Accessibility links

logo-print

ვინ და რატომ დაუპირისპირდა უშიშროების საბჭოს მდივანს?


აფხაზეთიდან დევნილთა ყრილობაზე ცენტრალური ხელისუფლების მიმართ ორი სერიოზული შეტევა განხორციელდა:

ასლან აბაშიძეს გადაეცა დევნილთა ნდობის მანდატი და ტერორისტად გამოცხადდა დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე ავთანდილ იოსელიანი. სულ ორიოდე დღე დასჭირდა ბრალდების საბოლოო გაფორმებას: ასლან აბაშიძეზე ტერაქტი, ისევე როგორც თავის დროზე ზვიად გამსახურდიას ფიზიკური განადგურება, ნუგზარ საჯაიას კაბინეტში დაიგეგმა.

იმის მიუხედავად, რომ თავად ასლან აბაშიძეს არც იოსელიანი და არც საჯაია ტერორისტებად არ გამოუცხადებია, ვითარების ანალიზი ამ მოულოდნელ ბრალდებებს ადვილად აქცევს საერთო სქემის ჩარჩოში.

დღეს ვიმსჯელებთ იმის შესახებ, თუ ვინ და რატომ დაუპირისპირდა უშიშროების საბჭოს მდივანს, ნუგზარ საჯაიას.

ვინც ასლან აბაშიძის პოლიტიკურ ტექნოლოგიებს იცნობს, ადვილად დაგვეთანხმება, რომ ვერც ჯემალ გოგიტიძე და ვერც ბორის კაკუბავა აჭარის ლიდერთან შეუთანხმებლად ცენტრალური ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებს ტერორისტებად ვერ გამოაცხადებდნენ.

არც ის არის შემთხვევითი, რომ "ალიასთან" ინტერვიუში აღორძინების კავშირის ერთ-ერთი ლიდერი ვალერი გელბახიანიც ინაწილებს პასუხისმგებლობას კაკუბავასა და გოგიტიძის განცხადებების გამო: "მე პირადად მსმენია ავთო იოსელიანისა და უშიშროების საბჭოს მდივნის, საჯაიას, ურთიერთობაზე, მათ მიერ დანაშაულებრივი საქმიანობისთვის საჭირო სქემების შედგენისა და შეთქმულების მოწყობის შესახებ".

"აღორძინების" აგრესიული ინიციატივების ასახსნელად სულ რამდენიმე ფაქტორი უნდა გავითვალისწინოთ.

1995 წლის 28 აგვისტოს ტერაქტამდე საქართველოს ხელისუფლებაში ედუარდ შევარდნაძის შემდეგ გავლენით მეორე პირი იყო იგორ გიორგაძე - უშიშროების მინისტრი. ასლან აბაშიძე მას საკმაოდ თამამად დაუპირისპირდა და აჭარის ლიდერს შემდგომში არაერთგზის დაუდასტურებია, რომ იგორ გიორგაძე ტერორისტად პირველმა სწორედ მან გამოაცხადა.

იგორ გიორგაძის შემდეგ ცენტრალურ ხელისუფლებაში პრორუსული ნაკადი შეიზღუდა, ხოლო გაძლიერდა რეფორმატორთა ფრთა, რომელიც, შევარდნაძის დახმარებით, საპარლამენტო ხელისუფლებას მთლიანად დაეუფლა. რამდენიმე წელიწადში პარლამენტის თავმჯდომარემ - ზურაბ ჟვანიამ - მაქსიმალური გავლენა მოიპოვა პრეზიდენტის შემდეგ. ამას საკმაოდ სწრაფად მოჰყვა ბათუმის ყოფილი მერის თამაზ ხარაზის ცნობილი ბრალდება, რომ ჟვანია ტერაქტს ამზადებდა ასლან აბაშიძის წინააღმდეგ. აჭარის ლიდერს პირდაპირ არასოდეს უთქვამს, რომ სჯერა ჟვანიას ტერორისტობა. სამაგიეროდ, იგი ამბობდა, რომ უსიტყვოდ ენდობა თამაზ ხარაზს.

