Accessibility links

logo-print

სახელმწიფო არც თავის ფუნქციებს ასრულებს და ვერც კერძო ინიციატივის განვითარებაზე ზრუნავს


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი ეკონომიკაში სახელმწიფოს როლის შესახებ დისკუსიებმა თავის დროზე ეკონომიკური მეცნიერება ჩამოაყალიბა.

დღემდე არსებული თეორიები, ძირითადად, სწორედ სახელმწიფოს მეურნეობაში ჩარევის დოზით განსხვავდება ერთმანეთისაგან. სახელმწიფოსა და ეკონომიკური ორგანიზმის დამოკიდებულება დღევანდელ საქართველოშიც აქტუალური თემაა. დღეს შევეცდებით, ვუპასუხოთ შეკითხვას: რამდენად ერევა სახელმწიფო ეკონომიკაში?

ეკონომიკაში სახელმწიფოს ჩარევის ხარისხი და როლი იმთავითვე ეკონომიკური თეორიების მთავარ დილემად იქცა. სხვადასხვა ფორმაციაში და განვითარების სხვადასხვა ეტაპზე ეს დისკუსიები ყოველთვის აქტუალური იყო და სახელმწიფო პოლიტიკის მართლზომიერებაც სწორედ ამ როლის სწორად განსაზღვრაში მდგომარეობს.

საბჭოთა საზოგადოებაში მიაჩნდათ, რომ ყველაფერი ამქვეყნად სახელმწიფოს მზრუნველობის საგანს წარმოადგენს. ეს საზოგადოება კერძო საკუთრებას ამრეზით უყურებდა და თავად სახელმწიფო გეგმავდა რამდენი უნდა გვეწარმოებინა და რამდენი მოგვეხმარა.

ამ უკიდურესად ”მარცხენა” თეორიების გარდა, ეკონომიკური მეცნიერება იცნობს რადიკალურად განსხვავებულ მიდგომებსაც, როდესაც სახელმწიფოს, ფაქტობრივად, მაქსიმალურად შეზღუდული აქვს ეკონომიკაში რაიმენაირი ჩარევა.

”შოკური თერაპიის” ავტორი, ცნობილი ეკონომისტი ლეშეკ ბალცეროვიჩი, თავის წიგნში "სახელმწიფო გარდამავალ პერიოდში" აღნიშნავს, რომ საზოგადოებისა და ეკონომიკის განვითარებისათვის აუცილებელი ზოგიერთი საქონლისა თუ მომსახურების წარმოება შეიძლება დაფინანსდეს მხოლოდ სახელმწიფოს მიერ. ასეთებს მიეკუთვნება საგარეო უსაფრთხოება, კანონიერების დაცვა და, გარკვეულწილად, შიდა უშიშროებაც. ეს სახელმწიფო ეკონომიკის სფეროა. მას განასხვავებს ის თვისებები, რომ შეუძლებელია მისი დაყოფა ცალკეულ ადამიანებს შორის. ასეთი საქონლის თუ მომსახურების წარმოებას სარგებელი მოაქვს არა მარტო იმ ადამიანებისათვის, ვისაც წილად ხვდა იგი, არამედ სხვებისთვისაც.” ანუ არის გარკვეული სფეროები, რომელზე პატრონაჟიც სახელმწიფოს მოვალეობაა, თუმცა არც ამ შემთხვევაშია გამორიცხული ამგვარი ხარჯების გარკვეული ნაწილი კერძო სექტორმაც გაიღოს.

განათლების, თავდაცვის, მედიცინისა და იმგვარი სფეროების გარდა, რომელთა ფუნქციონირება სასიცოცხლოდ აუცილებელია და რომელიც, თავისი ბუნებით, ვერ იქნება საბაზრო ეკონომიკის ანაბარა დატოვებული, სახელმწიფომ თავისი ”საცეცები” მაქსიმალურად უნდა დაიმოკლოს. თუ იმავე ბალცეროვიჩს დავესესხებით, ”სახელმწიფო გაცილებით ცუდი მესაკუთრეა, ვიდრე კერძო პირი.” შესაბამისად, სახელმწიფოზე უკეთ ბიზნესისა და ეკონომიკის განვითარებას კერძო ინიციატივა შეძლებს. თუმცა ქართულ რეალობაში ეს თეორია ხშირად დამახინჯებულ ფორმას იღებს და სახელმწიფო - უფრო სწორად, ხელისუფლება - კერძო ბიზნესზე თავის არცთუ კეთილისმყოფელ ”მზრუნველობას” ვერ თმობს. საქართველოში ხელისუფლება და ბიზნესი ისე შეეზარდა ერთმანეთს, რომ ლამის ერთი ცნება გახდა. შედეგად, სახელმწიფო ვერც თვითონ ასრულებს თავის პირდაპირ ფუნქციას და ვერ აწარმოებს იმ მომსახურებასა თუ პროდუქტს, რომელიც მხოლოდ მისი უშუალო საზრუნავია და, სამწუხაროდ, არც კერძო სექტორს აძლევს ჯანსაღ გარემოში განვითარების შესაძლებლობას.
XS
SM
MD
LG