Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინ მიიყვანა თვითმკვლელობამდე უშიშროების საბჭოს მდივანი


თამარ ჩიქოვანი, თბილისი ნუგზარ საჯაიას თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, გენერალურმა პროკურატურამ საქმე აღძრა თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით.

25 თებერვალს გამართულ საგანგებო სხდომაზე უშიშროების საბჭომ გენერალურ პროკურატურას საქმის სწრაფად და ბოლომდე გამოძიების თხოვნით მიმართა. უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევის სარჩელით პროკურატურისთვის მიმართვას პარლამენტარი ბორის კაკუბავაც გეგმავს.

ნუგზარ საჯაიას თვითმკვლელობამდე და თვითმკვლელობის შემდეგ გაკეთებულმა განცხადებებმა პარლამენტარი ბორის კაკუბავა საკმაოდ უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა. გამორიცხული არ არის, პარლამენტის დადგენილებით მას ხელმეორედ მოეხსნას სადეპუტატო იმუნიტეტი. ოღონდ, წინა შემთხვევისგან განსხვავებით, როცა იმუნიტეტმოხსნილი კაკუბავა გენერალურ პროკურატურას ხან რუსეთში, ხანაც აჭარაში ემალებოდა, ახლა მისმა მოკავშირემ, აღორძინების ლიდერმა ასლან აბაშიძემ, აშკარად მიანიშნა ბორის კაკუბავას, რომ მისი იმედი ცენტრალურ ხელისუფლებასთან ბრძოლაში აღარ უნდა ჰქონდეს. 26 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე გიორგი თარგამაძემ განაცხადა, რომ ასლან აბაშიძეს და ნუგზარ საჯაიას კარგი ურთიერთობები აკავშირებდა ერთმანეთთან და რომ კაკუბავას განცხადებები “აღორძინებასთან” შეთანხმებული არ ყოფილა. ამავე დროს, გიორგი თარგამაძემ, რამდენადაც ის კორექტული იყო ნუგზარ საჯაიას თემასთან დაკავშირებით, იმდენადვე ხისტი პოზიცია გამოავლინა კიდევ ერთი “ეჭვმიტანილის” – დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელის - ავთანდილ იოსელიანისადმი. ფრაქცია “აღორძინება” ისევ მიმართავს თხოვნით პრეზიდენტს, პროკურატურის გამოძიების დასრულებამდე თანამდებობიდან გადააყენოს იოსელიანი.პარლამენტარი ელენე თევდორაძე გამოთქვამს მზადყოფნას,
მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდოს პროკურატურას და, ამავე დროს, აცხადებს, რომ ნუგზარ საჯაიას ტრაგიკული დაღუპვის უკან იგივე ძალები დგანან, ვინც სულ ცოტა ხნის წინათ მის დისკრედიტაციას ცდილობდა. პარლამენტარის მინიშნება საკმაოდ გამჭვირვალეა. მისი განცხადებით, “ეს სწორედ ის ძალებია, რომლებიც საჯაიას ადგილის დაკავების მიზნით ცდილობდნენ პოლიტიკაში დაბრუნებას.”

შეგახსენებთ: შარშანდელი ნოემბრის მოვლენების შემდეგ, როცა მთავრობის მთელი შემადგენლობა გადადგა, გავრცელებული ხმებით, გამორიცხული არ იყო, რომ ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს, კახა თარგამაძეს, სწორედ უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობაზე გაეგრძელებინა მუშაობა. ამ ხმებმა ისეთ მასშტაბს მიაღწია, რომ პრეზიდენტმა შევარდნაძემ აუცილებლად მიიჩნია ამ ხმების უარყოფა და განცხადების გაკეთება, რომ იგი არ აპირებს უშიშროების საბჭოს მდივნის, ნუგზარ საჯაიას, შეცვლას. ახლაც, მიუხედავად ტრაგიკული ფაქტისა, ცნობისმოყვარე ჟურნალისტები თანამდებობის პირებს უშიშროების მდივნის თანამდებობაზე შესაძლო კანდიდატის შესახებ ეკითხებიან. ჯერჯერობით, ამ კითხვას პასუხი მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარემ გასცა. როგორც მან განუცხადა გაზეთ “საქართველოს რესპუბლიკას”, მას შემდეგ, რაც კახა თარგამაძის გადადგომას 10 ათასი კაცი ითხოვდა, მას ეეჭვება, პრეზიდენტმა ბატონი თარგამაძე უშიშროების საბჭოს მდივნად დანიშნოს.
XS
SM
MD
LG