Accessibility links

logo-print

მორიგი თავდასხმა პანკისის ხეობაში მშენებარე სტრატეგიულ ენერგოობიექტზე


როგორც ცნობილია, 25 თებერვალს უშიშროების საბჭოს მდივნის, ნუგზარ საჯაიას, ტრაგიკული დაღუპვის ფაქტს ერთ-ერთი პირველთაგანი ქართველი სოციალისტების ლიდერი ვახტანგ რჩეულიშვილი გამოეხმაურა და,

პრესით ცილისწამების გარდა, გავლენიანი პოლიტიკური ფიგურის თვითმკვლელობის შესაძლო მიზეზად პანკისის ხეობაში შექმნილი რთული ვითარებაც დაასახელა. სხვათა შორის, ნიშანდობლივია, რომ სწორედ 25 თებერვალს დაემთხვა მორიგი შეიარაღებული თავდასხმა პანკისის ხეობაში მდებარე "ხადორიჰესზე", რომელსაც რამდენიმე წელია, ქართველ ენერგეტიკოსებთან ერთად, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სიჩუანის ენერგეტიკული კომპანია აშენებს. საქართველოს ოფიციალური პირები არ გამორიცხავენ, რომ გარკვეული ძალები ამ მნიშვნელოვანი პროექტის ჩაშლასა და პანკისის ხეობაში ახალ დესტაბილიზაციას გეგმავდნენ.

გავრცელებული თვალსაზრისით, კრიმინალური სამყაროსთვის პანკისის ხეობა, ძირითადად, ნარკოტიკებისა და იარაღის გამო გახდა მიმზიდველი. თუმცა ამ სიას რამდენიმე წლის წინ დაემატა გავლენის ახალი სფერო - 25 მეგავატი სიმძლავრის მქონე "ხადორიჰესი", რომლის მშენებლობაშიც ჩინეთის სიჩუანის ენერგეტიკულ კომპანიას 20 მილიონ დოლარზე მეტი თანხის ინვესტირება აქვს დაგეგმილი.

სპეციალისტების შეფასებით, ქისტებით დასახლებულ სოფელ ჯოყოლოს მიმდებარე ტერიტორიაზე წამოწყებულ ამ მშენებლობას საქართველოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. გარდა იმისა, რომ იქ 100-ზე მეტი ადგილობრივი მცხოვრებია დასაქმებული, თავისი სიმძლავრით “ხადორიჰესი" რამდენიმე წლის შემდეგ ელექტროენეერგიით მთელი კახეთის რეგიონის უზრუნველყოფას შეძლებს.
თუმცა, ახმეტის რაიონში შექმნილი მეტად საშიში კრიმინოგენული ვითარების გამო, ჩინელები უარს ამბობდნენ ამ მშენებლობის დაფინანსებაზე, მაგრამ მას შემდეგ, რაც უსაფრთხოების უზრუნველყოფა საქართველოს ხელისუფლებამ ითავა, ჩინელები ინვესტიციების ჩადებაზე დათანხმდნენ.

აღსანიშნავია, რომ თავის დროზე "ხადორიჰესის" მშენებლობა, გაძლიერებული დაცვის თანხლებით, საქართველოს პრეზიდენტმა ედუარ შევარდნაძემ მოინახულა და მშენებლებს მუშაობისთვის საჭირო ყველა პირობის შექმნა აღუთქვა, თუმცა სულ მალე საქართველოს ხელისუფლებამ პანკისის ხეობაზე კონტროლი დაკარგა და "ხადორიჰესის" სახით "მსუყე ლუკმის" გასაყოფად სხვადასხვა გავლენიან კრიმინალურ დაჯგუფებებს შორის დაპირისპირება დაიწყო. კრიმინალების გათვლა მარტივია - ვინც ამ დაპისრისპირებაში გაიმარჯვებს, სტრატეგიულ ენერგოობიექტზე კონტროლის უფლებასაც ის მოიპოვებს.

პირველად ასეთი ვერსია ქართულ პრესაში გასული წლის 20 ნოემბერს გამოჩნდა. მაშინ დაუდგენელმა პირებმა ააფეთქეს სოფელ ჯოყოლოსთან არსებული ხიდი, რომელსაც ზემოხსენებული ენერგეტიკული კომპანია ჰესის მშენებლობისათვის გამოიყენებს.

იმავე დღეს საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ახმეტის რაიონში მომხდარი ინციდენტის კომენტირებისას, ენერგეტიკის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე რევაზ არველაძემ განაცხადა, რომ ეს ინციდენტი სერიოზულად გაართულებს ჰესის მშენებლობას და გამოიწვევს უკმაყოფილებას ჩინური კომპანიისას, რომელმაც მომხდარის შესახებ თავისი მხარე უკვე გააფრთხილა.

თუმცა "გაფრთხილება" ძალიან რბილად იყო ნათქვამი. სინამდვილეში, ჩინური კომპანიის მესვეურებმა კატეგორიულად განაცხადეს, რომ დატოვებენ საქართველოს, თუკი მათ სიცოცხლეს საფრთხე კვლავ დაემუქრება.

სამწუხაროდ, თავდასხმის ფაქტი "ხადორიჰესზე" 25 თებერვალს კვლავ განმეორდა. სააგენტო "კავკაზ-პრესის" ინფორმაციით, უცნობმა პირებმა ჰესის შენობას ამჯერად ნაღმსატყორცნიდან გაუხსნეს ცეცხლი. მაგრამ, როგორც სამი თვის წინ, თავდამსხმელებისთვის წინააღმდეგობა არც ამჯერად გაუწევია ვინმეს. შემთხვევის ადგილზე გასულმა პოლიციის მაღალჩინოსნებმა მხოლოდ ის დააფიქსირეს, რაც საზოგადოებამ ისედაც კარგად იცის - "პანკისის ხეობაში არსებობენ გარკვეული ძალები, რომლებიც ყველა საშუალებებით ცდილობენ ჰესის მშენებლობის ჩაშლას".

მაგრამ ძალზე საეჭვოა, რომ ასეთმა უსუსურმა არგუმენტმა დააკმაყოფილოს ჩინელი ინვესტორი, რომელმაც "უკანასკნელი ჩინური გაფრთხილება" ერთხელ უკვე მისცა საქართველოს ხელისუფლებას.
XS
SM
MD
LG