Accessibility links

logo-print

სახელმწიფო მოქალაქეებს ანტიკონსტიტუციურ მოსაკრებლებს ახდევინებს


სოზარ სუბელიანი, თბილისი თითქოს სიმბოლურია: საქართველოს სასამართლო, რომელიც სამართლებრივი სახელმწიფოსა და კანონის უზენაესობის მთავარი გარანტი უნდა იყოს, ნაწილობრივ უკანონოდ აკრებილი ფულით ფინანსდება.

საუბარია იმ თანხაზე, რომელსაც მოქალაქეები საწარმოებისა თუ საზოგადოებრივი გაერთიანებების რეგისტრაციისთვის იხდიან. მოსაკრებელი, რომელიც მინისტრთა კაბინეტის დადგენილებით არის დაწესებული და რომლის ოდენობაც ამავე დადგენილებით არის განსაზღვრული, საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. სახელმწიფო, მეშვიდე წელია, ანტიკონსტიტუციურ მოსაკრებელს კრებს, მის კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანას კი არავინ ჩქარობს.

საქართველოს კონსტიტუციის 94-ე მუხლის თანახმად, გადასახადებისა და მოსაკრებლების სტრუქტურა, მათი ოდენობა, შემოღებისა და გადახდის წესი მხოლოდ და მხოლოდ კანონმა შეიძლება დაადგინოს. საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი "მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ", მაგრამ ამ კანონს არც ერთი ზემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმი არ განუსაზღვრავს, მან, უბრალოდ, კიდევ ერთხელ გაიმეორა კონსტიტუციის ზოგადი მოთხოვნები. რაც შეეხება მოსაკრებლებს, ძალაში დარჩა მინისტრთა კაბინეტის დადგენილება, რომელიც ჯერ კიდევ კონსტიტუციამდე იქნა მიღებული.

საუბარია იმ თანხაზე, რასაც მოქალაქეები საწარმოებისა თუ საზოგადოებრივი გაერთიანებების რეგისტრაციისთვის იხდიან. ყველაზე ნაკლები - 10 ამერიკული დოლარის ეკვივალენტი ეროვნული ვალუტით - ინდივიდუალური საწარმოს დაფუძნების მსურველმა უნდა გადაიხადოს, ყველაზე ძვირი კი სააქციო საზოგადოების რეგისტრაცია ჯდება - 180 ამერიკული დოლარის ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში.

ერთი კონკრეტული იურიდიული პირის დაფუძნება, თითქოს, ძვირი არ არის, მაგრამ, მთლიანობაში, ბიუჯეტში სხვადასხვა სახის მოსაკრებლებიდან საკმაო თანხა გროვდება. თანაც, მთავარი თანხის მოცულობა კი არა, პრინციპია: თუ ადამიანის საკუთრება ხელშეუვალია და ეს საქართველოს კონსტიტუციითაც არის განმტკიცებული, საკუთრების ნებისმიერი უკანონო ჩამორთმევა პირდაპირ არღვევს ადამიანის ერთ-ერთ ხელშეუვალ უფლებას - საკუთრების უფლებას. ეს კი არა მხოლოდ კონკრეტული მოქალაქის წინააღმდეგ არის მიმართული, არამედ ზოგადად სახელმწიფოს წინააღმდეგაც, რადგან მის ლეგიტიმაციას უქმნის საფრთხეს.

როგორც პარლამენტის წევრი კობა დავითაშვილი ამბობს, ხსენებული მოსაკრებლები არა მხოლოდ კონსტიტუციის 94-ე მუხლს ეწინააღმდეგება, არამედ კონსტიტუციის 21-ე მუხლსაც, რომლის თანახმადაც საკუთრების უფლება აღიარებულია, ხოლო ამ უფლების გაუქმება - დაუშვებელი. შესაბამისად, ნებისმიერ მოქალაქეს აქვს უფლება, უკანონოდ წართმეული თანხის უკან დაბრუნება მოითხოვოს. [კობა დავითაშვილის ხმა] "რა თქმა უნდა, არაკონსტიტუციური გადასახადი თუ მოსაკრებელი არის უკანონო და ყველას აქვს უფლება, მისი უკან დაბრუნება მოინთხოვოს. ადამიანის უფლებებში საკუთრების უფლებაც იგულისხმება, საკუთრების უკანონო ჩამორთმევა კი 21 მუხლით არის აკრძალული".

