოდ ფართო უფლებები, მეორე მხრივ – თითქმის 30 წლიანი მეგობრობის სტაჟი საქართველოს პრეზიდენტთან მის გავლენას საქართველოს პოლიტიკაზე შესამჩნევს ხდიდა. სხვა საკითხია, რომ თავად უშიშროების საბჭოს მდივანი არ გახლდათ, ასე ვთქვათ, საჯარო პოლიტიკოსი. იგი მაქსიმალურად ცდილობდა ჩრდილში დარჩენას, ერიდებოდა ჟურნალისტებთან ურთიერთობას, რაც, დამეთანხმებით, დღევანდელ საქართველოში იშვიათი მოვლენაა. შესაბამისად, ქართველი ჟურნალისტების შერქმეული მეტსახელი – “რუხი კარდინალი” – საკმაოდ კარგად გამოხატავდა საზოგადოების დამოკიდებულებას ნუგზარ საჯაიას მიმართ.

თუმცა, ბოლო ორი თვის მანძილზე ჟურნალისტების დამოკიდებულება რუხი კარდინალის მისამართით რადიკალურად შეიცვალა. ჯერ ერთი, თავად ნუგზარ საჯაიამაც შეცვალა ტაქტიკა და მეტ-ნაკლები რეგულარულობით იგი სხვადასხვა ტელეკომპანიის ეთერში ჩნდებოდა. ამის გარდა, პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლებმაც უღალატეს თავის ფრთხილ დამოკიდებულებას უშიშროების საბჭოს მდივნის მიმართ და არაერთი ბრალდება ხმამაღლა ითქვა.

ჟურნალისტების ბრალდება მაინცდამაინც ბრალდებად არ გამოიყურება – ქართველ ჟურნალისტთა დიდი ნაწილი, როგორც წესი, ყურადღებას ამახვილებდა იმ ფაქტზე, რომ სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელების პოსტზე სულ უფრო ხშირად, ასე ვთქვათ, ნუგზარ საჯაიას “კადრები” წინაურდებოდნენ. პრინციპში, ეს პოლიტიკოსის ნაკლად კი არა, ღირსებად თუ ჩაითვლება. ის, რომ უშიშროების საბჭოს “სკოლა” გაიარეს უშიშროების მინისტრმა ვალერი ხაბურზანიამ, შინაგან საქმეთა მინისტრმა კობა ნარჩემაშვილმა, კონტროლი პალატის თავმჯდომარემ სულხან მოლაშვილმა, პრეზიდენტის პრეს-მდივანმა კახა იმნაძემ – არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს. მეტიც – ეს მოხელეები არ მალავენ, რომ ნუგზარ საჯაიამ მათ კარიერაში ნამდვილად ითამაშა მნიშვნელოვანი როლი.

ალბათ, პრეზიდენტის მხრიდან ნუგზარ საჯაიასადმი განსაკუთრებულ ნდობაზე ესეც მეტყველებს. ის თითქმის ყოველთვის ითვალისწინებდა უშიშროების საბჭოს მდივნის აზრს. კანცელარიის კარგად ინფორმირებული პირების თქმით, ნუგზარ საჯაია იმ იშვიათ ადამიანთა რიცხვში შედიოდა, ვინც პრეზიდენტთან კამათს არ გაურბოდა.
არაერთი პოლიტიკოსის განცხადებით, ნუგზარ საჯაიას თვითმკვლელობა მძიმე დანაკლისი იქნება პრეზიდენტ შევარდნაძისთვის. ამ შეფასებაში პათეტიკასთან ერთად ერთგვარი პრაგმატიზმიც გამოსჭვივის. ფაქტია, რომ უშიშროების საბჭოს მდივანმა ძალიან ბევრი რამ იცოდა და ბევრ ინფორმაციაზე მიუწვდებოდა ხელი. საქართველოში უცხოეთის სპეცსამსახურების ხელმძღვანელების მოხშირებული ვიზიტების ერთ-ერთ აუცილებელ პუნქტად ნუჯზარ საჯაიასთან პირისპირ შეხვედრა და საუბარი შედიოდა. ახლაც, რამდენიმე დღის წინ, იგი რუსეთის უშიშროების სამსახურის უფროსს ნიკოლაი პატრუშევს პანკიში შექმნილ ვითარებასა და ორი ქვეყნის სპეცსამსახურებს შორის ინფორმაციის გაცვლის თემაზე ესაუბრა.

გასულ კვირას მთავრობის სხდომაზე, პრეზიდენტმა შევარდნაძემ საჭიროდ ჩათვალა სპეციალური განცხადების გაკეთება იმ კამპანიის შესახებ, ბოლო დღეებში მიზანმიმართულად რომ იმართებოდა უშიშროების საბჭოს მდივნის დისკრედიტაციისთვის. მისი განცხადებით, პირადად მას უკვე იმუნიტეტი გამოუმუშავდა პრესის კრიტიკის მიმართ, მაგრამ სხვები პრესის დევნას მტკივნეურად განიცდიან. ვინ როგორ – ეს 25 თებერვალს გაირკვა.
XS
SM
MD
LG