Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რამდენად რეალურია აშშ-ის მონაწილეობა ანტიტერორისტულ ოპერაციაში საქართველოს პანკისის ხეობაში? ამ საკითხს არაერთი წერილი მიუძღვნა წინა კვირის რუსეთის ელექტრონულმა პრესამ.


გიორგი კაკაბაძე, თბილისი 20 თებერვლის ინტერნეტგაზეთი "სტრანა" იმოწმებს გაზეთ "კომერსანტის" ინფორმაციას, რომ "აშშ-ის ხელმძღვანელობამ მოამზადა საქართველოს პანკისის ხეობაში ტერორიზმის ლიკვიდაციის გეგმა,

რომელსაც რუსეთის ხელმძღვანელობაც გაეცნო. ეს ცნობა ამერიკის ადმინისტრაციის ანონიმური წყაროს საშუალებით გავრცელდა."
"სტრანა" წერს:

"წყაროს მონაცემებით, აშშ-ში შემუშავებული გეგმა ითვალისწინებს ამერიკისა და რუსეთის სპეცსამსახურების, აგრეთვე, დიპლომატების, ერთობლივ მოქმედებას რეგიონში დაძაბულობის კერის ლიკვიდაციისათვის. რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლები ამერიკელთა გეგმას გაეცნენ რუსეთ-ამერიკის სამუშაო ჯგუფის სხდომაზე, რომელიც ამა წლის 8 თებერვალს ვაშინგტონში გაიმართა. სხდომაში მონაწილეობნენ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ვიაჩესლავ ტრუბნიკოვი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პირველი მოადგილე რიჩარდ არმიტიჯი. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პასუხისმგებელმა მუშაკმა აღიარა, რომ პანკისის ხეობის პრობლემა ამერიკის მთავრობის შეშფოთებას იწვევს და ეს საკითხი არაერთხელ განუხილავთ საქართველოს მთავრობასთან ერთად."

22 თებერვლის ინტერნეტგაზეთი "ვესტი" აღნიშნავს, რომ რუსეთის გენშტაბის მეთაურის, ანატოლი კვაშნინის, აზრით, ამერიკის მონაწილეობა ანტიტერორისტულ ოპერაციაში ნაკლებსავარაუდოა. მაგრამ გაზეთი მიიჩნევს, რომ კვაშნინის განცხადება დიპლომატიის სფეროს უფრო განეკუთვნება.

"როგორც ჩანს, რუსეთი მზად არის დაუთმოს ამერიკელებს ქართული პლაცდარმი", - წერს გაზეთი, რომლის აზრით, ამ დათმობის საფასური ის იქნება, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს ჩეჩნეთის კონფლიქტში ჩაითრევენ.
"ვესტის" ცნობით, ექსპერტების უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ, თუ ამერიკელი ჯარისკაცი საქართველოს ტერიტორიაზე შეაბიჯებს, იქიდან ფეხს აღარ მოიცვლის. გაზეთის თქმით, "რუსეთსაც საქართველოში აღარაფერი ესაქმება. თუმცა რუსეთმა საქართველო გაცილებით ადრე დაკარგა - ჯერ კიდევ მაშინ, როცა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ უარი თქვა, მონაწილეობა მიეღო დამოუკიდებელი სახელმწიფოს ახალი არმიის ფორმირებაში, ან, თუნდაც, სამხედრო მატერიალურ-ტექნიკური ბაზა დაეტოვებინა ქართული არმიისათვის."

"რუსეთის პოლიტიკურ-ინფორმაციული არხის" აზრით, რუსეთი რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. 22 თებერვლის წერილში ნათქვამია, რომ "ერთი მხრივ, ერთობლივი ამერიკულ-რუსულ-ქართული ოპერაციის ჩატარება პანკისში ლოგიკური იქნებოდა და რუსეთისათვის სასარგებლოც: ასეთი გეგმა უკვე რეალურად რთავს ჩეჩნეთს მსოფლიოს კონტრტერორისტული ინტერესების ზონაში და ძლიერ კოზირს აძლევს რუსეთს."

ამასთან, ინტერნეტგამოცემა მიიჩნევს, რომ ოპერაციის ჩატარების შემდეგ ამერიკელები აღარ დატოვებენ საქართველოს ტერიტორიას. გაზეთის თქმით,
"ისინი ყოფილ საბჭოთა ბაზებს დაიკავებენ და ახალს ააშენებენ. რუსეთ-საქართველოს უაღრესად რთული ურთიერთობების ფონზე საქართველო დიდ ნაბიჯს გადადგამს "ნატოში" გაწევრიანებისკენ, რაც ახალი საერთაშორისო წესრიგის შესაბამისი რიტორიკით იქნება გამაგრებული. ეს კი, რუსეთისათვის ხელსაყრელი არ იქნება."

მაგრამ რამდენად რალურია ანტიტერორისტულ ოპერაციაში ამერიკელთა მონაწილეობა? როგორც ამერიკელი, ისე ქართველი დიპლომატები უარყოფენ ამგვარ შესაძლებლობას.
22 თებერვლის ინტერნეტგაზეთი "სტრანა" იმოწმებს რუსეთში ამერიკის ელჩის, ალექსანდრ ვერშბოუს განცხადებას, რომ "ამერიკის შეერთებული შტატები ცდილობს, დაეხმაროს საქართველოს მთავრობას თავის ტერიტორიაზე კონტროლის დამყარებაში და აღკვეთოს ჩეჩნეთში მებრძოლი ტერორისტებისათვის დახმარების მიწოდება". მაგრამ, ელჩის თქმით, "ამერიკის შეერთებულ შტატებს არა აქვს საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის ჩატარებასთან დაკავშირებული გეგმები. საუბარია სამხედრო დახმარების აღმოჩენაზე".

დაახლოებით, ასეთსავე კონტქსტში საუბრობს საქართველოს ელჩი აშშ-ში თედო ჯაფარიძე სააგენტო იტარ-ტასსისათვის მიცემულ ინტერვიუში. "სტრანას" ცნობით, "საქართველოს ელჩი დარწმუნებულია, რომ უახლოეს მომავალში არ უნდა ველოდეთ ამერიკელი სამხედროების გამოჩენას პანკისის ხეობაში". თედო ჯაფარიძის სიტყვებით, "აშშ-ის წარმომადგენლები საქართველოს დიპლომატებთან განიხილავდნენ პანკისის სიტუაციის საკითხს, მაგრამ მოქმედების არანაირი კონკრეტული გეგმა არ შეუთავაზებიათ. შესაბამისად, არც რაიმე ერთობლივ ოპერაციაზე ყოფილა საუბარი. თუმცა აშშ უკვე უწევს საქართველოს მატერიალურ-ტექნიკურ დახმარებას, მათ შორის, საზღვრის დაცვის გაუმჯობესების მხრივაც. მიმდინარეობს თანამშრომლობა სამხედრო ხაზითაც."
XS
SM
MD
LG