გავიდა კიდევ რამდენიმე წელიწადი და თანდათან ცენტრალური ხელისუფლების პროდასავლური ფრთაც დასუსტდა. გადადგნენ მაჭავარიანი, სააკაშვილი და ჟვანია, რაც, ცხადია, ერთიანი პროცესი იყო. ამის შემდეგ ერთბაშად გაიზარდა უშიშროების საბჭოს მდივნის ნუგზარ საჯაიას გავლენა. მისი გუნდის ახალგაზრდა წევრები რამდენიმე საკვანძო პოსტს უკვე ფლობდნენ, მაგრამ საჯაიას როლი ბოლომდე მაშინ გამოიკვეთა, როდესაც ძალოვანი მინისტრები ხაბურძანია და ნარჩემაშვილი სწორედ მისი რეკომენდაციით დაინიშნენ. ეს ფაქტი სერიოზულად მიანიშნებდა, რომ აჭარის ლიდერი მორიგი თავდასხმის ობიექტად სწორედ ნუგზარ საჯაიას შეარჩევდა. ისიც ადვილი გასათვალისწინებელი იყო, რომ ასლან აბაშიძე საჯაიას პირადად კი არ დაუპირისპირდებოდა, არამედ თანამოაზრეების მეშვეობით. როდესაც პოლიტიკურად "მჩატე" კაკუბავამ პოლიტიკურად "მძიმე" საჯაიას ომი გამოუცხადა, შეიძლებოდა გვეფიქრა, რომ ბრძოლის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო, ცხადია, არა საჯაიას სასარგებლოდ. გარდაცვალებამდე ერთი კვირით ადრე - ფაქტობრივად, საჯარო ბრალდებების პირველივე დღეებიდან - უშიშროების საბჭოს მდივანმა პრეზიდენტს გადადგომა სთხოვა და ბავშვიც სკოლაში აღარ დაჰყავდა. ცხადია, მან თავიდანვე განსაზღვრა საფრთხის ხარისხი.

ჟურნალისტების და პოლიტიკოსების სერიოზული შეცდომაა ასლან აბაშიძის დადანაშაულება პარანოიასა და ფობიებში: თითქოს, აჭარის ლიდერს ყველგან ტერაქტი ელანდება და თბილისშიც შიშის გამო არ ჩამოდის. ნებისმიერი განცხადება, რომელსაც ასლან აბაშიძის გარემოცვა აკეთებს აჭარის ლიდერის წინააღმდეგ დაგეგმილ ტერაქტებთან დაკავშირებით, წმინდა პოლიტიკურ სვლად უნდა განვიხილოთ. ტენდენცია აშკარაა: ასლან აბაშიძე მძაფრად უპირისპირდება თითოეულ იმ პიროვნებას, რომელიც ედუარდ შევარდნაძის შემდეგ მეორე გავლენას მოიპოვებს ცენტრალურ ხელისუფლებაში, იქნება იგი იგორ გიორგაძე, ზურაბ ჟვანია თუ ნუგზარ საჯაია. აჭარის ლიდერი თავდასხმის ობიექტს არჩევს გავლენის ხარისხით და დაპირისპირებისას მისთვის მნიშვნელობას კარგავს ისეთი არსებითი ფაქტორიც კი, როგორიც არის ოპონენტის პოლიტიკური ორიენტაცია. ამგვარი პოლიტტექნოლოგია - გავლენით მეორე პირებზე შეტევა - ასლან აბაშიძეს სერიოზულად ეხმარება ძალაუფლების შენარჩუნებაში. თუ როგორ და რატომ, - ამ საკითხზე უფრო კონკრეტულად კვირას, შემდეგ გადაცემაში, ვისაუბრებთ.
XS
SM
MD
LG