Accessibility links

logo-print

სჭირდება თუ არა საქართველოს ორმაგი მოქალაქეობა?


სოზარ სუბელიანი, თბილისი საქართველოში, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ორმაგი მოქალაქეობის მიმართ მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება ჩამოყალიბდა.

თვით კონსტიტუციაშიც კი ჩაიწერა, რომ საქართველოს მოქალაქე არ შეიძლება, იმავდროულად, სხვა ქვეყნის მოქალაქე იყოს. ორმაგი მოქალაქეობის მიმართ პოლიტიკური ისტებლიშმენტისა თუ ფართო საზოგადოების უარყოფით დამოკიდებულებას რამდენიმე მომენტი განაპირობებდა:

პოსტსაბჭოთა სივრცეში ორმაგი მოქალაქეობის შემოღებას კატეგორიულად ითხოვდა რუსეთის ფედერაცია, რომელიც ამ მოთხოვნას ყოფილ მოძმე რესპუბლიკებში ეთნიკური რუსების უფლებების დაცვის სურვილით ამართლებდა. საქართველოში ამ მოთხოვნის უკან ყოველთვის ხედავდნენ რუსეთის მიზანს, საქართველოში მცხოვრები რუსულენოვანი მოსახლეობა საქართველოს წინააღმდეგ გამოეყენებინა. საზოგადოებაში არსებობს შიში, რომ იგივე პრობლემები შეიძლება სხვა ეთნიკურ უმცირესობებთანაც გაჩნდეს, განსაკუთრებით, ეთნიკური სომხებითა და აზერბაიჯანელებით მჭიდროდ დასახლებულ რაიონებში.

მეორე მხრივ, ბოლო დრომდე უცხოეთში მცხოვრებ ქართველთა სათვისტომოები იმდენად მცირერიცხოვანი იყო, რომ საქართველოში მათ პრობლემებს განსაკუთრებული ყურადღება არ ეთმობოდა. მხოლოდ მას შემდეგ, რაც უცხოეთში მცხოვრებ ქართველთა რიცხვი მკვეთრად გაიზარდა, ორმაგი მოქალაქეობის პრობლემამ აქტუალობა შეიძინა. ამიტომ, შესაბამისი ინიციატივით, ამჯერად, რუსეთის ნაცვლად, ამერიკის ქართველთა სათვისტომო გამოვიდა.

ამერიკის ქართველთა ასოციაციის პრეზიდენტის, ნინო ჯაფარიძის თქმით, არ არსებობს მეტ-ნაკლებად ზუსტი ოფიციალური მონაცემი, თუ რამდენი ქართველია ამჟამად ამერიკის შეერთებულ შტატებში, არაოფიციალური მონაცემით კი, მათი რიცხვი, დაახლოებით, 80-დან 200 ათასამდე მერყეობს. თუ რას ნიშნავს თითოეული მათგანისთვის საქართველოს კონსტიტუციის დებულება, რომელიც კრძალავს ორმაგ მოქალაქეობას, ამის შესახებ ნინო ჯაფარიძე ამბობს: [ნინო ჯაფარიძის ხმა] “მე როგორც კი გავხდები ამერიკის მოქალაქე – ამერიკაში უკვე 12 წელიწადია ვცხოვრობ, საიდანაც 10 წელი გზა ხსნილი მაქვს, რომ გავხდე ამერიკის მოქალაქე – მე, პირადად, ეს ნაბიჯი ვერ გადავდგი და მე არა ვარ ერთადერთი. ვერ გადავდგი იმიტომ, რომ ამ ნაბიჯის გადადგმისთანავე მე ვეღარ ვიქნები, აღარ ვიქნები საქართველოს მოქალაქე”.

სახელმწიფოს, რომელიც ორმაგ მოქალაქეობას შემოიღებს, შეუძლია ორმხრივი ხელშეკრულებებით თავად დაარეგულიროს, რომელ ქვეყანასთან დადებს შესაბამის ხელშეკრულებას და რომელთან – არა. მეორე მხრივ, თუკი პრეცედენტი დაიშვება, ძნელი წარმოსადგენია, რომ საქართველომ შეძლოს უარი უთხრას იმ ქვეყნებს, რომლებიც თვითონაც მოითხოვენ ამგვარი ხელშეკრულების გაფორმებას. სხვა საქმეა, შეიცავს თუ არა ორმაგი მოქალაქეობა რაიმე საფრთხეს – ამ მიმართულებით საქართველოში მხოლოდ ახლა იწყება ფიქრი.

რაც შეეხება დადებით მხარეს, ნინო ჯაფარიძის თქმით, ორმაგი მოქალაქეობა სჭირდებათ არა მხოლოდ უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს, არამედ თავად საქართველოსაც: [ნინო ჯაფარიძის ხმა] “ვართ ამერიკის შეერთებულ შტატებში ერთ-ერთი ხმა, რომელსაც მოგვმართავენ ხშირად და აზრს გვეკითხებიან: რა მიმართულებით მიდის საქართველო, რა გესმით საქართველოდან, ამერიკელი ქართველები რას მოითხოვენ, როგორ თანამშრომლობა უნდა იყოს ამერიკას და საქართველოს შორის… საკმაოდ ხშირად გვაქვს შეხვედრები კონგრესში, უშიშროების საბჭოში და სხვა სამთავრობო სტრუქტურებში. ერთადერთი, რაც ამერიკის ქართველთა დიასპორას არა გვაქვს და რაც ჩვენს ხმას გახდის უფრო აქტიურს და უფრო სარწმუნოს, ის არის, რომ მე არ შემიძლია ხმა მივცე რომელიმე პოლიტიკოსს, იმიტომ, რომ არა ვარ ამერიკის მოქალაქე. მე მსურს, რომ ნებისმიერ ქართველს, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს, შეეძლოს მისვლა თავის სენატორთან და თავის კონგრესმენთან, რათა მათ არ დაავიწყოს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებული შტატებისთვის საქართველოსთან თანამშრომლობა”.

თბილისში ყოფნის რამდენიმე დღის განმავლობაში ნინო ჯაფარიძე თითქმის ყველა საპარლამენტო ფრაქციის წარმომადგენელს შეხვდა. შედეგი, წარსული განწყობილებების გათვალისწინებით, საკმაოდ მოულოდნელი აღმოჩნდა – პოლიტიკოსთა უმრავლესობას ორმაგი მოქალაქეობის შემოღებაზე მსჯელობა დასაშვებად მიაჩნია.
XS
SM
MD
LG