Accessibility links

logo-print

ბასილ მკალავიშვილის სადამსჯელო ღონისძიებათა გეგმა


საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიიდან განკვეთილმა ბასილ მკალავიშვილმა თავისი სამოქმედო გეგმა ჟურნალისტთა სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე გაამხილა.

იქ მკალავიშვილი და მისი თანამებრძოლები სხვადასხვა სექტის მამხილებელი დოკუმენტაციით გამოცხადდნენ. ჟურნალისტებს ჯერ იეჰოველთა კონგრესის ამსახველი ვიდეომასალა აჩვენეს, შემდეგ კი იმ ლიტერატურის მავნებლობაზე ისაუბრეს, რომელსაც თებერვლის დასაწყისში ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის საწყობში მიაგნეს და დაწვეს კიდეც. საუბარი ამით არ ამოწურულა. ბასილ მკალავიშვილმა საერო პრობლემატიკაც მიმოიხილა და ზოგიერთი პოლიტიკოსის წინააღმდეგ გაილაშქრა.

ბასილ მკალავიშვილი თავის თავს მღვდელს უწოდებს, თუმცა კარგა ხანია ის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ განკვეთილია და საბერძნეთის ასევე განკვეთილთა ეპისკოპოსს ემორჩილება. მკალავიშვილის დამოკიდებულება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების მიმართ ცნობილია:

[ბასილ მკალავიშვილის ხმა] “ზოგიერთ ეპისკოპოსზე და მღვდელზე უკეთ იცავს მართლმადიდებლობას ჩვენი პოლიცია.”

განკვეთის მიუხედავად, მკალავიშვილი აცხადებს, რომ დიდი სჯულის კანონი დარღვეული არა აქვს და უფლებას იტოვებს ომი გამოუცხადოს ყველას, ვინც მართლმადიდებლობის მტრად წარმოუდგენია, მათ შორის - ელენე თევდორაძეს, რუსუდან ბერიძეს, “თავისუფლების ინსტიტუტის” თანამშრომლებს და სხვებს. დასახელებულ პირებს იეჰოველთა მფარველებად მიიჩნევს და იმ მეთოდსაც ასახელებს, რომელიც იეჰოველთა ასეთი “მფარველების” გამოვლენაში ეხმარება.

[ბასილ მკალავიშვილის ხმა] “ხშირად ვურეკავთ ელენე თევდორაძეს და ვეუბნებით, რომ ვართ იეჰოვას მოწმეები. მიდის საუბარი, ის პირდაპირ მხარდაჭერას გვიცხადებს. უნდა აიკრძალოს, არ უნდა შევუშვათ პარლამენტში და ჩვენ ამას უახლოეს მომავალში გავაკეთებთ.”

ელენე თევდორაძესთან იეჰოველთა სახელით გასამართ სამომავლო სატელეფონო საუბრებს დიქტოფონზე ჩაიწერენ და ამ ჩანაწერს ფართო აუდიტორიას წარუდგენენ. ბასილ მკალავიშვილი და მისი თანამებრძოლები აგენტურული ქსელის ამუშავებაშიც გაიწაფნენ. ამბობენ, რომ ყველა სექტაში ჰყავთ შეგზავნილი ხალხი და მოსახლეობისგან საჩივრებსაც იღებენ. როგორც ვხედავთ, ისეთი ჭეშმარიტი “მართლმადიდებლებისგან”, როგორებსაც ჩვენი სამართალდამცავები წარმოადგენენ, მკალავიშვილს და მის თანამებრძოლებს ბევრი უსწავლიათ, თუმცა, ასე შორს წასულები, სექტანტების ფიზიკური დამუშავების მოძველებულ მეთოდზე უარის თქმას მაინც არ აპირებენ. “ჩვენ არავის არ ვცემთ, ეს არის, რომ ამ იეჰოველებს ზოგჯერ წყობილებიდან გამოვყავართ ხოლმე”, – ამბობს ბასილ მკალავიშვილი და დარბევით ახლა უკვე მეძავებს ემუქრება.

[ბასილ მკალავიშვილის ხმა] “ვურჩევ იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც ამბობენ, რომ მეძავთა სახლები უნდა დაკანონდეს, თავიანთი ქალიშვილები და ცოლები მიიყვანონ ასეთ სახლებში.”

ბასილ მკალავიშვილს, ეტყობა, ესეც დიდი სჯულის კანონმა უკარნახა. მეძავებზე გალაშქრებას ის ზუსტად ორ კვირაში გეგმავს.

[ბასილ მკალავიშვილის ხმა] “პოლიციას მოვუწოდებ, თუ ორ კვირაში არ გააუქმებს მეძავთა სახლებს, დავარბევთ ყველა ასეთ სახლს. უამრავი საქმე გვაქვს მოსაგვარებელი.... ძირითადი საკითხები კიდევ რა დაგვრჩა?”

ჟურნალისტთა სახლში გამართულ შეხვედრაზე სხვა ძირითადი საკითხების შესახებ უკვე ბასილის თანამებრძოლებმა ისაუბრეს. ამ ყველაფერეზე ყურადღების გამახვილება არც ეღირებოდა, რომ არა ერთი გარემოება. ბასილ მკალავიშვილი დღევანდელი ქართული რეალობის დამახასიათებელ სახიფათო სახედ ჩამოყალიბდა, - რეალობისა, სადაც ადამიანთა მნიშვნელოვან ნაწილს ნუგეში სექტებში ან სექტანტებთან ხელჩართულ ბრძოლაში ეგულება.
XS
SM
MD
LG