Accessibility links

logo-print

როგორ გადაიხდის სახელმწიფო ენერგოსექტორის ვალებს


საქართველოს ენერგოსექტორის საშინაო და საგარეო დავალიანებამ 1992-1999 წლებში ასტრონომიულ თანხას - მილიარდ ლარს მიაღწია.

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს მხარეს ენერგოვალების გასტუმრების აუცილებლობა თებერვლის დასაწყისში შეახსენა და მასთან ურთიერთობის გაგრძელების ერთ-ერთ უმთავრეს პირობადაც წაუყენა. თუკი საქართველოს ენერგოსექტორი მილიარდი ლარის დაბრუნების რეალურ გეგმას ვერ შეიმუშავებს, სავალუტო ფონდის მორიგი ტრანშის, 30 მილიონი დოლარის, გამოყოფა სათუო გახდება.

საგონებელში ჩავარდნილი სათბობ-ენერგეტიკის სამინისტრო ენერგოვალების მომსახურების სამ ძირითად ვარიანტს ამუშავებს და ფინანსთა სამინისტროსთან ერთად ჩქარობს, რომ სავალუტო ფონდის დელეგაციას (რომლის ვიზიტიც აპრილშია დაგეგმილი) მოსაწონი გეგმა დაახვედროს. აქვე ვიტყვი, რომ ხსენებული დავალიანების დაფარვა სახელმწიფომ არა საბიუჯეტო ფინანსების, არამედ სხვა გზით მოძიებული რესურსების ხარჯზე უნდა მოახერხოს. ჯერჯერობით არსებული სამი ვარიანტიდან პირველის მიხედვით, ვალის მომსახურების კოეფიციენტი ელექტროენერგიის ტარიფში უნდა აისახოს, რაც მას გარდაუვალი გაზრდით დაემუქრება.

ენერგოვალების გასტუმრების ამგვარმა ვარიანტმა საქართველოს მოქალაქეები (ინფორმაციამ ვის ყურამდეც კი მიაღწია) სასტიკად გააღიზიანა. ისინი მიიჩნევენ, რომ მავანთა მიერ აღებული და “გემრიელად მირთმეული” კრედიტების დაბრუნებამ, სინდისიერი ლოგიკის მიხედვით, ხალხის კისერზე არ უნდა გადაიაროს. “კეთილი ინებონ და როგორც უნდათ, ისე დააბრუნონ ეს ფული. ჩვენ რა შუაში ვართ? ჩვენი სიკეთისთვის რა გაკეთდა? ” – უმისამართო, ბრაზიან შეკითხვებს სვამენ ჩემთან მოსაუბრე ადამიანები.

საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის, ელიზბარ ერისთავის, განცხადებით, დღევანდელი სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, ენერგოვალის მომსახურების კოეფიციენტის ტარიფში ასახვა მიუღებელია და ამ ვარიანტის განხილვას კომისია არც კი აპირებს. ხალხისგან მოსალოდნელი პროტესტის გარდა, ხსენებულ სქემას კიდევ ერთი დიდი წინააღმდეგობა ელოდება. მის განსახორციელებლად საჭირო საკანონმდებლო ცვლილებებს პარლამენტი, ალბათ, არც ამჯერად დაუჭერს მხარს. შეგახსენებთ, რომ “ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის შესახებ” კანონში ამ მიმართებით შესატანი შესწორებები საქართველოს საკანონმდებლო ორგანომ 2001 წლის მარტში ერთხელ უკვე უარყო.

იმ შემთხვევაში, თუკი ზემოხსენებულ ვარიანტს მართლაც გადაულახავი წინააღმდეგობები შეხვდება (და ეს, ალბათ, ასეც იქნება), სახელმწიფოს დარჩენილ ორ ვარიანტთან შეგუება მოუწევს. ერთის მიხედვით, ენერგოვალის მომსახურებისთვის საჭირო თანხები ელექტროენერგიის ტარიფში შემავალი ამორტიზების გადასახადის 8-დან 2%-მდე შემცირებით უნდა გამოთავისუფლდეს. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ამ გზით ყოველწლიურად 30 მილიონი ლარის დაზოგვაა შესაძლებელი. რაც შეეხება მეორე ვარიანტს, ის ფინანსური რესურსების მოძიებას ენერგოობიექტებიდან ამოღებული, სახელმწიფოს კუთვნილი, წმინდა მოგების ხარჯზე გულისხმობს. სპეციალისტთა კალკულაციის თანახმად, ამ მექანიზმის წყალობით, სახელმწიფოს ყოველწლიურად ვალის დაფარვისკენ 30-40 მილიონი ლარის მიმართვის იმედი უნდა ჰქონდეს.

ერთი სიტყვით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის დელეგაცია საქართველოს აპრილში ესტუმრება და მილიარდი ლარის ბედს ზედმიწევნით მკაცრად მოიკითხავს. შესაბამისად, ქართულმა მხარემ მას გამართული და, რაც მთავარია, რეალური პასუხი უნდა დაახვედროს. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა ვადები დაუწესდება მრავალტანჯული ვალის გასტუმრების პროცესს და რა თანმიმდევრობით დაკმაყოფილდებიან მევალეები. საგულისხმოა, რომ საქართველოს ენერგოსექტორის მევალეთა ვრცელი ნუსხის სათავეში (52,3-მილიონდოლარიანი კრედიტით) მსოფლიო ბანკია მოქცეული.
XS
SM
MD
LG