Accessibility links

რატომ გააუქმა ევროპამ სიკდილით დასჯა


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა დასავლეთი ევროპის პოლიტიკოსები უკვე დიდი ხანია მივიდნენ საერთო დასკვნამდე,

რომ სიკვდილით დასჯა აღარ შეიძლება იყოს მართლმსაჯულების ინსტრუმენტი. დღეს ევროპის ძირითადი პარტიების წევრებს შორის სიკვდილით დასჯის მომხრე თითქმის არ მოიძებნება. ამ საკითხისადმი მიდგომა ყველაზე მეტად განასხვავებს ევროპასა და ამერიკას.

რა ამოძრავებს ევროპელ პოლიტიკოსებს, დაუჭირონ მხარი სიკვდილით დასჯის გაუქმებას, ხშირად საკუთარი მოსახლეობის სურვილის საწინააღმდეგოდ? და როგორ შეიცვალა კრიმინალური სიტუაცია იმ ქვეყნებში მას შემდეგ, რაც იქ სიკვდილით დასჯა გააუქმეს?

ევროპის პირველი ქვეყანა რომელმაც 1867 წელს გააუქმა სიკვდილით დასჯა ყველა ბოროტმოქმედებაზე, იყო პორტუგალია. ევროპის კავშირის უკანასკნელი წევრი, რომელმაც 1999 წელს თავისი სისხლის სამართლის კოდექსიდან ამოშალა სიკვდილით დასჯა ყველა კატეგორიის დანაშაულისთვის, დიდი ბრიტანეთი იყო, თუმცა 1964 წლიდან ამ ქვეყანაში სიკვდილით არავინ დაუსჯიათ.

სასჯელის უმაღლესი ზომის მოწინაააღმდეგეებს სამი არგუმენტი მოჰყავთ: პირველი.ვინაიდან მართლმსაჯულების სისტემა ვერასოდეს ვერ დაამტკიცებს ასი პროცენტით დააშაულს და სასამართლოში შეცდომები ხდება, სიკვდილით დასჯის გამოყენება არ შეიძლება, რადგან უდანაშაულოს დასჯა გამორიცხული არ არის. მეორე. მრავალი გამოკვლევა აჩვენებს, რომ სიკვდილით დასჯას არა აქვს ბოროტმოქმედების შემაკავებელი ეფექტი. და ბოლოს მესამე. მთავრობა, რომელიც სამაგიეროს უხდის დამნაშავეს და კლავს მას, შურისმგები მთავრობაა და ის საზოგადოებაში ძალადობის ციკლის განვითარებას უწყობს ხელს.

ამ არგუმენტებს მიმართავდნენ დასავლეთი ევროპის სხვადასხვა პოლიტიკური სპექტრის ლიდერები. მიუხედავად ამისა, სიკვდილით დასჯა ფართო მხარდაჭერით სარგებლობს ევროპის სხვადასხვა ქვეყნის რიგით მოქალაქეებს შორის. ფაქტობრივად, თუ ყველა იმ ქვეყანაში, სადაც თავის დროზე სიკვდილით დასჯა გაუქმდა, ჩატარდება რეფერენდუმი, რომლის შედეგს ექნება კანონის ძალა, სასჯელის უმაღლესი ზომა თითქმის მთელს ევროპაში დაბრუნდება.

ერთი შეხედვით ევროპელი პოლიტიკოსები, რომლებიც არ უწევენ ანგარიშს მოსახლეობის სურვილს, არადემოკრატიულად იქცევიან. ევროპაში ტოტალიტარიზმისა და მე-20-ე საუკუნის ორი მსოფლიო ომის გამოცდილების გათვალისწინებით, დემოკრატიულად არჩეული პოლიტიკოსები ძალიან ფრთხილად ეკიდებიან ხალხის ნებას. ომის შემდგომი პერიოდის ევროპის კონსტიტუციების ავტორებს გააზრებული აქვთ, რაოდენ ადვილად იცის ხალხმა ემოციების აყოლა. გერმანიაში, მაგალითად, აკრძალულია რეფერენდუმების ჩატარება, ვინაიდან ჯერ არ წაშლილა მეხსიერებიდან მესამე რაიხის რეჟიმის გამოცდილება.

ახლა, როცა ევროპის ქვეყნების გაერთიანება ევროპის კავშირის ჩარჩოებში მოითხოვს იურიდიული სტანდარტების ჰარმონიზაციას, იმარჯვებს იდეა რომ საჭიროა საერთაშორისო სტანდარტების შემოღება ადამიანის უფლებების სფეროში ( სასჯელიც ამ კონტექსტში განიხილება) და, რომ ადამიანი არ უნდა იყოს დამამცირებელი, მწამებლური და სასტიკი სასჯელის ობიექტი.

