Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი ღონღაძის ქვრივი დენიელ პერლის მკვლელობაზე


უკვე თვეზე მეტია, ამერიკელი ჟურნალისტის, 38 წლის დენიელ პერლის გატაცება, ხოლო შემდეგ მკვლელობა, მთელი მსოფლიოს მასმედიის ყურადღების ცენტრშია.

ამ საკითხს რადიო “თავისუფლებამაც” არაერთი მასალა მიუძღვნა. დღეს ამ თემას კიდევ ერთხელ გვინდა დავუბრუნდეთ და ვცადოთ, წარმოვიდგინოთ მოკლული ჟურნალისტის ქვრივის, მერიენის მდგომარეობა.

ჩვენი კორესპონდენტი ჯეფრი დონოვანი ესაუბრა ადამიანს, რომელსაც ალბათ ყველაზე უკეთ ესმის, რა ხდება ამ უდროოდ დაქვრივებული ახალგაზრდა ქალის სულში; რადგან არცთუ ისე დიდი ხნის წინათ მან თავად გამოსცადა ქმრის მკვლელობით მიყენებული ტკივილი. ეს გახლავთ ჩვენი უკრაინელი თანამემამულის, ამ წელიწადნახევრის წინათ მოკლული გიორგი ღონღაძის ქვრივი მიროსლავა.

ვფიქრობ, მსმენელს არ სჭირდება იმის შეხსენება, რომ ქართული წარმოშობის უკრაინელი ჟურნალისტი რედაქტორობდა საინტერნეტო გამოცემა “უკრაინსკა პრავდას”, რომელიც ძირითადად კორუფციის ფაქტების გამოძიებით იყო დაკავებული. გიორგი ღონღაძე 2000 წლის 16 სექტემბერს გაიტაცეს, შემდეგ კი სასტიკად მოკლეს.

დენიელ პერლისა და გიორგი ღონღაძის მკვლელობებს შორის ჯეფრი დონოვანი არაერთ მსგავსებას ხედავს, თუმცა აღნიშნავს, რომ მკვლელობები განსხვავებულ გარემოებებში მოხდა. დონოვანის თქმით, ღონღაძე იმისთვის მოკლეს, რასაც იგი წერდა, ხოლო პერლი კი იმისთვის, რასაც წარმოადგენდა: შეერთებულ შტატებსა და იუდაიზმს.

მსგავსება ღონღაძისა და პერლის ქვრივებს შორისაც არსებობს: ერთსაც და მეორესაც უმამოდ მოუწევს შვილების გაზრდა, ერთიცა და მეორეც (ისევე, როგორც მათი მოკლული მეუღლეები) ჟურნალისტია. აქვე იმასაც გეტყვით, რომ მიროსლავა ღონღაძე რადიო “თავისუფლების” უკრაინული რედაქციის კორესპონდენტია ვაშინგტონში.

ჯეფრი დონოვანთან საუბარში მიროსლავა ღონღაძემ მაღალი შეფასება მისცა დენიელ პერლის ქვრივის პარასკევს გამოქვეყნებულ განცხადებას, რომელშიც მერიენ პერლი ამბობს, რომ ქმრის მკვლელობა მას სულიერად ვერ გატეხავს. მიროსლავა ღონღაძე იხსენებს, რომ მისი რეაქციაც ასეთი იყო.

[მიროსლავა ღონღაძის ხმა] “ამ გატაცებამ, შემდეგ კი სასტიკმა მკვლელობამ, ჩემზე ძალიან იმოქმედა. პირველ ყოვლისა, მინდა თანაგრძნობა გამოვუხატო დაღუპულის მეუღლეს. მეც ასეთივე ტრაგედია განვიცადე. მე ორი პატარა შვილი მყავს და ჩემს ქმარსაც ისეთივე რამ უქნეს მხოლოდ იმიტომ, რომ მას ხალხისთვის სიმართლის თქმა სურდა. ამდენად, მე ალბათ უკეთ გავუგებ ქვრივს, ვიდრე ვინმე სხვა. ახლა მან სიმტკიცე უნდა გამოიჩინოს და ჯანმრთელი შვილი შვას. მთელი გულით მასთან ვარ.”

მიროსლავა ღონღაძის თქმით, ჟურნალისტთა მკვლელობა შუასაუკუნებრივ მეთოდებს გვაგონებს, როცა ადამიანთა მოსპობის საბაბად ჭეშმარიტების ძიება და მისი გავრცელების სურვილი კმაროდა. გიორგი ღონღაძის 29 წლის ქვრივი აღნიშნავს, რომ ტერორიზმის ამოსაძირკვად წამოწყებული ომი მიმართული უნდა იყოს მთავარი დამნაშავეების წინააღმდეგ; სულ ერთია, ვინ არიან ისინი: პროფესიონალი ტერორისტები თუ სახელისუფლო სტრუქტურებთან დაახლოებული ბნელი ელემენტები.

[მიროსლავა ღონღაძის ხმა] “მსოფლიოს ყველაზე ძლიერი სახელმწიფოების ლიდერებმა უნდა შეიგნონ, რომ ტერორიზმი სათავეს იქ იღებს, სადაც დანაშაული არ ისჯება. იმ ადამიანთა დაპატიმრება და გასამართლება, ვინც პასუხისმგებელია გიორგი ღონღაძისა და დენიელ პერლის მკვლელობისთვის, ზიმბაბვეში, ბელორუსიაში, ყირგიზეთში, ტაჯიკეთსა თუ ჩინეთში ასობით ჟურნალისტის გაუჩინარებისა და მოკვლისთვის, ტერორიზმთან ბრძოლის საუკეთესო მაგალითი იქნება.”

ორშაბათს შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა რწმენა გამოთქვა, რომ პაკისტანის ხელისუფლება დენიელ პერლის მკვლელებს დააკავებს. როგორც ბუშმა კორესპონდენტებს აუწყა, იგი ტელეფონით ესაუბრა პაკისტანის პრეზიდენტს, ფერვეზ მუშარაფს, რომლის თქმით, მკვლელების დასაპატიმრებლად და დასასჯელად იგი ძალ-ღონეს არ დაიშურებს.

ორშაბათსვე დენიელ პერლის გატაცებასა და მკვლელობაში მთავარმა ეჭვმიტანილმა, აჰმად ომარ საიდ შეიჰმა, სასამართლოს განუცხადა, რომ პოლიციამ მას აღიარება გამოსძალა. ბრიტანეთში დაბადებულმა ისლამისტმა ექსტრემისტმა ამ ორიოდე კვირის წინათ აღიარა, რომ “უოლ სტრიტ ჯორნელის” კორესპონდენტის გატაცება მოაწყო, მაგრამ ორშაბათს განაცხადა, რომ აღიარებაზე პოლიციამ მას ძალით მოაწერინა ხელი.

ასევე ორშაბათს, სასამართლომ შეიჰ ომარს კიდევ ორი კვირით გაუგრძელა პატიმრობაში ყოფნის ვადა. პოლიციას იმედი აქვს, რომ ამ ხნის მანძილზე იგი დენიელ პერლის გვამის პოვნას შეძლებს. შეგახსენებთ, რომ პერლი 23 იანვარს, კარაჩიში გაიტაცეს.
XS
SM
MD
LG