Accessibility links

logo-print

ერაყი გაეროსთან მოლაპარაკებების განახლებას აპირებს


ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნაჯი საბრიმ და გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა შეთანხმებას მიაღწიეს

იმის თაობაზე, რომ მომავალ კვირაში ნიუ იორკში შეეცდებიან გაეროს განიარაღების ინსპექტორებთან დაკავშირებული კრიზისის გადაჭრას.

ორშაბათს გაეროს პრესსამსახურის უფროსის მოადგილემ, სტეფან დუჯარიკმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შეხვედრა 7 მარტს გაიმართება.

ერაყმა თებერვლის დასაწყისში ითხოვა გაეროსთან მოლაპარაკებების განახლება წინასწარი პირობების გარეშე. ანანმა მაშინვე მიანიშნა ბაღდადს, რომ მისი მიზანია, მოლაპარაკებების ყურადღების ცენტრში მოაქციოს ერაყში განიარაღების ექსპერტთა საქმიანობის განახლება.

ცნობილია, რომ ანანისა და საბრის შეხვედრას დაესწრება გაეროს განიარაღების ექსპრეტთა ჯგუფის ხელმძღვანელი, ჰანს ბლიქსი.

დუჯარიკის ცნობით მოლაპარაკებები მხოლოდ ერთ დღეს გასტანს. მაგრამ ერაყმა ახლავე განაცხადა, რომ მას ამ მოლაპარაკებების გაგრძელება სურს 5 აპრილს, მას მერე, რაც 27-28 მარტს ბეირუთში მიიღებს მონაწილეობას არაბული სახელმწიფოების მეთაურთა სამიტში.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი მოითხოვს, რომ გაეროსა და ერაყს შორის ნებისმიერი სახის მოლაპარაკებები ხანმოკლე იყოს და პრეზიდენტმა სადამ ჰუსეინმა ქვეყანაში კვლავ დაუშვას განიარაღების ექსპერტები, რაც უშიშროების საბჭოს No 1284 რეზოლუციით არის გათვალისწინებული.

უშიშროების საბჭოში ერაყის ყველაზე ახლო მოკავშირის, რუსეთის წარმომადგენელმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვი მიესალმება გაეროსა და ბაღდადს შორის დიალოგს.

[ლავროვის ხმა] ”რაც შეეხება რუსეთს, იგი აქტიურად უჭერს მხარს ამ დიალოგს და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს დიალოგი იქნება არა უბრალოდ ძველი პოზიციების გაცვლა-გამოცვლა, არამედ უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელებისათვის გზების გამონახვის მცდელობა. სხვა გზა არ არსებობს,” – განაცხადა სერგეი ლავროვმა.

შეგახსენებთ, რომ ერაყი 1998 წლიდან მოყოლებული არ უშვებს ქვეყანაში გაეროს ინსპექტორებს. ამასთან, მან დაგმო უშიშროების საბჭოს მიერ 1999 წელს მიღებული რეზოლუცია, რომელიც უფლებამოსილებას ანიჭებს განიარაღების მეთვალყურეთა ახალ ჯგუფს. ბაღდადი აცხადებს, რომ იგი არ ფლობს მასობრივი განადგურების იარაღს.
XS
SM
MD
LG