ევროპაში მისი ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე, სასტიკი სასჯელის დეფინიციამ ევოლუცია განიცადა. ბრიტანეთში მთავარი იურიდიული რეფორმის წინ 1830 წელს, 200-ზე მეტი ბოროტმოქმედება ისჯებოდა სიკვდილით. იმ კანონების თანახმად სიკვდილი ეკუთვნოდა წვრილ ქურდბაცაცას, მაწანწალას, რომელიც თვეზე მეტს ბოშებთან გაატარებდა, 7-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვებს, რომლებიც, კანონის სიტყვით, “ბოროტების უტყუარ ნიშნებს ავლენდნენ”.

როჯერ ჰუდი, კრიმინოლოგიის პროფესორი ოქსფორდის უნივერსიტეტიდან, ამბობს, რომ 1950-იან წლებამდე ბრიტანეში გარკვეული დანაშაულისთვის, მაგალითად, შეიარაღებული გაძარცვისთვის, გაროზგვა და გაწკეპვლა მისაღებ სასჯელად ითვლებოდა. დღეს ასეთ აზრს უკვე არავინ იზიარებს და ეს აჩვენებს თუ როგორ იცვლება დამოკიდებულება კრიმინალური დანაშაულის მიმართ.

სტატისტიკით, რაც უფრო დიდხანს არ სრულდება ქვეყანაში სიკვდილით დასჯა, მით უფრო ნაკლები მომხრე ჰყავს მას. ბრიტანეთში, სადაც სიკვდილით დასჯის რეიტინგი ყველაზე მაღალია დასავლეთ ევროპაში, დღეს ის მხოლოდ 60 პროცენტია. და სიკვდილით დასჯის აღდგენას არცერთი პოლიტიკური პლატფორმა არ შეიცავს.

აზრი, რომ სიკვდილით დასჯა შეაჩერებს მკვლელებს, აგრეთვე შეიცვალა. მკვლელობათა უმრავლესობა არ არის წინასწარ მოფიქრებული. ეს ნიშნავს რომ მკვლელი არ იხილავს, თუ რა შეიძლება მოჰყვეს მის ქმედებას. რაც შეეხება იმათ, ვინც წინასწარ გეგმავს მკვლელობას (ასეთები უმცირესობაა) არ არის დამტკიცებული, რომ სიკვდილით დასჯა მათ რიცხვს მნიშვნელოვნად ამცირებს.

სიკვდილით დასჯის მომხრეები, განსაკუთრებით შეერთებულ შტატებში, შემდეგ არგუმენტს მიმართავენ: მართალია, სიკვდილით დასჯას არა აქვს შემაკავებელი ეფექტი, მაგრამ როცა ისჯებიან მკვლელები, ამით ქრება მათ მიერ შემდეგი ბოროტმოქმედების ჩადენის შანსიც და ე.ი. გადარჩება უდანაშაულო ხალხი.
ფაქტია, რომ იმ ქვეყნებში, სადაც გაუქმდა სიკვდილით დასჯა, მკვლელობათა რიცხვი არ გაზრდილა, ზოგან კიდეც შემცირდა. იმ ქვეყნებში კი, სადაც სიკვდილით დასჯა არსებობს, ძალადობრივი ბოროტმოქმედება პერიოდულად მატულობს და კლებულობს.

ჰუდის თქმით, გარკვეული კანონზომიერება არ შეიჩნევა და კრიმინალურ საქმიანობაში ცვლილება უფრო სოციალურ ცვლილებებს სდევს თან.

ბოლოდროინდელი სამეცნიერო მიღწევები, სახელდობრ დეზოქსირიბონუკლეინმჟავის ტესტები, საშუალებას იძლევა უფრო დიდი სიზუსტით დადგინდეს დანაშაული ან უდანაშაულობა. ამან კი წარმოშვა მართლმსაჯულების პატიოსნების საკითხი ხელმოკლე ბრალდებულის მიმართ, რომელსაც კარგი დამცველის დაქირავებისა და ტესტების ჩატარების საშუალება არა აქვს.
იმ ქვეყნებს, რომლებიც სიკვდილის დასჯის გაუქმებას არ ჩქარობენ, შეერთებული შტატების მაგალითი გამოადგებათ. 1967 წელს იქ ოპონენტების ზეწოლის შედეგად სიკვდილით დასჯაზე მორატორიუმი იქნა შემოღებული. 1976-ტ წელს კი უზენაესმა სასამარლომ აღადგინა ის ზოგიერთი დანაშაულითვის. მაგრამ აღდგენის შემდეგ ბოროოტმოქმედების დონის ზრდის პრობლემა მაინც ვერ გადაიჭრა.

იქ არის ხალხი, რომელთაც სიკვდილი მიესაჯა და ისინი უფულობის გამო ვერ ქირაობენ კარგ ადვოკატს და ვერ ამტკიცებენ თავიანთ უდანაშაულობას. და ეს ხდება ქვეყანაში, სადაც რეზოქსირიბონუკლეინის მჟავის ტესტის ჩატარაება საკმაოდ ადვილია. რაღა ითქმის ისეთ ქვეყანაზე, მსგავად რუსეთისა, სადაც ასეთ ძვირ ანალიზზე ცოტას თუ მიუწვდება ხელი.
XS
SM
MD
LG