Accessibility links

logo-print

შეერთებული შტატების პრესა საქართველოსადმი ვაშინგტონის სამხედრო დახმარებაზე


უცხოეთის, განსაკუთრებით კი შეერთებული შტატების პრესა ფართოდ გამოეხმაურა ცნობას, რომ უახლოეს მომავალში ვაშინგტონი ინტენსიურ სამხედრო თანამშრომლობას დაიწყებს საქართველოსთან.

მოგეხსენებათ, ეს თანამშრომლობა, უფრო სწორად კი ამერიკელთა დახმარება, პანკისის ხეობაში ტერორისტული მოღვაწეობის აღმოფხვრას უკავშირდება. ჩვენ შევარჩიეთ 27 თებერვლის სამი საგაზეთო პუბლიკაცია, რომელთაც ახლა გაგაცნობთ.

“ვაშინგტონ პოსტში” გამოქვეყნებულ წერილში ვერნონ ლობი და პიტერ სლევინი აღნიშნავენ, რომ ვაშინგტონის გადაწყვეტილება ქართველი სამხედროების აღჭურვისა და გაწვრთნის შესახებ მოასწავებს ახალი ფრონტის გახსნას ტერორიზმის წინააღმდეგ ბუშის ადმინისტრაციის მიერ გაჩაღებულ ომში. გარდა ამისა, ეს ნაბიჯი ადასტურებს შეერთებული შტატების ხელისუფალთა რწმენას, რომ “ალ ყაიდის” ტერორისტულ ქსელთან დაკავშირებული არაბი მეომრები ჩეჩენი მეამბოხეების მხარდამხარ რუსეთის წინააღმდეგ იბრძვიან და თავშესაფრად ხშირ შემთხვევაში საქართველოს ტერიტორიასაც იყენებენ.

“ვაშინგტონ პოსტის” აზრით, ტერორიზმთან ბრძოლაში საქართველოს აქტიური ჩაბმით თეთრი სახლის ადმინისტრაცია კიდევ რამდენიმე მიზანს ისახავს. ჯერ ერთი, მას სურს, საშინაო სარბიელზე პოზიცია გაუმყაროს საქართველოს პრეზიდენტს ედუარდ შევარდნაძეს, და მეორეც: იგი ცდილობს, ხელი შეუწყოს სტაბილურობის დამკვიდრებას ქვეყანაში, რომლის ტერიტორია კასპიის ნავთობის ტრანზიტისთვის გამოიყენება. იქვე აღნიშნულია, რომ ნატოში გაწევრიანების მსურველი საქართველო 1991 წლიდან მოყოლებული ვაშინგტონის მოკავშირედ ითვლება.

გაზეთი იხსენებს, რომ არცთუ დიდი ხნის წინათ საქართველოში იმყოფებოდა შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროს 40-კაციანი დელეგაცია, რომლის ანგარიშის საფუძველზე პენტაგონი, საქართველოს მხარესთან შეთანხმებით, სამოქმედო გეგმას შეიმუშავებს.

ამ გეგმის დასაფინანსებლად, როგორც “ვაშინგტონ პოსტი” აღნიშნავს, ბუშის ადმინისტრაციას წყარო ჯერ არ გამოუნახავს, თუმცა საეჭვოა, ეს სერიოზული პრობლემა იყოს.

ეხებიან რა საქართველოში შეერთებული შტატების სამხედრო მისიაზე რუსეთის რეაქციის საკითხს, სტატიის ავტორები წერენ, რომ შეფასებები განსხვავებულია: თუ ერთნი შეშფოთებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ ვაშინგტონი კავკასიაში ფეხის მოკიდებას ცდილობს, მეორენი კმაყოფილებას არ მალავენ იმასთან დაკავშირებით, რომ შეერთებული შტატების მთავრობამ, როგორც იქნა, აღიარა ჩეჩნეთსა და საქართველოში საერთაშორისო ტერორისტულ ქსელთან დაახლოებული ელემენტების არსებობა.

საქართველოში შეერთებული შტატების მომავალი სამხედრო მისიის საკითხს ეხება ორი სხვა ავტორიტეტიანი გამოცემაც: “ნიუ იორკ ტაიმსი” და “უოლ სტრიტ ჯორნალი”. “ნიუ იორკ ტაიმსში” კონკრეტულად არის ნათქვამი, რომ ვაშინგტონი საქართველოში საგანგებო დანიშნულების ძალების 200-მდე მოსამსახურის გაგზავნას აპირებს. ამ საწვრთნელი მისიის მიზანია, ქართველ ჯარისკაცებს მათს ქვეყანაში მყოფ უცხოელ მეომრებთან გამკლავებაში დაეხმაროს. პენტაგონის წარმომადგენლები ხაზს უსვამენ, რომ ამერიკელ ჯარისკაცებს საბრძოლო ოპერაციებში უშუალო მონაწილეობის უფლება არ მიეცემათ, თუმცა მათზე თავდასხმის შემთხვევაში “მწვანე ბერეტებს” თავდაცვის მიზნით მოქმედებას, ცხადია, ვერავინ აუკრძალავს.

სტატიის ავტორს, ერიკ შმიტს, სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივნის რიჩარდ ბაუჩერის შემდეგი სიტყვები მოჰყავს: “საქართველოს ჩვენ უწინაც ვეხმარებოდით ანტიტერორისტული წვრთნის თვალსაზრისით, და ამ დახმარებას მომავალშიც განვაგრძობთ.”

ბაუჩერის სიტყვებს ადასტურებს პენტაგონის წარმომადგენელი ბრიაინ უიტმენიც, რომლის თქმით, ვაშინგტონი მზად არის, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმაროს საქართველოს, იქნება ეს წვრთნა თუ სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება.

წერილის დასასრულს “ნიუ იორკ ტაიმსის” კორესპონდენტს ისევ რიჩარდ ბაუჩერის სიტყვები მოჰყავს: “შექმნილი სიტუაციიდან საუკეთესო გამოსავალი შეერთებული შტატებისა და საქართველოს თანამშრომლობაა, რის შედეგადაც საქართველო უკეთ გააკონტროლებს თავის ტერიტორიას, თავის საზღვრებს.”

მესამე სტატია, რომელშიც საქართველოსა და შეერთებული შტატების სამხედრო თანამშრომლობაზეა საუბარი, “უოლ სტრიტ ჯორნალის” 27 თებერვლის ნომერში გამოქვეყნდა. წერილის ავტორი, ჩიპ კამინსი, პარალელს ავლებს საქართველოში ვაშინგტონის მომავალ სამხედრო მისიასა და ფილიპინებში უკვე დაწყებულ ანტიტერორისტულ ოპერაციას შორის. კამინსის თქმით, თბილისიცა და მანილაც კეთილგანწყობილი არიან შეერთებული შტატების მიმართ, ერთსაც და მეორესაც სერიოზულად აწუხებს ტერორიზმის პრობლემა, ერთმაც და მეორემაც დახმარებისთვის ვაშინგტონს მიმართა.

თუმცა, როგორც პენტაგონის მაღალი რანგის თანამშრომელმა “უოლ სტრიტ ჯორნალის” კორესპონდენტთან საუბარში ივარაუდა, ფილიპინებთან შედარებით, საქართველოში ვაშინგტონი ჯარისკაცების უფრო მცირერიცხოვან შენაერთს გაგზავნის. მოგახსენებთ, რომ ფილიპინებში ამჟამად შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების საგანგებო დანიშნულების რაზმების 600-ზე მეტი მოსამსახურე იმყოფება.
XS
SM
MD
LG