Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინ აგზავნიდა ციმბირის წყლულის სპორების შემცველ წერილებს ამერიკაში?


ანდრო ეული, პრაღა მას შემდეგ, რაც 11 სექტემბერს ტერორისტული თავდასხმები მოხდა შეერთებულ შტატებში, დღემდე დაუდგენელმა პირმა,

სულ მალე, ციმბირის წყლულის სპორების შემცველი წერილების გაგზავნა დაიწყო ცალკეული გაზეთების რედაქციებისა და ამერიკელი კონგრესმენების მისამართებზე. შედეგად, 5 ადამიანი, ვისაც ამ საბედისწერო წერილების გახსნა მოუხდა – დაიღუპა; ბევრი დაავადდა. 4 თვეზე მეტმა განვლო მას შემდეგ, მაგრამ ამ დანაშაულებრივ ქმედებასთან დაკავშირებით ჯერაც არავინ დაუპატიმრებიათ. ოფიციალური პირები ვაშინგტონში უარყოფენ გავრცელებულ ცნობას იმის შესახებ, თითქოს გამოძიებამ ამ ბოროტმოქმედებაში ეჭვმიტანილს მიაკვლია.

ამ თვის დასაწყისში, ცნობილმა მიკრობიოლოგმა ბარბარა ჰეჩ როზენბერგმა განაცხადა, რომ ციმბირის წყლულის გამომწვევი მიკრობების შემცველი წერილების გაგზავნასთან დაკავშირებულ საქმეს, რომელსაც გამოძიების ფედერალური ბიურო იკვლევს, მივყავართ ერთ ეჭვმიტანილთან, მაგრამ ხსენებული ბიურო თავს იკავებს ამ პირის დაპატიმრებისაგან, ვინაიდან შიშობს, ვაითუ ამ ადამიანმა ისეთი რამ გამოააშკარაოს შეერთებული შტატების მთავრობის შესახებ, რაც საიდუმლოებას წარმოადგენს ვაშინგტონისთვისო. როზენბერგმა დასძინა, რომ ამის შესახებ სამართალდამცავ უწყებათა ოფიციალური წარმომადგენლებისაგან შეიტყო, მაგრამ მათი ვინაობა არ დაუსახელებია.

ციმბირის წყლულის გახმაურებელი საქმე თითქოსდა დავიწყებას მიეცა ზამთარში, თუმცა კვლავ ამოტივტივდა ორშაბათს, როცა გაზეთი ”ვაშინგტონ ტაიმსი” ვრცელი სტატიით გამოეხმაურა ბარბარა ჰეჩ როზენბერგის გამონათქვამს. სტატიაში ნათქვამია, რომ ციმბირის წყლულის საქმეში ეჭვმიტანილი, ყოფილი თანამშრომელია ამერიკის სამხედრო დაწესებულებისა, სადაც მომაკვდინებელ ბაქტერიასთან დაკავშირებული კვლევითი სამუშაო მიმდინარეობს.

ორშაბათს გამოძიების ფედერალურმა ბიურომ უარყო როზენბერგის გამონათქვამი, აგრეთვე, გაზეთ ”ვაშინგტონ ტაიმსში” გამოქვეყნებული ინფორმაცია და განაცხადა, რომ ციმბირის წყლულის სპორების შემცველი წერილების გაგზავნასთან დაკავშირებით, ამჟამად 18-დან 20-მდე ადამიანის საქმეა ძიებაში. გამოძიების ფედერალურ ბიუროს თეთრმა სახლმაც აუბა მხარი. პრესკონფერენციაზე, ორშაბათს, პრეზიდენტ ბუშის პრესმდივანმა არი ფლაიშერმა განაცხადა, რომ ფედერალური ბიურო რამდენიმე ეჭვმიტანილის საქმეს იძიებს: [არი ფლაიშერის ხმა] ”ვისურვებდი, რომ ეს საქმე მარტივი და უბრალო ყოფილიყო, მაგრამ საუბედუროდ, კვლავაც რამდენიმე ეჭვიტანილთან გვაქვს ამჯერად საქმე. ისე არაა, თითქოს მხოლოდ ერთ ადამიანთან გვქონდეს საქმე. ასე რომ, გამოძიების ფედერალური ბიურო განაგრძობს ძალისხმევას”.

გასული წლის შემოდგომაზე, როცა საქმე ახალი დაწყებული იყო, გამოძიების ფედერალურმა ბიურომ დაასკვნა, რომ ბოროტმოქმედი, ვინც მომაკვდინებელი სპორების შემცველ წერილებს უგზავნიდა გაზეთების რედაქციებსა და ამერიკის კონგრესის წევრებს, არ უნდა ყოფილიყო დაკავშირებული იმ ტერორისტებთან, ნიუ იორკში, ვაშინგტონსა და პენსილვანიაში რომ განახორციელეს 11 სექტემბერს თავდასხმა. ფედერალური ბიუროს აგენტებმა, სპორების შემცველი კონვერტების შემოწმების შემდეგ დაასკვნეს ამასთანავე, რომ წერილების გამგზავნი უნდა ყოფილიყო ხანშიშესული, მარტოხელა მამაკაცი, რომელიც სამეცნიერო და ლაბორატორიულ სამუშაოებს ასრულებდა წლების მანძილზე. გამოძიების ფედერალურმა უწყებამ ისიც დაასკვნა, რომ ეს ადამიანი შეერთებულ შტატებში უნდა ყოფილიყო დაბადებული.

ამასობაში, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ სიუზენ კარმანიანმა ჩვენი რადიოსათვის მოცემულ ინტერვიუში შეშფოთება გამოთქვა როზენბერგის მტკიცების გამო, რომ გამოძიების ფედერალურ ბიუროს თითქოს ერთადერთი ეჭვმიტანილი ჰყავს ციმბირის წყლულის საქმესთან დაკავშირებით, მაგრამ არ სურს მისი ვინაობის გამჟღავნება. ”როცა ადამიანი განცხადებით გამოდის ინფორმაციის დამალვის შესახებ და ამაში მთავრობას ადანაშაულებს, დიდი სიფრთხილეა საჭირო. ვნახოთ როგორ დამთავრდება მიმდინარე გამოძიებაო” – განაცხადა სიუზენ კარმანიანმა.
XS
SM
MD
LG