დავითაშვილის თქმით, საქართველოში არსებობს პრეცედენტი, როცა მოქალაქემ სამართლებრივი გზით შეძლო საკუთრების უფლების დაცვა: [კობა დავითაშვილის ხმა] "პრეცედენტი არსებობს ამისი, თუ არ ვცდები, ბატონ ოთარ ზოიძეს მიჰყავდა ეს საქმე, შეეხებოდა ეკოლოგიურ გადასახადს, რომელიც უკანონოდ იყო დადგენილი".

პრეცედენტი ნამდვილად არსებობს, ოღონდ, საქმე ის არის, რომ ამ პრეცედენტმა სახელმწიფოს წინაშე მოქალაქისა და მისი საკუთრების დაუცველობა გამოაჩინა და არა პირიქით. ხსენებული პრეცედენტი 1996 წელს შეიქმნა, როცა ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარემ, ოთარ ზოიძემ და მისმა მარწმუნებელმა, ფირმა "სათბობტრეიდმა" სარჩელი შეიტანეს საკონსტიტუციო სასამართლოში და ეკოლოგიური გადასახადის გაუქმება მოითხოვეს. ზოიძემ პროცესი მოიგო - 1997 წელს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო ეკოლოგიური გადასახადი. საქმის არსი მაშინაც იგივე იყო, რაც მოსაკრებლებთან დაკავშირებით: ზოიძის თქმით, გადასახადი დადგენილი იყო არა კანონით, როგორც ამას კონსტიტუცია მოითხოვს, არამედ მინისტრთა კაბინეტის დადგენილებით. [ოთარ ზოიძის ხმა] "ამ დადგენილების საფუძველზე მილიონობით თანხა იყო გადახდილი ბიუჯეტში. ეს იმას ნიშნავს, რომ, ფაქტობრივად, უკანონოდ ახდევინებდნენ ამ გადასახადს. მე მოვიგე ეს პროცესი, საკონსტიტუციო სასამართლომ გამოაცხადა ეს დადგენილება არაკონსტიუციურად, მაგრამ, როდესაც ერთ-ერთი ფირმის სახელით მოვითხოვეთ ამ გადახდილი თანხების უკან დაბრუნება, საოლქო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეს თანხები არ ექვემდებარება ბიუჯეტიდან დაბრუნებას, რადგან ანტიკონსტიტუციურად გამოცხადებამდე ეს დადგენილება იყო კონსტიტუციური. მართალია, საოლქო სასამართლოში მოსამართლეთა ხმები გაიყო, ერთ მოსამართლეს - ნათია წკეპლაძეს - ჰქონდა განსაკუთრებული აზრი, მაგრამ ორი მოსამართლის ხმამ ეს საკითხი ჩვენ საწინააღმდეგოდ და სამართლის საწინააღმდეგოდ გადაწყვიტა."

თუკი მოსაკრებლების თანხა 10-დან 180 დოლარამდე მერყეობს, ეკოლოგიური გადასახადის სახით უკანონოდ გადახდილი თანხების მოცულობა საკმაოდ სოლიდური იყო. "სათბობტრეიდს" ბიუჯეტში ამ გადასახადის სახით დაახლოებით 50 ათასი დოლარი ჰქონდა გადახდილი, მაგრამ იყვნენ ფირმები, რომელთა გადახდილი თანხა მილიონობით დოლარს შეადგენდა.

მოსარჩელეებმა გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს უზენაეს სასამართლოში, მაგრამ უზენაესმაც საოლქოს პოზიცია გაიზიარა: [ოთარ ზოიძის ხმა] "ფაქტობრივად, უზენაესი სასამართლოც დაეთანხმა, რომ თუ სახელმწიფო ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილების, დადგენილების ან ნორმატიული აქტის საფუძველზე ჩაიდენს რაიმე მოქმედებას, ეს მოქმედება სახელმწიფოს ხახვივით უნდა შერჩეს. ეს არის ჩემთვის ლაკმუსი, არსებობს თუ არა საქართველოში სასამართლო ხელისუფლება. რაც უნდა ვილაპარაკოთ რეფორმებზე, ჩემთვის ეს რეფორმები არის ბლეფი. არავითარი რეფორმები არ არსებობს, უბრალოდ, არაფერი არ შეცვლილა. მოქალაქისა და სახელმწიფოს დამოკიდებულებაში ვლინდება, არსებობს თუ არა მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლება და როცა სასამართლო ასეთ გადაწყვეტილებას იღებს, ანუ, როცა ის იღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას და არა სამართლებრივს, იქ მე შემიძლია პირდაპირ ვთქვა, რომ საქართველოში არ არსებობს სასამართლო ხელისუფლება."

