Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთიდან დევნილთა მიმართ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკის შეფასება


გიორგი კაკაბაძე, თბილისი რის თქმა შეიძლება საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკაზე აფხაზეთიდან დევნილთა მიმართ? ბევრი ქართველი ექსპერტი მიიჩნევს,

რომ ქვეყნის ხელმძღვანელობასა და პოლიტიკურ წრეებს დღემდე ვერ გაუცნობიერებიათ აღნიშნული პრობლემის ნამდვილი არსი. ასე ფიქრობს პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილიც.

პაატა ზაქარეიშვილის თქმით, “აფხაზეთიდან დევნილთა პრობლემებზე საუბრისას, უმთავრესად მიჩნეულია მათი სამშობლოში დაბრუნება. მაგრამ ეს საკითხი უკავშირდება კონფლიქტის შედეგს და არავინ ლაპარაკობს იმაზე, თუ რა მიზეზებმა გამოიწვია ათასობით ათასი ადამიანის საკუთარი მიწიდან გამოდევნა.”

[ზაქარეიშვილის ხმა] “ვინაიდან დღევანდელი ხელისუფლება არის ის ხელისუფლება, რომლის დროსაც გაჩაღდა კონფლიქტი და დღევანდელი ხელისუფლება, – პოლიტიკურ ხელისუფლებაზეა ლაპარაკი, - შესაბამისად, პასუხისმგებელია იმაზე, რაც მოხდა აფხაზეთში, ამიტომ მას რომ ჰქონოდა უნარი სწორი პოლიტიკის წარმართვისა, ის ამ კონფლიქტს არ დაუშვებდა იმიტომ, რომ ეს იყო ყველაზე აბსურდული, ყველაზე უზნეო საქციელი, როცა ჯარები შეგყავს არაფრის გამო, რკინიგზის დასაცავად ჯარების შეყვანა არსად გაგონილა. ეს, აშკარად, სულ სხვა მიზნებს ემსახურებოდა. ჯარების შეყვანის მიზანი იყო, დაემორჩილებინა ურჩი მოსახლეობა.”

მაგრამ საქართველოს ხელისუფლებას დღემდე არ უღიარებია თავისი შეცდომა, რაც, პოლიტოლოგის აზრით, დღევანდელ ვითარებაში დაშვებულ არა ერთ შეცდომასთან ერთად, იმასაც მიანიშნებს, რომ არასწორი პოლიტიკის გატარება მომავალშიც არის მოსალოდნელი.

რაც შეეხება დევნილების მიმართ დამოკიდებულებას, პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება და პოლიტიკური წრეები რეალურად არ ითვალისწინებენ დევნილთა ინტერესებს და მხოლოდ საკუთარი ამბიციების წარმოჩენა ამოძრავებთ. მისი თქმით, “ამგვარი დამოკიდებულება ამას წინათ ჩატარებულმა დევნილთა ყრილობამაც დაადასტურა, ვინაიდან დევნილთა პრობლემა მხოლოდ დაბრუნებას არ გულისხმობს.”

[ზაქარეიშვილის ხმა] “დევნილები არიან ჩვენი მოქალაქეები და ათი წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებას არც ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს მათი უფლებების დასაცავად. ბოლო დრომდე, და ეს ჯერ კიდევ არ არის რეალიზებული, მათ წართმეული ჰქონდათ პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებები. მათ არ ჰქონდათ საშუალება აერჩიათ თავისი ადგილობრივი ხელისუფლება საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. მათ არ ჰქონდათ საშუალება, აერჩიათ მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში, რათა თავიანთი ნება განეხორციელებინათ ამ დეპუტატებს სახელმწიფოს მართვაში.”

ჩემი თანამოსაუბრის თქმით, სამწუხაროდ, არავინ ფიქრობს იმაზე, რომ დევნილებს ცხოვრების ღირსეული პირობები შეუქმნან იქ, სადაც ისინი დღეს არიან.
“ამიტომ, მეტად საეჭვოა, რომ საქართველოს ხელისუფლება რეალურ მხარდაჭერას გაუწევს მათ აფხაზეთში დაბრუნების შემთხვევაში,” – ამბობს პოლიტოლოგი.

რით შეიძლება აიხსნას არსებული ვითარება? პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ,
ჯერ-ერთი, საქართველოს ხელისუფლებაში არ არიან პროფესიონალი პოლიტიკოსები: მათ არსად არ შეუძენიათ ქვეყნის მართვის გამოცდილება. მეორეც, - ხელისუფლების წარმომადგენლები არ ხელმძღვანელობენ სახელმწიფო ინტერესებით, ისინი მხოლოდ თავიანთ თავზე და საკუთარი ოჯახების კეთილდღეობაზე ზრუნავენ. პოლიტოლოგის თქმით, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, ფაქტობრივად, თავიდან იცილებენ პასუხისმგებლობას კონფლიქტთან დაკავშირებული არსებითი საკითხების მოგვარებაში, - [ზაქარეიშვილის ხმა] “ენდობიან პარტიზანებს, ჩეჩნებს, გაეროს, ეუთოს, რუსეთს, მაგრამ არა თავის თავს. არასოდეს იღებენ პასუხისმგებლობას თავის თავზე. ჩემი ღრმა რწმენით, მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთის მოსახლეობა და პოლიტიკური ძალები ნამდვილად არ არიან მზად საქართველოში დასაბრუნებლად, საქართველოს ხელისუფლება კიდევ უფრო მეტად მოუმზადებელია იმისათვის, რომ აფხაზეთი დაიბრუნოს თავის შემადგენლობაში. ჩემი გამოცდილება, ჩემი მუდმივი კონტაქტები აფხაზებთან მაძლევს საფუძველს, განვაცხადო, რომ აფხაზები ქართველებზე მეტად არიან მზად კონსტრუქციული დიალოგისათვის, ქართველები კი, არაფერს ცდილობენ იმისათვის, რომ ასეთი დიალოგი დაიწყოს.”

პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ “კონფლიქტისადმი ამგვარი დამოკიდებულების პირობებში საქართველოს ხელისუფლება დიდი ხნის განმავლობაში ვერ შეძლებს თავისი იურისდიქციის გავრცელებას აფხაზეთის ტერიტორიაზე. შესაბამისად, დევნილთა დაბრუნებისა და მათი უფლებების დაცვის პრობლემა ასევე დიდ ხანს მოუგვარებელი დარჩება.”
XS
SM
MD
LG