საქართველოს თითქმის მთელი სახელისუფლო იერარქია ერთი პრინციპით ხელმძღვანელობს: როცა ერთმანეთს უპირისპირდება სახელმწიფოსა და კონკრეტული ჩინოვნიკის ინტერესი, მაშინ ჩინოვნიკის ინტერესის პრიმატი ცალსახაა, მაგრამ თუ ერთმანეთის პირისპირ სახელმწიფოსა და ვინმე კერძო პირის ინტერესი დგება, მაშინ კერძო პირის ინტერესი არავის ახსოვს. ამ მხრივ გამონაკლისს არც მოსამართლეები წარმოადგენენ: [ოთარ ზოიძის ხმა] "სასამართლო, თვითონ მოსამართლეების უმრავლესობა თავის თავს აღიქვამენ არა არბიტრებად - ნეიტრალურ, მიუკერძოებელ არბიტრებად - არამედ სახელმწიფოს მოხელეებად ამ სიტყვის კლასიკური გაგებით. სასამართლო ხელისუფლება სპეციფიკური ხელისუფლებაა, ეს არ არის საკანომდებლო ან აღმასრულებელი ხელისუფლება… ცხადია, ის სახელმწიფო სტრუქტურაა, მაგრამ სახელმწიფოსგან მაინც მეტ-ნაკლებად გამოცალკევებული, ნეიტრალური, განზე მდგომი ხელისუფლებაა, რადგან ის არის არბიტრი სახელმწიფოსა და სხვა სუბიექტებს, ან კერძო პირებს შორის დავის დროს. როცა სასამართლო მხარედ აღიქვამს თავს და ხელმძღვანელობს ბიუჯეტის ინტერესებით - ასეთი მენტალიტეტი კი ნამდვილად არსებობს, რომ ბიუჯეტი არის პირველი და თუ ბიუჯეტში ფული არ შევა, მე ხელფასს საიდან მივიღებო - იქ სასამართლო ხელისუფლების არსებობაზე ლაპარაკი ზედმეტია."

სახელმწიფოს დამოკიდებულება კერძო პირებისა და მათი ინტერესების მიმართ ბიუჯეტის კანონშიც კარგად ჩანს: მასში გათვალისწინებულია 3 მილიონი ლარი იმ დავალიანების დასაფარად, რასაც სახელმწიფო კერძო პირებთან თუ კერძო კომპანიებთან სასამართლო პროცესებში წააგებს. ხოლო თუ თუ დავალიანება 3 მილიონ ლარს გადააჭარბებს, მოვალე მრავალწლიანი ლოდინისთვის არის განწირული: [ოთარ ზოიძის ხმა] "გამოდის, რომ ზარალდებიან ის პირები, რომლებმაც კონტრაქტი დადეს სახელმწიფოსთან, შეასრულეს თავიანთი ვალდებულებები, მათ მიერ ამ ვალდებულების შესრულებისა და სახელმწიფოს დავალიანების ფაქტი კი სასამართლოს გადაწყვეტილებით არის აღიარებული. არანაირი ლიმიტის დადგენა აქ არ შეიძლება. ანუ ამით, ფაქტობრივად, ჩვენი სახელმწიფო ამბობს, რომ აბსოლუტურად არ აინტერესებს შიდა ვალი. არადა, ჩვენი სახელმწიფოს შიდა ვალი, რომელიც მას აქვს საკუთარი მოქალაქეების მიმართ, უცხოური ვალებზე ნაკლები არ არის. სახელმწიფოს მიერ შიდა ვალები მთლიანად იგნორირებულია."

ზოიძე დარწმუნებულია, რომ სარეგისტრაციო მოსაკრებლების სახით უკანონოდ გადახდილ თანხებს უკან ვერავინ დაიბრუნებს, რადგან ამის დაშვება უშუალოდ სასამართლოთა ფინანსურ ინტერესებს შელახავს - მათი სპეცსახსრები ნაწილობრივ სწორედ ამ მოსაკრებლებიდან ფინანსდება.
XS
SM
MD
LG